skip to content
ახალი ამბები

ლომჯარია: საქართველო სუმბაევისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე რუსეთს არ უნდა დასთანხმდეს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 12 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ საქართველომ რუსეთში ექსტრადირებული იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წარდგენის შესახებ რუსეთის პროკურატურის შუამდგომლობაზე დადებითი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

„საქართველოს პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, იაროსლავ სუმბაევს ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯაა დადგენილი“, – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი ყურადღებას ექსტრადირების შესახებ ევროპული კონვენციის დარღვევაზეც მიუთითებს და ამბობს: „[პირი] ვერ გასამართლდებოდა წარსულში ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის, რომლისთვისაც ექსტრადირება არ მოთხოვნილა. კონვენციის მიხედვით, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც გადამცემი მხარე (ამ შემთხვევაში – საქართველო) გასცემს თანხმობას“.

ომბუდსმენი ასევე განმარტავს, რომ იმ დანაშაულისთვის, რომელზეც თანხმობა გაიცემა, „ექსტრადიციის შესახებ კონვენციის შესაბამისად შესაძლებელი უნდა იყოს ექსტრადიციის განხორციელება“. მისივე თქმით, იგივე კონვენცია კი მიუთითებს, რომ „ექსტრადიცია შეიძლება არ განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონკრეტული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული და ეს სახელმწიფო ვერ წარმოადგენს საკმარის გარანტიებს, რომ სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ იქნება მოყვანილი“.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას იაროსლავ სუმბაევისთვის ე.შ.-ს მკვლელობის ფაქტზე დამატებითი ბრალდების წარდგენის შუამდგომლობით მიმართა.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებებით, რუსეთის ფედერაციას სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.  თუმცა, იგი იქვე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევის სიხშირით რუსეთს 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაგებული საქმეების რაოდენობით პირველი ადგილი ეკავა.

აღნიშნულის გათვალისწინებით სახალხო დამცველი განმარტავს: „იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია სისტემატიურად არღვევს კონვენციურ ვალდებულებებს, სრულად ვერ გამოირიცხება სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული მორატორიუმის უგულვებელყოფის საფრთხე“.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს არ მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობაზე და არ გასცენ თანხმობა იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წაყენებაზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა არსებითად დაირღვეს იაროსლავ სუმბაევის უფლებები ქართული მხარის ხელშეწყობითა და მონაწილეობით“, – ხაზს უსვამს ომბუდსმენი.

იაროსლავ სუმბაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. მალევე რუსულმა მხარემ საქართველოსგან მისი ექსტრადირება მოითხოვა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო უწყება სუმბაევს კიბერდანაშაულსა და მკვლელობის საქმესთან კავშირს ედავება.

მიუხედავად მისი უფლებადამცველების მტკიცებისა, რომ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემის შემთხვევში, მას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრებოდა, მიმდინარე წლის მაისში საქალაქო სასამართლომ მისი ექსტრადირება დასაშვებად ცნო. გადაწყვეტილება ძალაში მომდევნო ინსტანციების სასამართლოებმაც დატოვეს.

საბოლოოდ, გასული წლის ოქტომებრში საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გაადწყვეტილებით, ქართულმა მხარემ რუსეთს სუმბაევი მაინც გადასცა.

„საქართველო არ არის პოტენციური დამნაშავეების თავშესაფარი, რომელი ქვეყნის მოქალაქეც (მათ შორის რუსეთის) უნდა იყოს ის. საქართველო თავშესაფარი შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც თავშესაფარი ნამდვილად ეკუთვნის, მაგრამ ვერ იქნება ოაზისი იმისათვის, რომ თავი დააღწიო საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას“, – თქვა მაშინ იუსტიციის მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button