ახალი ამბები

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტი დაასრულა

Tags

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელშიც ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია შედიოდნენ, 16-19 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა.

 შეხვედრები აშშ-ის კონგრესში

ვაშინგტონში ვიზიტის დროს, საქართველოს დელეგაცია შეხვდა აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს, რომელთანაც საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა, ასევე საქართველოში მიმდინარე რეფორმები და გამოწვევები განიხილა.

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ, 13 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას  წერილით მიმართეს, რომელშიც ამერიკელი კონგრესმენებმა „მზარდი შეშფოთება“ გამოთქვეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, უკუეგდო თავისი საკვანძო დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, ასევე – იმ ცნობების გამო, რომელიც „მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას“ ეხება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ კონგრესმენების წერილი საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას გამოხატავას, რასაც „ყველა ძალიან ვაფასებთ“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ვაშინგტონს „ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია“ მიეწოდება.

„რადიკალური ოპოზიციის მიერ, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების, დესტრუქციული ნაბიჯების და მიზანმიმართული მცდელობის საპასუხოდ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიურ რეჟიმში კომუნიკაციას და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მათთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრებზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხივნალის რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, ასევე ცხინვალის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმზე ვაჟა გაფრინდაშვილზე, რომელსაც დღეს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ახალგორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები ასევე შეხვდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს, ასევე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ალან პარცელს.

შეხვედრები აშშ-ში მოქმედ საერთაშორისო ორგანზიაციებთან

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვაშინგტონში შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტშიც (IRI) გამართა, რომელიც ახლახან ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის ობიექტად იქცა.

27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ საუბრისას, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტების, როგორიცაა NDI და IRI, რეიტინგებს საქართველოში ნდობა აღარ აქვთ.

აღნიშნული განცხადების პასუხად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა 6 დეკემბერს განცხადება გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ NDI და IRI საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ისე მუშაობენ, რომ ქართულ პოლიტიკაში არავის მხარეს არ იჭერენ. 

16 დეკემბერს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტთან დენიელ ტვინინგთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ განიხილეს ყველა საკითხი, რაც უკავშირდება IRI-სთან თანამშრომლობას, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

კობახიძის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების საკითხზე. მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო IRI-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის რენდი შონემანის მიერ ოპოზიციური პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „ლობირების“ საკითხსაც.

„ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, და შედეგი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატები არის „მთავარი სტრატეგიული პარტნიორი“ და რომ „IRI წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავარ ინსტიტუტს, რომელიც საქართველოში მუშაობს“.

„აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, რომ გავაგრძელოთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და, ბუნებრივია, შევთანხმდებით იმ პრინციპებზე, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ამ თანამშრომლობას“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასევე გამართა შეხვედრები ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდში (IFES), დემოკრატიის მხარდაჭერის ერვონულ ფონდში (NED) და აშშ-ის საეთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button