skip to content
ახალი ამბები

კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 7 თებერვალი, 2018. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს სტუმრობს, ამერიკელ კანონმდებლებთან კონტაქტების გაძლიერების მიზნით. 

ვიზიტი, რომელიც 5 თებერვალს დაიწყო და 10 თებერვალს დასრულდება, აშშ-საქართველოს ურთიერთობების „ძალიან მაღალი დინამიკის გაგრძელებას“ დაეხმარება, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

7 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს შეხვდა და მადლობა გადაუხადა მას აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პოლ რაიანმა ირაკლი კობახიძე “National Prayer Breakfast“-ზე მიიწვია, რომელიც 8 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება. ტრადიციულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოწვევით, ასზე მეტი ქვეყნის ლიდერები, თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე სასაუბროდ შეიკრიბებიან.

ვიზიტის ფარგლებში კობახიძემ ასევე გამართა შეხვედრა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან – კონგრესმენებთან ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე შეხვდა სენატორ როჯერ ვიკერს, კონგრესმენ სტივ სკალიზს და კონგრესმენ ჰაროლდ როჯერსს.

მსგავსი/Related

Back to top button