skip to content
ახალი ამბები

ომბუდსმენი კერზაიას საქმეზე: დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა

სახალხო დამცველის აპარატმა დღეს განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას, სავარაუდოდ პოლიტიკური ზეწოლის შედეგად გარდაცვლილი სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმეზე „დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა“.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია, გასული წლის 9 დეკემბერს ინსულტით გარდაიცვალა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომლიც 28 ნოემბერს გაიმართა, კერზაია ზეწოლაზე საუბრობდა და ამბობდა, რომ მას ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციას სთხოვდნენ, უარის შემდეგ კი, სკოლაში ინსპექტირების სამსახური შეუშვეს.

სკოლის დირექტორის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახი ამტკიცებდა, რომ კერზაიამ მასზე განხორციელებულ ზეწოლასა და წნეხს ვერ გაუძლო, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, მოგვიანებით კი, გარდაცვალება გამოიწვია.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება ბოლომდე არაიდენტიფიცირებული პირის, ვინმე ლავრენტი ქირიას წერილის საფუძველზე დაიწყო, რამაც კერზაიას ოჯახს გაუჩინა ეჭვი, რომ განათლების სამინისტრო დირექტორის წინააღმდეგ „სადამსჯელო“ ღონისძიებას ატარებდა.

სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, გამოძიების შედეგად, ლავრენტი ქირიას სახელის მქონე პირის, ან მის მიერ მითითებული მისამართის „რეალური არსებობა არ დადასტურდა“, გარდა ამისა, „პროკურატურამ ვერ გაარკვია, ვინ იყო ლავრენტი ქირიას ფსევდონიმს ამოფარებული პირი“ და იყო თუ არა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირება „დაგეგმილი სქემის ნაწილი“.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, პროკურატურამ გამოძიება „გაუმართლებელი დაგვიანებით“ დაიწყო, რამაც მისი „უშედეგოდ დასრულება“ განაპირობა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, კერზაიას საქმეზე გამოძიება 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო. ლავრენტი ქირიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერი კი, პროკურატურამ განათლების სამინისტროდან მხოლოდ 7 მარტს გამოითხოვა. ამ დროისთვის კადრები უკვე წაშლილი იყო, რადგან სამინისტროს სერვერები ვიდეოჩანაწერს მხოლოდ 29 დღით ინახავდა.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ქირიას ვიდეოკადრების მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ გამოძიება „დროულად“, 2018 წლი 26-27 ნოემბერს, კერზაიას მიერ მასზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლის შესახებ განცხადებისთანავე დაიწყებოდა.

„სრულიად აუხსნელია, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება 26-27 ნოემბერს, როდესაც ია კერზაიას საჯარო განცხადება უკვე იძლეოდა ამის საფუძველს“, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში და განმარტავენ, რომ სახალხო დამცველი „განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება“ კერზაიას საქმის განხილვას სტრასბურგის სასამართლოში, რომელსაც კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ სარჩელით რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

საქართველოს პროკურატურა კერზაიას საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) აწარმოებდა. 2019 წლის 19 აგვისტოს, პროკურატურამ გამოძიება საქმეში „დანაშაულის ნიშნების არარსებობის“ გამო შეწყვიტა.

კერზაიას საქმის დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button