skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა მუშაობა განაახლა

საქართველოს პარლამენტმა დღეს საღამოს 19:30 საათისათვის მუშაობა ბიუროს სხდომით განაახლა მას შემდეგ, რაც შსს-ს სპეცრაზმმა საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ბარიკადებისგან და იქ მყოფი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები 17 ნოემბრის საღამოდან საქართველოს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ და აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში არ შეუშვებდნენ, ვიდრე ქართული ოცნება არ დააკმაყოფილებდა მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.

პარლამენტის ბიუროს სხდომა ოპოზიციური ფრაქციების ლიდერების გარეშე ჩატარდა. სხდომის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიმართა.

მან წუხული გამოთქვა იმის გამო, რომ 14 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც 2020 წლისათვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმებულიყო და საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარებულიყო, საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

არჩილ თალაკვაძე 14 ნოემბრიდან შემგომ საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებსაც შეეხო. მან აღნიშნა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ მოქალაქეთა „ერთი ნაწილის“ უკმაყოფილება გამოიწვია და რომ მათი პროტესტის გამოხატვის უფლება „განუხრელად“ იყო დაცული.

„რაც სამწუხაროა, არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა და ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ინსტიტუტების ბლოკირების მიზნით ვითარდებოდა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ „ეს მნიშვნელოვნად სცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების ფარგლებს“.

პარლამენტის თავმჯდორემ განაცხადა, რომ 17 ნოემბერს საღამოს დაუკავშირდა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, სთხოვა, „დაბრუნებულიყვნენ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში“ და შესთავაზა, „დაებრუნებინათ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში“.

„სამწუხაროდ, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა პირდაპირ ეთერში ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ და ოპონენტები „დესტაბილიზაციის მცდელობაში“ დაადანაშაულა.

„ესენი არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ბოქლომი დაადეს მედიას, ბოქლომი დაადეს კერძო საკუთრებას, ბოქლომი დაადეს ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და ამ ყველაფერს ისინი თარგმნიდნენ და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია. ისინი დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე“, – თქვა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის სპიკერმა, რომელმაც ბიუროს სხდომაზე, სიმბოლურად, პარლამენტის ჭიშკრიდან აქციის შემდეგ ჩამოხსნილი ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა, განაცხადა, რომ ეს ნივთები გამოხატავს ოპოზიციის „მიდგომას, მათ ღირებულებებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ“.

„ეს [ბოქლომი და ჯაჭვი] ალბათ, მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მოქალაქეთა უფლებებს და სახელმწიფოს საკუთრებას, მედიას, ინსტიტუტებს და პარლამენტს ბოქლომს ვერ დაადებენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რასაც პარლამენტის ბიუროს წევრები ტაშით მიესალმნენ.

გამოსვლის დასასრულს, პარლამენის თავმჯდომარემ მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან მოქალაქეებს მისცა პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც კვლავაც შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება, „აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, კონკურენტულად და თავისუფალ გარემოში“.

თალაკვაძემ მოუწოდა ოპოზიციას, რომ საკითხების განხილვა მოხდეს „საპარლამენტო დებატების ფორმატში“ და შესთავაზა, რომ ეუთოს რეკომენდაციების ფარგლებში, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეებს და სხდომაზე მყოფ კოლეგებს იმისათვის, რომ „ინარჩუნებენ სიმშვიდეს“. „სახელმწიფოს არცერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ იქნება შეფერხებული და საკნონმდელო ორგანო გააგრძელებს თავის საქმიანობას“, – დასძინა მან.

პარლამენტის შენობასთან დღეს განვითარებულ მოვლენების დროს, პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის 18 დემონსტრანტი, მათ შორის, პოლიტიკური ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები დააკავა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, სამი პირი დაშავდა, მათ შორის, ერთი სამართალდამცველი.

დემონსტრანტთა ნაწილი, პროპორციული საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო აქციას ახლაც განაგრძობს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button