ახალი ამბები

გახარიამ და ერდოღანმა ანკარაში ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

Tags

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით 31 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს სტუმრობს.

თურქეთის პრეზიდენტთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მათ როლზე ისაუბრეს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს თურქეთთან „მჭიდრო, ძმური ურთიერთობები“ და „სტრატეგიული პარტნიორობა“ აქვს. „მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გადავიდეს ახალ, კიდევ უფრო ეფექტურ ეტაპზე“, – განაცხადა მან.

თავის გამოსვლაში, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და ვაფასებთ თურქეთის როლს შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ისევე როგორც უფრო ფართოდ, რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში“. მან მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის „მტკიცე მხარდაჭერისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში“ და აღნიშნა, რომ „რეგიონში ყველა კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს, რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის“.

გახარიამ განაცხადა, რომ თურქეთი დღეს საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა „ეს არ არის საკმარისი“. „ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლების განმავლობაში გავაორმაგოთ“, – თქვა მან.

2018 წელს თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2018 წელს 1.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტის მოცულობა 233.5 მლნ აშშ დოლარი (2017 წელს 216.7 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა1.5 მლრდ აშშ დოლარი (2017 წელს 1.4 მლრდ აშშ დოლარი) იყო.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა, რომ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 3 მილიარდ დოლარამდე გაზარდონ. ამისათვის, მისი თქმით, ანკარაში სულ მალე თურქეთი-საქართველოს შერეული ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც „ამ კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობას სთავაზობს“.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა „ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯია,“ რომელიც „წარმოადგენს ახალ საშუალებას სამი მეგობარი ქვეყნის დასაკავშირებლად“. მან იქვე დასძინა, რომ თურქეთის ურთიერთობები საქართველოსთან „უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე მილსადენები და რკინიგზებია“.

ერდოღანმა დასძინა, რომ „თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებში სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გარკვეულ პაუზას ჰქონდა ადგილი“, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრებს „დღეს დაევალათ, რომ უმოკლეს პერიოდში სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო მოიწვიონ“. „მჯერა, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შედეგს გამოიღებს, რომელიც არა მხოლოდ ორ ქვეყანას, არამედ მთელ რეგიონს მოუტანს სარგებელს“, – განაცხადა მან.

„განვაგრძობთ ძალისხმევას, რომ საქართველოს მხარდაჭერით შავ ზღვაზე, ჩვენს საერთო ზღვაზე, მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორი ქვეყნის „ისტორიული კავშირები“, ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც თურქეთს და საქართველოს აქვთ, ვინაიდან „ისინი მეზობლები არიან და საერთო ღირებულებები აქვთ“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 9 ოქტომბერს აზერბაიჯანს სტუმრობდა. 15 ოქტომბერს კი, იგი სომხეთს ეწვია. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, „როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, გახარია ბრიუსელს ეწვევა.

სევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button