ევროპამთავარი თემა

ორბანმა ბუდაპეშტსა და რამდენიმე დიდ ქალაქში არჩევნები წააგო

ლიბერალური-დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა მედროშე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მწარედ დამარცხდა ბუდაპეშტში, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატს, ამჟამინდელ მერთა-მერ იშტვან ტარლოშს (István Tarlós) გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გერგეი კარაჩონიმ (Gergely Karácsony) მოუგო.

13 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კარაჩონის ბუდაპეშტელი ამომრჩევლის 50,86% მიემხრო, იშტვან ტარლოში კი ხმათა 44,10%-ს დასჯერდა. ტარლოშმა, რომელიც 2010 წლის შემდეგ ბუდაპეშტის მერი გახლდათ, დამარცხება აღიარა და კარაჩონის გამარჯვება მიულოცა.

ბუდაპეშტში საარჩევნო უბანზე 704 073 ამომრჩეველი გამოცხადდა, რაც საერთო ამომრჩევლის 51,47%-ს შეადგენს.

გერგეი კარაჩონი ხმას აძლევს 13 ოქტომბრის არჩევნებში. ფოტო: Balogh Zoltán/MTI/MTVA

ოპოზიციური კანდიდატების წარმატების საწინდარი უნგრული ოპოზიციური პარტიების გაერთიანება გახდა. კარაჩონის კანდიდატურა მხარს უჭერდა სოციალისტური პარტია (MSZP), დემოკრატიული კოალიცია (DK), „მომენტუმი“, „პოლიტიკა სხვაგვარი შეიძლება იყოს“ (LMP), „დიალოგი უნგრეთისათვის“ (P) და უნგრეთის ლიბერალური პარტია (MLP). ულტრამემარჯვენე ნაციონალისტურ პარტია „იობიკს“ კანდიდატი არ დაუყენებია, რამაც  კარაჩონი სამთავრობო კანდიდატის უმთავრეს მოწინააღმდეგედ აქცია.

ოპოზიციამ მოიგო ბუდაპეშტის 23-დან 13 რაიონი და მოიპოვა უმრავლესობა ბუდაპეშტის გენერალურ ასამბლეაშიც.

არჩევნების შედეგების ვიზუალიზაცია Index.hu-ს მიერ. ნარინჯისფერით ნაჩვენებია მმართველი პარტია ფიდესის მოგებული ადგილები, ღია ლურჯი აჩვენებს ოპოზიციის მოგებულ ქალაქებს.

ამასთან, ოპოზიციამ გაიმარჯვა რეგიონული ცენტრის სტატუსის მქონე 23-დან 10 ქალაქში. ამათგან, შვიდ ქალაქში – ეგერი (Eger), მიშკოლცი (Miskolc), ერდი (Érd), ტატაბანია (Tatabánya), დუნაივაროში (Dunaújváros), პეჩი (Pécs) და სომბათჰეი (Szombathely) – ოპოზიციამ ფიდესის ამჟამინდელ მერებს აჯობა. ოპოზიცია აქამდე ისედაც აკონტროლებდა სამ ქალაქს – სეგედს (Szeged), სალგოტარიანსა (Salgótarján), და ჰოდმეზოვაშარჰეის (Hódmezővásárhely). რეგიონული ცენტრის სტატუსის მქონე 13 ქალაქს კვლავაც მმართველი პარტია „ფიდესი“ გააკონტროლებს.

ვინაა გერგეი კარაჩონი და რას გეგმავს იგი?

„ეს გამარჯვება მწვანე და თავისუფალი ბუდაპეშტის გამარჯვებაა“, მიმართა წინასწარი შედეგების გაგების შემდეგ კარაჩონიმ მომხრეებს.

კარაჩონი 44 წლის მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსია, რომელიც 2014 წლიდან ამ დრომდე ბუდაპეშტის მე-14 რაიონის მერად მსახურობდა. 2009 წელს კარაჩონი მწვანე მიმართულების პარტიის „პოლიტიკა სხვაგვარი შეიძლება იყოს“ (LMP) წევრი გახდა. 2014 წელს იგი თავის გუნდთან – „დიალოგი უნგრეთისათვის“ – ერთად LMP-ს გამოეყო და ცალკე პარტია დააარსა.

გამარჯვების შემდეგ კარაჩონიმ დაასახელა რამდენიმე საკითხი, რომელზედაც მუშაობას აპირებს. მისი თქმით, იგი ბუდაპეშტელებს მწვანე პროგრამას, სოციალურ პრობლემების მოგვარებას და ე.წ. „მონობის კანონის“ ბუდაპეშტში შეზღუდვას ჰპირდება. კარაჩონიმ თქვა, რომ ახალი გუნდი სამუშაოს მაძიებლებსაც დაეხმარება, ასევე, იმუშავებს იმისათვის, რომ 7 წლამდე ბავშვებმა ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრონ.

კარაჩონი, რომელიც პრო-ევროპელ პოლიტიკოსად წარმოადგენს თავს, არც პრო-ევრუპული გზავნილების გახმოვანება დავიწყებია. „ბუდაპეშტს მე-20 საუკუნიდან 21-ე საუკუნეში დავაბრუნებთო“, თქვა მან და დაამატა, „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალაქი დავუბრუნოთ თავის ისტორიულ ადგილს, ევროპასო“.

ბუდაპეშტსა და ზოგადად უნგრეთში, ბევრი ფიქრობდა, რომ თუ ბუდაპეშტი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აირჩევდა, მთავრობა ჯიბრში ჩაუდგებოდა დედაქალაქის ოპოზიციურ მმართველებს. ახლადარჩეულმა მერთა-მერი კარაჩონი ამ ამბავზე ოპტიმისტურადაა განწყობილი. კარაჩონიმ თქვა, რომ ფიდესს ბუდაპეშტელების კიდევ უფრო გადაკიდება არ აწყობს.

ორბანისა და მმართველი პარტიის გამოხმაურება

„ბუდაპეშტმა მერთა-მერი დაკარგა, თუმცა მე არაჩვეულებრივი მრჩეველი შევიძინეო“, განაცხადა ორბანმა კვირა ღამეს არჩევნების შედეგების გაგების შემდეგ.

(უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ქალაქ შოპრონში. 19 აგვისტო, 2019. ფოტო: Attila KISBENEDEK / AFP via Politico)

ორბანმა მადლობა გადაუხადა ტარლოშს და თქვა, რომ „ბოლო 9 წელიწადში სწორედ მან იხსნა გაკოტრებული დედაქალაქი“. უნგრეთის პოპულისტმა პრემიერმა დაამატა,  კვირას „მხოლოდ ბუდაპეშტის არჩევნები არ ყოფილა, ნება მომეცით, ყველა ამომრჩეველს მადლობა გადავუხადო და ყველა გამარჯვებულს მივულოცო“-ო.

ორბანმა თქვა, რომ მისი პარტია ფიდესი კვლავაც ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ძალად რჩება. ორბანმა ხაზი გაუსვა იმ ამბავსაც, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბით, ხმათა ნახევარზე მეტი სწორედ მისმა გუნდმა მიიღო. პრემიერს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ რეგიონული ცენტრის სტატუსის მქონე 23 ქალაქიდან 13-ში გამარჯვება რომ ფიდესის კანდიდატებმა მოიპოვეს.

თუმცა, მმართველი პარტიის მთავარ დასაყრდენად უნგრეთში მაინც არაურბანული დასახლებები რჩება. ამიტომაც იყო ორბანმა რომ დააყოლა გუშინ, „ჩვენ შეგვიძლია სასოფლო დასახლებების იმედი გვქონდეს, სასოფლო დასახლებებს კი ჩვენი [ფიდესის] იმედი უნდა ჰქონდესო“.

შეჯამების მაგიერ

ვიქტორ ორბანისა და მისი პარტია ფიდესისათვის კვირის არჩევნები ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მწარე დამარცხების არჩევნები იყო. 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც ფიდესი ხელმეორედ დაბრუნდა ხელისუფლებაში და ძალაუფლება სკანდალებით გამორჩეულ სოციალისტებს (Magyar Szocialista Párt, MSZP) ჩამოართვა, ორბანის პარტიას მსგავსი მნიშვნელობის თანამდებობები არ დაუთმია.

მაშინ ფიდესმა ვიქტორ ორბანის მეთაურობით ხმათა მხოლოდ 53% მოიპოვა, თუმცა მაჟორიტარული სისტემის წყალობით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. მას შემდეგ ფიდესმა კონსტიტუცია შეცვალა და საკუთარ თავს მოარგო, მედია, განსაკუთრებით რეგიონებში, დიდწილად ხელისუფლებას დაუქვემდებარა და სასამართლოებზე კონტროლიც მოიპოვა. ამდენად, ვიქტორ ორბანის პარტია აკონტროლებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ხელისუფლების ყველა შტოს, მედიას, სახელმწიფო აუდიტორის ოფისს, საგამოძიებო სტრუქტურებს და ა.შ.

2018 წლის პოლიტიკურად ცხელი ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულმა უნგრულმა ოპოზიციამ ერთიანი ფრონტი გაუმართა ხელისუფლებას. მაშინ უნგრელთა ნაწილის უკმაყოფილება ადმინისტრაციული სასამართლოების სისტემის შექმნამ, ე.წ. „მონობის კანონის“ მიღებამ და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) ბუდაპეშტიდან ვენაში გადასვლამ გამოიწვია, რასაც ოპოზიციის ურთიერთშეკავშირება მოჰყვა.

მართალია ბუდაპეშტი ტრადიციულად ლიბერალური ქალაქია, სადაც არალიბერალური-დემოკრატიის ორბანისეული გაელვებები დიდად გულზე არ ეხატებოდათ, თუმცა აქამდე მმართველი პარტია უნგრეთის დედაქალაქში ერთმანეთზე წაკიდებული ოპოზიციის წყალობით აღწევდა წარმატებებს.

ამჯერად, ვარშავისა და სტამბოლის დარად, ბუდაპეშტმაც ზურგი აქცია არალიბერალური ლიდერის კანდიდატს და მერად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აირჩია. თუმცა, თურქეთისა და პოლონეთის მსგავსად, მმართველი პარტია კვლავაც უმთავრეს ძალად რჩება ქვეყნის არაურბანულ ნაწილსა და მცირე ქალაქებში.

წაიკითხეთ ასევე:

სტატიის წერისას საკუთარ თავს, Index.hu-ს, 444.hu-ს, Politico-სა და Bloomberg-ს დავეყრდენით.

მსგავსი/Related

Back to top button