ახალი ამბები

საქართველოს და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეები ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც 8-10 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს სტუმრობს, გუშინ თავის კოლეგას ივან ბრაიოვიჩს შეხვდა, სადაც მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრაიოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მონტენეგროს, თქვენს ქვეყანას, თქვენ, როგორც პოლიტიკურ სისტემას და თქვენს საზოგადოებას, მოქალაქეებს, შესანიშნავი მიღწევები გაქვთ… ამის ნათელი მაგალითი კი, მონტენეგროს ნატოს სრულუფლებიან წევრად მიღებაა“, – განაცხადა თალაკვაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან აღნიშნა, რომ საქართველო „ნატოში გაწევრიანებისთვის სტრატეგიულ მზადყოფნაში იმყოფება“ და რომ მონტენეგროს მაგალითი „ასპირანტი ქვეყნებისთვის ახალ და ძლიერ სტიმულს წარმოადგენს“.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანა, მისი საზოგადოებები, მოქალაქეები და პოლიტიკური ოპოზიცია მზად არის გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია.  „დარწმუნებული ვარ, რომ მონტენეგრო და მისი ხელისუფლება სწორი გზით მართავენ ქვეყანას“, – დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თალაკვაძის თქმით, საქართველოსა და მონტენეგროს „საერთო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, დამოუკიდებლობის, თავისუფლების, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის საერთო ღირებულებები აქვთ“. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ულოცავს მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებას და „ძლიერ მხარდაჭერას“ უცხადებს მის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივას.

თავის მხრივ, ივან ბრაიოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოსა და მონტენეგროს მეგობრული ურთიერთობები აქვთ და რომ ორივე მხარეს საერთო ევროპული ღირებულებები, ასევე ევროკავშირში საკუთარი მომავლის ერთნაირი ხედვა აქვთ.

„მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, და როგორც ნატოს წევრი, მისი ღია კარის პოლიტიკის მეშვეობით, კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – განაცხადა მან.

მონტენეგროში ვიზიტის ფარგლებში, არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩსაც შეხვდება. იგი სამხრეთ მონტენეგროში ზღვისპირა ქალაქ ბარში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნასაც დაესწრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button