skip to content
ახალი ამბები

ლავროვი: ზალკალიანთან შეხვედრა მისივე თხოვნით გაიმართა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა წინა დღეს ქართველ კოლეგასთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის შესახებ და განაცხადა, რომ შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თხოვნით გაიმართა და რომ ქართველი მინისტრი რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხით ინტერესდებოდა.

„26 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დ.ზალკალიანთან შედგა შეხვედრა, რომელსაც ის თავად ითხოვდა. მე შემდეგ წავიკითხე მისი კომენტარები, რომლებსაც, ჩემი აზრით, მან იმაზე მეტი დრო მოანდომა, ვიდრე თავად შეხვედრას“, – განაცხადა ლავროვმა.

„სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ის [ზალკალიანი] ინტერესდებოდა, როდის იქნებოდა შესაძლებელი ავიამიმოსვლის აღდგენა. მე მას განვუმარტე, რომ ჩვენ არასდროს ვეძებდით ხელოვნურ საბაბებს საქართველოსთან ჩხუბისათვის. თუ საქართველოს ხელმძღვანელობა შეძლებს პასუხისმგებლიანად წასწიოს წინ თავისი პოზიცია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის სასარგებლოდ და თუ არ მიაქცევს ყურადღებას რუსოფობეს, რომელთა დარაზმვასაც თბილისის რეჟიმთან საბრძოლველად, ჩემი აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ახლა კვლავ ცდილობს, მაშინ, ალბათ, მე პირადად საჰაერო მიმოსვლას აღვადგენდი“, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„კომენტარები, რომლებსაც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით თავად ქართველები აკეთებენ, ჩემს ღიმილსა და გაკვირვებას იწვევს“, – დასძინა ლავროვმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. მას შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა პირველი შეხვედრა 26 სექტემბერს გამართეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 26 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა „შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა“.

თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, ევროკავშირი, გაერო, ეუთო და აშშ ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრას მიესალმნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button