skip to content
ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა „ლელოს“ 12 წევრი წარადგინა

თიბისი ბანკისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებმა, ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 19 სექტემბერს ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის – „ლელოს“ 12 წევრი წარადგინეს.

მოძრაობის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ლელოს“ სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა განცხადა, რომ 12 ახალი წევრი სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების ადამიანები არიან, რომლებიც „ლელოში“ იმისთვის ერთიანდებიან, რათა ქვეყანა ისეთ წარმატებულ სახელმწიფო იქცეს, „რომლის მთავარი ღირებულება იქნება ადამიანის ღირსების აღიარება და დაცვა“ იქნება.

ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას შემდეგი წევრები შეუერთდნენ:

  • ლანა გალდავა – იუსრისტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  • ლევან ბოძაშვილი – უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე;
  • თეონა დოლენჯაშვილი – მწერალი, სამოქალაქო აქტივისტი, პროფესიით ჟურნალისტი;
  • კახა კოჟორიძე – იურისტი, ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით;
  • მედეა მეტრეველი – ფილოლოგი;
  • გია გუგუშვილი – მხატვარი, სამხატვრო აკადემიის რექტორი;
  • საბა ბუაძე – იურისტი, კორუფციის და საჯარო მმართველობის მკვლევარი;
  • გიგლა მიქაუტაძე – ეკონომისტი;
  • ელენე მელიქიშვილი – საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
  • ქეთი ენუქიძე – ფილოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის დამფუძნებელი“;
  • გია მორდეხაშვილი – ბიზნესმენი;
  • დავით გელაშვილი – ეკონომისტი.

მოძრაობის ახალი წევრები საზოგადოებას მამუკა ხაზარაძემ წარუდგინა და თქვა, რომ ეს პროცესი სისტემატურ ხასიათს მიიღებს და საზოგადოებას ახალი წევრების შესახებ განახლებული ინფორმაცია მუდმივად ექნება. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროცესს პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ აქვს და მისი დაფუძნება ცალკე იქნება.

„პოლიტიკური პარტიის ლიდერები იქნებიან არჩეული პრაიმერის პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობასთან ერთად, თქვენთან ერთად წარვადგენთ იმ ლიდერებს და ავარჩევთ იმ ლიდერებს რომლებიც ქვეყანას გამოიყვანს დამარცხებიდან გამარჯვების მიმართულებით. ამაზე ცალკე ვისაუბრებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და იქვე მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობა დადო.

თიბისი ბანკისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს ანაკლიაში გამართეს და მთავარ პრიორიტეტად გუნდურობა, მიზნების მიღწევა, სიყვარული და საქართველოს გამარჯვება დაასახელეს.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ 2019 წლის 7 ივლისს განაცხადა. მის განცხადებას წინ უძღოდა 20 ივნისს თბილისში გამართული მასშტაბური ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია, რომლის ძალისმიერი მეთოდებით დაშლასაც ასობით ადამიანის დაშავება, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა და მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოჰყვა.

თიბისი ბანკისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button