ახალი ამბები

პატიმრის შეწყალების გამო პრეზიდენტს მეორეჯერ აკრიტიკებენ

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, მის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის გამო, მმართველი გუნდი და ოპოზცია უკვე მეორედ აკრიტიკებს.

16 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტმა, 28 აგვისტოს, 18 წლის დავით ოთხმეზურის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. მკვლელობა 2004 წელს მოხდა, თუმცა ბეჟანიძე მხოლოდ 12 წლის შემდეგ,  2016 წლის მარტში დააკავეს

2018 წლის 29 მარტს, უზენაესმა სასამართლომ ბეჟანიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა 2012 წლის ამნისტიის საფუძველზე, მას, საბოლოო სასჯელის სახით, 6 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ბეჟანიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით წელიწადნახევარი გაატარა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, ოთხმეზურის მკვლელის შეწყალებასთან დაკავშირებით „არასწორი გადაწყვეტილებაა მიღებული“. თუმცა, მისივე თქმით, ვიდრე შეწყალების საკითხი არ დარეგულირდება და გარკვეული პრინციპები არ ჩამოყალიბდება, „შეცდომებისგან, გადაცდომებისგან და არასწორი გადაწყვეტილებებისგან დაზღვეული არავინ არის“.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. იგი ამბობს, რომ „გაზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება მისაღები არ არის“.

განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებისთვის სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციამაც გააკრიტიკა. ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, „საქართველოს პრეზიდენტი საჭიროდ არ მიიჩნევს, საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილებები განუმარტოს და მკვლელებს [ისე] იწყალებს “. 

„ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი რეალურად საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობს ჩემთვის უცნობი და გაურკვეველი პირების მიერ მიცემული რჩევებით და არა მართლმსაჯულების ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მან.

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა უნდა განმარტოს, თუ „ვინ ურჩია” ამ გადაწყვეტილების მიღება.

ლევან გოგიჩაიშვილი – მმართველი გუნდის კიდევ ერთი ყოფილი წევრი და ამჟამად, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს შეწყალების კომისიის მუშაობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ გვაინტერესებს, უბრალოდ რატომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. უნდა მოიყვანონ და შეეკითხონ, ასეთი გადაწყვეტილების დროს რითი ხელმძღვანელობენ. აქ ყველაზე მძიმე ამბავი არის, რაღაც კორუფციასთან ხომ არ გვაქვს საქმე“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ორი კვირის წინ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების გამო გააკრიტიკა.

საქართველოს პრეზიდენტი კრიტიკის პირველ ტალღას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შეწყალების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კონკრეტული დეტალების, გარემოებების და მოტივაციის საჯარო განხილვა ვერ მოხდება”. საკითხისადმი საზოგადოებაში არსებული „დიდი ვნებათაღელვის” გამო, პრეზიდენტი შეწყალების უფლების გამოყენების დახვეწის ინიციატივით გამოვიდა.

ოთხმეზურის მკვლელის შეწყალების გამო კრიტიკისთვის პრეზიდენტს ამ დრომდე არ უპასუხია.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button