ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარემ ამნისტიის აქტს ხელი მოაწერა



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელს აწერს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, 12 იანვარი. ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 12 იანვარს ხელი მოაწერა ამნისტიის აქტს, რომლითაც 3 000-მდე პატიმარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ხოლო ათასობით ადამიანს სასჯელის ვადა შეუმსუბუქდება.

უსუფაშვილმა პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მეორედ დაამტკიცა 28 დეკემბერს, გადალახა რა „საქართველოს ისტორიაში პირველად“ პრეზიდენტის ვეტო.

11 იანვარი იყო ის ბოლო ვადა, როცა პრეზიდენტს შეეძლო მის მიერ ვეტო დადებული კანონპროეტისთვის მოეწერა ხელი, მაგრამ, უსუფაშვილის თქმით, „პრეზიდენტმა არ ისურვა ამის გაკეთება“ და „მაინც გადაწყვიტა კიდევ ორი კვირა გაურკვევლობაში ემყოფებინა ეს ხალხი“. ამის შემდეგ კი უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს გადაეცა კანონპროექტის ხელმოწერის უფლება. 

190 პატიმარი, რომლებიც პარლამენტმა 5 დეკემბერს მიღებული დადგენილებით პოლიტიკურ პატიმრებად აღიარა, დაუყოვნებლივ დატოვებენ საპატიმროებს. მათი გათავისუფლება 13 იანვარს დილიდან დაიწყება მას შემდეგ, რაც კანონის „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების შემდეგ ის 12 იანვარს 00:00 საათიდან შევა ძალაში.    

დოკუმენტი ამნისტიის რამდენიმე ფორმას ითვალისწინებს, მათ შორის პატიმტობიდან სრულ გათავისუფლებას, რაც 3 000-მდე პირზე, უმეტესად ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებზე, გავრცელდება; ასევე სასჯელის განახევრებას, ერთი მესამედით ან ერთი მეოთხედით შემსუბუქებას. ამასთან, სასჯელის ერთი მეოთხედით დაკლება შეეხება ყველა იმ პატიმარს, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებსაც, რომლებზეც ამნისტიის აქტის კონკრეტული მუხლები არ ვრცელდება.

„მე მესმის, რომ ამ კანონპროექტმა ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში. ეს შეუძლებელიც იყო [სხვაგვარად], ვინაიდან კანონი ეხება ძალიან მნიშვნელოვან ძალიან სათუთ სფეროს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა კანონპროეტის ხელმოწერის წინ.

მან ასევე აღიარა, რომ ამნისტიის მომზადების პროცესი „არ იყო უხარვეზო“, მაგრამ „ეს ხარვეზები ახლოსაც ვერ მივა იმ პრობლემებთან, რაც ხდებოდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში წლების განმავლობაში და რაც ხდებოდა საქარველოს სასჯელაღსრულების სისტემაში წლების განმავლობაში“.

„ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, პარლამენტმა შევასრულეთ ჩვენი დაპირება და ვთქვით, რომ ამ ყველაფერს ბოლო მოეღებოდა. ამან განაპირობა ასეთი მასშტაბური ამნისტია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

„მე მინდა მივმართო ყველას, ვისაც შეეხება ეს კანონი, რომ მათ სწორი დასკვნები გამოიტანონ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ახალი მთავრობის გადაწყვეტილებიდან და სწორი დასკვნა იქნება ის, რომ მათ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათთვის ადვილი იყოს რესოციალიზაცია“. 

„მე მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ ქვეყანაში დანაშაულთან ბრძოლისთვის, რომ ასევე განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყრონ ამ საკითხს და ყველამ ერთად დახმარების ხელი გავუწოდოთ საპატიმრო ადგილებიდან გათავისუფლებულ ადამიანებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ 190 პოლიტპატიმრის საკითხზე საგანგებოდ შეაჩერა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი „არსებობა არის ყველაზე მკაფიო დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოში წლების განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ ადამიანები“.

„საქართველოში აღარასოდეს აღარ უნდა გახდეს საჭირო ამგვარი აქტის გამოცემა, საქართველოში აღარასოდეს არავინ აღარ უნდა იდევნებოდეს პოლიტიკური ნიშნის მიხედვით და აღარ იქნება საჭირო ამგვარი ამნისტიები. ამისთვის ახალმა მთავრობამ, ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და საზოგადოება, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა იყვნენ გაცილებით უფრო ფხიზელნი, გაცილებით უფრო უკომპრომისო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ვიდრე ეს იყო წინა ხელისუფლების პირობებში, რომელმაც სწორედ ამ წნეხის არ არსებობის გამო, ამ მონიტორინგის არარსებობის გამო მიიღო ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღო და ასობით ადამიანი პოლიტიკური ნიშნით გამოკეტა საპატიმრო ადგილებში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა ამნისტიის აქტს, პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და კიდევ ერთხელ დაგმო ეს დოკუმენტი, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება.

პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად აღიარებულ 190 ადამიანს შორის არიან ისინიც, რომლებიც წინა მთავრობამ დახურულ სასამართლო პროცესებზე დამნაშავეებად ცნო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.

პრესკონფერენციაზე საუბრისას დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ "ჯაშუშების" გამოშვება არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის პასუხისმგებლობა, რომელთაც „უპირობო კაპიტულაცია გამოცხადეს რუსეთის სპეცსამსახურების წინაშე“.

„ფსევდო-ჰუმანურ მოსაზრებებს ამოფარებული საქართველოს სახელმწიფო დღეს დგამს უპრეცედენტოდ სახიფათო ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ“, – განაცხადა გაბაშვილმა და აღნიშნა, რომ ერთ დღესაც მოქმედ მთავრობას მოუწევს პასუხი აგოს ამ გადაწყვეტილების გამო.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 იანვარს ასევე განაცხადა, რომ ამნისტიის კანონის ამოქმედებით ივანიშვილის მთავრობა „იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რომელიც მოყვება ძალიან ბევრი კრიმინალის“ და „რუსეთის ჯაშუშების“ გამოშვებას.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პირადად ის და ახალი ხელისუფლება „ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ აქტის გამოცემაზე“.

„გვჯერა, რომ ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდება ყველა ის პიროვნება, პირველ რიგში საპატიმრო ადგილებიდან გათავისუფლებული ჩვენი თანამოქალაქეები, და ეს აქტი იქნება საზოგადოების გამთლიანების და მეტი თავისუფლების აქტი და არა რაიმე სხვა პრობლემების მომტანი აქტი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო დაწესებულება მზადაა იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს კანონის აღსრულება.

კანონის ძალაში შესვლიდან მაქსიმუმ ორ თვეში უნდა აღსრულდეს. 

კანონის აღსრულებისთვის შემდეგი მექანიზმებია გათვალისწინებული: გამოძიების სტადიაზე ამნისტიის გამოყენების გადაწყვეტილებას ბრალდებულების მიმართ იღებს პროკურორი; საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე – სასამართლო; ხოლო დასრულებულ სამართალწარმოების საქმეზე თავდაპირველი განაჩენის გამომტანი საქალაქო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, მას შემდეგ, რაც  კანონის ამოქმედებიდან ორი კვირის ვადაში მას შესაბამისი თხოვნით მიმართავს უფლებამოსილი ორგანო (სასჯელაღსრულების სამინისტრო, მთავარი პროკურატურა ან სამხედრო ნაწილი).
 
პოლიტპატიმრების ამნისტიას იუსტიციის სამინისტრო და სასჯელაღსრულების სამინისტრო კანონის ამოქმედებიდან დაუყოვნებლივ აღასრულებენ, ხოლო პოლიტიკური ნიშნით დევნილთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ან დანიშნული სასჯელის გაუქმების გადაწყვეტილებას ასევე დაჩქარებულ რეჟიმში სასამართლო მიიღებს.

ამნისტიის კანონის თანახმად, ყველას, ვის მიმართაც გამოყენებული იქნება ეს აქტი, უფლება ექნება ისარგებლოს მისი საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

იმ პირებს, რომელთა მიმართაც სასჯელთა შეკრებითობის წესი იქნა გამოყენებული, ამნისტია შეეხება თითოეულ მუხლისთვის ცალკ-ცალკე. 

ამასთან, სასჯელისგან გათავისუფლება და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად გავრცელდება როგორც დანიშნულ რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე, თუმცა ამნისტია არ გავრცელდება სასჯელის სახით დაკისრებულ ჯარიმაზე ან ქონების ჩამორთმევაზე.

                 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button