ევროპამთავარი თემა

ურსულა ფონ დერ ლაიენის „უცნაური“ ევროკომისია

Tags

გერმანიის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობისათვის გახაზირებულმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორიოდე კვირის წინ ევროკომისიის შემადგენლობა დაასახელა. ევროკომისიის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა გენდერულად ფრიად დაბალანსებული, თუმცა პოლიტიკურად წინააღმდეგობრივი კაბინეტი წარუდგინა საზოგადოებას.

ევროკომისია ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია, რომელიც აღმასრულებელი ორგანოა, თუმცა ამავე დროს წინადადებებისა და საკანონმდებლო პაკეტების შემუშავების უფლებაც აქვს. იგი კოორდინაციას უწევს ევროკავშირის პოლიტიკას.

ევროკომისია შედგება იმდენივე წევრისაგან, რამდენი ქვეყანაც არის ევროკავშირში. ფონ დერ ლაიენის კომისიაში თავად პრეზიდენტის გარდა, შესაბამისად იქნება 25 დარგობრივი კომისარი, პლუს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი (ამ როლს ესპანელი ხოსეპ ბორელი შეასრულებს).

კანდიდატები, რომლებიც ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ასე გამოიყურებიან:

  • ავსტრია – იოჰანეს ჰანი (Johannes Hahn)
  • ბელგია –  დიდიე რეინდერსი (Didier Reynders)
  • ბულგარეთი – მარია გაბრიელი (Mariya Gabriel)
  • დანია – მარგერეიდე ვესტეია   (Margrethe Vestager)
  • ესპანეთი – ხოსეპ ბორელი (Josep Borell)
  • ესტონეთი – კადრი სიმსონი (Kadri Simson)
  • ირლანდია –  ფილ ჰოგანი (Phil Hogan)
  • იტალია – პაოლო ჯენტილონი (Paolo Gentiloni)
  • კვიპროსი –  სტელა კირიაკიდესი (Stella Kyriakides)
  • ლიეტუვა – ვირგინიუს სინკევიჩიუსი (Virginijus Sinkevičius)
  • ლატვია – ვალდის დომბროვსკისი (Valdis Dombrovskis)
  • ლუქსემბურგი –   ნიკოლას შმიტი (Nicolas Schmit)
  • მალტა  – ჰელენა დალი (Helena Dalli)
  • ნიდერლანდი – ფრანს ტიმერმანსი (Frans Timmermans)
  • პოლონეთი –  იანუშ ვოიციეხოვსკი (Janusz Wojciechowski)
  • პორტუგალია –  ელისა ფერეირა (Elisa Ferreira)
  • რუმინეთი – როვანა პლუმბი (Rovana Plumb)
  • საბერძნეთი – მარგარიტის სხინასი (Margaritis Schinas)
  • საფრანგეთი – სილვი გულარი (Sylvie Goulard)
  • სლოვაკეთი – მაროშ შეფჩოვიჩი (Maroš Šefčovič)
  • სლოვენია –   იანეს ლენარჩიჩი (Janez Lenarčič)
  • უნგრეთი – ლასლო ტროჩანი (László Trócsányi)
  • ფინეთი – იუტა ურპლაინენი (Jutta Urpilainen)
  • შვედეთი – ილვა იოჰანსონი (Ylva Johansson)
  • ჩეხეთი – ვერა იუროვა (Věra Jourová)
  • ხორვატია – დუბრავკა შუიცა (Dubravka Šuica)

კომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტები

კომისიიდან სამი კომისარი ამავდროულად ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტიც იქნება. ამათგან, პირველი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჰოლანდიელი სოციალისტი, 58 წლის ფრანს ტიმერმანსია, რომელიც კლიმატის საკითხებს მიხედავს. არ დაგვავიწყდეს, რომ ტიმერმანსი თავადაც ცდილობდა გაპრეზიდენტებას, თუმცა ამაოდ. მას გზა ამოუქოლეს ცენტრალურ-ევროპელმა მემარჯვენეებმა, რომელთაც ბევრჯერ მოხვდათ გულზე ტიმერმანსის კრიტიკა კანონის უზენაესობის უგულველყოფის გამო. ახალ პოზიციაზე ტიმერმანსს ევროპის „კლიმატურად ნეიტრალურ“ კონტინენტად გადაქცევაზე მოუწევს გარჯა.

კიდევ ერთი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დანიელი ლიბერალი მარგერეიდე ვესტეიაა (გამოითქმის, როგორც ვესტეია და არა როგორც ვესტაგერი), რომელმაც არცთუ შორეულ წარსულში Apple-სა და Google-ს უზარმაზარი ჯარიმები დააკისრა. ვესტეიას კვლავაც ევროკომისიის კონკურენციის პოლიტიკის გაძღოლა და ციფრულ ეპოქაში ევროპის გაძლიერების ამოცანის ამოხსნა მოუწევს.

ევროკომისარი მარგერეიდე ვესტეია. ფოტო: ევროკომისია.

ვესტეიას მტკიცე ხელი ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს რომ მოხვდა, ამიტომაც იყო, ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა რომ თქვა, ამ ქალს „ამერიკა სძულსო“. მეტიც, ტრამპმა „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში სავარაუდოდ სწორედ ვესტეიას გაჰკრა კბილი, როცა თქვა, „სავარაუდოდ ყველაზე ცუდი ადამიანია, ვინც კი მინახავსო“.

კიდევ ერთი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი 48 წლის ვალდის დომბროვსკისია, ლატვიელი პოლიტიკოსი. იგი ჩაიბარებს პორტფელს სახელად „ეკონომიკა, რომელიც მუშაობს ხალხისთვის“. დომბროვსკისი ლატვიის პრემიერ-მინისტრად თითქმის ხუთ წელიწადს (2009-2014 წლებში) მსახურობდა. ამჟამად იგი კომისიის ვიცე-პრეზიდენტია და ევროსა და სოციალური დიალოგის საკითხების პორტფელი აბარია.

ევროკომისრობის სხვა მნიშვნელოვანი კანდიდატები

ვაჭრობის საკითხებს 59 წლის ირლანდიელი ფილ ჰოგანი ჩაიბარებს. ამბობენ, ამით ევროკავშირი ლონდონს ირიბად ატყობინებს, რომ ბრექსიტის შემდგომ პერიოდში ბრიტანეთის ევროკავშირთან ახალი ურთიერთობის გაშალაშინებაში ირლანდიას მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმება.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2016-18) პაოლო ჯენტილონი ეკონომიკის პორტფელს ჩაიბარებს. 64 წლის ჯენტილონი პრო-ევროპელი, მემარცხნე-ცენტრისტი პოლიტიკოსია. ფონ დერ ლაიენს დაუჩემებია, ჯენტილონის გამოცდილება ფრიად გამოგვადგებაო იტალიასა და ბრიუსელს შორის დაუსრულებელი საბიუჯეტო დავიდარაბის მოგვარებაში.

ქართველთათვის კარგად ნაცნობი მარია გაბრიელი, ბულგარეთიდან, ინოვაციებისა და ახალგაზრდების საქმეებს ჩაიბარებს. გაბრიელი ამჟამად ციფრული ეკონომიკის საკითხებში ევროკომისრის პოსტზე მოღვაწეობს.

იოჰანეს ჰანი, ქართველთათვის კიდევ ერთი კარგად ნაცნობი ევროკომისარი, რომელიც ამჟამად ევროპული სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების კომისარია, ევროპის ბიუჯეტს ჩაიბარებს. ჰანს კი უნგრელი ლასლო ტროჩანი ჩაანაცვლებს, რომელზედაც ცოტა უფრო ვრცლად, ქვემოთ შევჩერდებით.

იოჰანეს ჰანი. ფოტო: ევროკომისია

ლიეტუველი ვირგინიუს შინკევიჩიუსი გარემოს დაცვისა და ოკეანეების საკითხებს გაუძღვება. თუ პარლამენტარების კეთილგანწყობა დაიმსახურა, ლიეტუვის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ყველაზე ახალგაზრდა ევროკომისარი იქნება. იგი სულ რაღაც 28 წლისაა.

ევროკომისრობის „ხმაურიანი“ კანდიდატები

საფრანგეთის რჩეული ევროკომისრის პოსტზე 54 წლის სილვი გულარია, რომელსაც გამოძიება ევროპარლამენტის თანხების ბოროტად გამოყენებას ედავება. გულარმა საერთო ბაზრისა და თავდაცვის ევროკომისრის პორტფელი უნდა ჩაიბაროს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს იგი ცოტა ხნით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრადაც მსახურობდა და გადადგომა სწორედაც ზემოთ ნახსენები გამოძიების გამო მოუწია. გულარს, თუკი თანამდებობაზე დაამტკიცებენ, მოუწევს ევროპის იუნდუსტრიულ სტრატეგიაზე იმუშაოს და კონტინენტის „ტექნოლოგიური სუვერენიტეტი“ განამტკიცოს.

სილვი გულარი – 31 მაისი, 2017წ. 2019წ. 28 აგვისტოს გულარი წარადგინა ევროკომისრად პრეზიდენტმა მაკრონმა. ფოტო: Patrick KOVARIK / AFP)

სკანდალებშია გახვეული ბელგიის რჩეული დიდიე რეინდერსიც, რომელმაც, იუსტიციის პორტფელს უნდა მიხედოს. რეინდერსს ბელგიის ფინანსთა (1999-2011) და საგარეო საქმეთა (2011-2019) მინისტრად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ევროპული კომისიის მომავალ პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად, იგი ბელგიის ფრანკოფონური „რეფორმატორული მოძრაობის“ პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახეა. აღსანიშნავია, რომ ვესტეიას ხელმძღვანელობით 2016 წელს ევროკომისიამ დაადგინა, რომ ფინანსთა მინისტრობისას რეინდერსის მიერ სხვადასხვა კომპანიისათვის გაწეული საგადასახადო შეღავათები უკანონო სუბსიდიებს წარმოადგენდა.

კიდევ ერთი წინააღმდეგობრივი კანდიდატი უნგრელი ლასლო ტროჩანია. ტროჩანი უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრია, რომელმაც გაფართოებისა და სამეზობლოს საკითხები უნდა ჩაიბაროს. სწორედ ტროჩანი მსახურობდა იუსტიციის მინისტრად, როცა ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ კანონის უზენაესობის მხრივ დარღვევების შემოწმების უპრეცედენტო პროცედურები წამოიწყო. ტროჩანის ახალ პოზიციაზე დამტკიცების შემთხვევაში, მას ევროკავშირში გაწევრების მომხრე სახელმწიფოებში კანონის უზენაესობის გადამოწმებაც დაევალება, რაც პარლამენტარების უკმაყოფილებას იწვევს.

ლასლო ტროჩანი. EPA/STEPHANIE LECOCQ

კრიტიკოსები ამბობენ, ტროჩანი ავტორიტარული ტენდენციების მქონე ორბანის ერთგული ჯარისკაცი იყო, რომელსაც არც კანონისა სჯერა და არც სამართლიანობს გაეგება რამეო. Human Rights Watch-მა მასზე თქვა, რაღა ტროჩანი დაგინიშნავთ მაგ პოსტზე და რაღა ქათმები მიგიბარებიათ მოსამწყემსად მელიასთვისო.

ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, ევროპარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ტროჩანის კანდიდატურა დაბლოკა. კომიტეტის გადაწყვეტილების მიზეზად თუ საბაბად ტროჩანის კერძო იურიდიული ფირმის საკითხი დაასახელეს. კომიტეტის რისხვა დაატყდა თავს ევროკომისრობის რუმინელ კანდიდატ როვანა პლუმბსაც.

განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია „ევროპული ცხოვრების წესის დაცვის“ პორტფელმა, რომელიც 57 წლის ბერძენმა პოლიტიკოსმა მარგარიტის სხინასმა უნდა ჩაიბაროს. ამ პოსტმა მიგრაციისა და უსაფრთხოების საკითხებიც უნდა მოიცვას, ამიტომაც თავად პორტფელის დასახელებაც კი ბევრმა ულტრამემარჯვენეებისათვის კოჭის გაგორებად აღიქვა.

მწვანე ევროპარლამენტარების ლიდერმა სკა კელერმა იკითხა, დევნილების დახმარება რატომ აღიქმება ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო რამედო? თუმცა, სკა კელერს ვინ ჩივის, ფონ დერ ლაიენს ამ პორტფელის სახელი მისივე წინამორბედმა, ჟან-კლოდ იუნკერმაც დაუწუნა.

შეჯამების მაგიერ

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ პარლამენტი 23 ოქტომბერს უყრის კენჭს ფონ დერ ლაიენის კომისიის შემადგენლობას. პარლამენტმა ყველა კომისარს ცალ-ცალკე და ასევე, მთელი კომისიის ერთიან შემადგენლობასაც უნდა დაუჭიროს მხარი.

ურსულა ფონ დერ ლაიენის კომისიის ბევრი კანდიდატისადმი ევროპარლამენტში წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები და განწყობები აქვთ. ბევრს დიდად არც ლაიენის მოფიქრებული პორტფელები და მათი სახელები ეპიტნავება.

ფონ დერ ლაიენის კომისია, თუკი მას ევროპარლამენტარები და ბედი გაუღიმებენ, მუშაობას პირველი ნოემბრიდან შეუდგება.

მასალა მომზადებულია Politico-ზე, Balkaninsight-ზე, DW-ზე, Euronews-ზე, BBC-ზე, FT-სა და საკუთარ თავზე დაყრდნობით.

Show More

Related Articles

Back to top button