skip to content
ევროპამთავარი თემა

ვინ ჩაუდგება სათავეში ევროპას?

ევროპული ტახტების თამაშები გადამწყვეტ ფაზაში შედის. 26 მაისის ევროპულ არჩევნებს მოყოლილი თვეზე მეტხნიანი ბრძოლა ევროკავშირის წამყვანი თანამდებობებისა და გავლენებისათვის დასასრულს ელოდება.

ბრიუსელის უკანასკნელ პოლიტიკურ თეთრ ღამეებს უკვალოდ არ ჩაუვლია. სამდღიანმა, ლამის განუწყვეტელმა, გაცხარებულმა მოლაპარაკებებმა, როგორც იქნა, ევროპელ ლიდერთა კომპრომისი შვა და ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის ლიდერთა პოსტებზე თავისი რჩეულები წარადგინა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად

ევროპული საბჭოს (რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მეთაურებისაგან შედგება – არ უნდა აგვერიოს ევროსაბჭოში, რომელიც სულ სხვა ორგანიზაციაა, რომლის წევრიც საქართველოცაა) რჩეული ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენია (Ursula von der Leyen) , რომელიც გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ახლო მოკავშირე და 2005 წლიდან მისი მინისტრთა კაბინეტის მარადმწვანე წევრია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი. ფოტო: EU Council Press

ევროპელი ლიდერები 60 წლის ურსულა ფონ დერ ლაიაენის კანდიდატურაზე საფრანგეთის, გერმანისა და ვიშეგრადის ქვეყნების (პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი) დიდი მოწადინებით შეჯერდნენ. ევროპული წყაროები იმასაც ამბობენ, გერმანელ კონსერვატორს წამყვან თანამდებობაზე იტალიის მხარდაჭერაც აქვსო.

ფონ დერ ლაიენი 1958 წელს ევროპის დედაქალაქ ბრიუსელის იქსელის (Ixelles/Elsene) კომუნაში დაიბადა. მამამისი, ერნსტ ალბრეხტი, სწორედ ახლადჩამოყალიბებული ევროგაერთიანების მოხელე იყო ბრიუსელში და ჯერ კაბინეტის უფროსად (Chef de Cabinet) მუშაობდა, 1958 წელს კი ახლადჩამოყალიბებული ევროკომისიის გენერალური დირექტორიც გახდა. სწორედ იმ ევროკომისიის, ახლა უკვე მისმა ქალიშვილმა ურსულამ რომ უნდა უხელმძღვანელოს.

13 წლამდე ფონ დერ ლაიენი ბელგიის დედაქალაქში იზრდებოდა და ბრიუსელის ფრიად მდიდარი უკლის (Uccle/Ukkel) კომუნაში მდებარე ევროპულ სკოლაში ღებულობდა განათლებას. ფრანგულენოვან ბრიუსელში გაზრდილი გერმანელისათვის გერმანული და ფრანგული მშობლიური ენებია, ამასთან,  ალბათ გასაკვირი არცაა, რომ იგი ინგლისურსაც ფლობს.

1971 წელს პოლიგლოტი ფონ დერ ლაიენის ოჯახი გერმანიაში, ქვემო საქსონიაში გადასახლდა. 1976-1990 წლებში მამამისი ქვემო საქსონიის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ურსულა პროფესიით ექიმია, ჰყავს მედიცინის პროფესორი მეუღლე და 7 შვილი. თუკი ევროპარლამენტი მის კანდიდატურას დაამტკიცებს, ურსულა ევროკომისიის სამოცწლიან ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.

ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის პოლიტიკაში ნაკლებად აქტიური იყო, თუმცა მშობლიურ გერმანიაში მას ახლოდან იცნობენ და მისდამი ბევრი კითხვაცა აქვთ. გერმანიის თავდაცვის მინისტრს საეჭვო კონტრაქტების დადებაში, გერმანიის სამხედრო ძალების არასათანადო ფორმაში ყოფნასა და სხვა არაერთ საკითხშიც ედავებიან. ამ თემებზე კრიტიკული კითხვები უკვე ბრუსელშიც დაისვა.

შარლ მიშელი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტად

ევროკავშირის საბჭოს (იგივე მინისტრთა საბჭო – ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც წევრი სახელმწიფოების მინისტრები შედიან) პრეზიდენტად, ევროპულმა საბჭომ ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი (Сharles Michel) შეარჩია. მიშელი ლიბერალი პოლიტიკოსი და ფრანგულენოვანი ლიბერალური პარტიის „რეფორმატორული მოძრაობის“ (Mouvement Reformateur) ლიდერია, რომელიც ამ ბოლო დროს ბელგიაში მთლად წელგამართული ვერაა.

შარლ მიშელი. ფოტო: EU Council Press

შარლ მიშელი 1975 წელს ბელგიის ფრანგულენოვანი რეგიონის, ვალონიის დედაქალაქ ნამურში დაიბადა. კვიცი გვარზე ხტისო და ევროკომისარი მამის შვილმაც ჭაბუკობიდანვე გაიკაფა გზა პოლიტიკისაკენ.

მიშელი 18 წლისა იყო, ვალონიის ბრაბანტის პროვინციის საბჭოში რომ აირჩიეს, 25 წლისა კი უკვე ვალონიის რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, რითაც ბელგიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრად შევიდა.

2011 წელს მიშელი ლიბერალ რეფორმატორთა პარტიას ჩაუდგა სათავეში, 2014 წელს კი ქვეყნის პრემიერ მინისტრი გახდა. მისმა პრემიერ-მინისტრობამ, რაც ბელგიის ერთიანობის მოწინააღმდეგე ფლანდრიელ ნაციონალისტებთან (ახალი ფლანდრიული ალიანსი – N-VA) კოალიციაში შესვლით შეიქნა შესაძლებელი, მაშინ ბევრი გააკვირვა, განსაკუთრებით კი ბელგიის ფრანგულენოვანი პოლიტიკური წრეები.

მიშელს ფრანგულენოვანი ამომრჩევლის ნაწილმა ფლანდრიელ ნაციონალისტებთან კურკური და უცნაური კოალიცია არ აპატია და შედეგად, მაისში გამართულ რეგიონულ და ფედერალურ არჩევნებში მის პარტიას უგანა, რითაც საგრძნობლად შესუსტდა მისი საპარლამენტო პოზიციები.

ჟუზებ ბორელი საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენლად

ევროკავშირის კიდევ ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე – უმაღლეს წარმომადგენელად საგარეო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხებში – ევროპული საბჭო ჟუზებ ბორელს (Josep Borrell), ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მოიაზრებს. ფედერიკა მოგერინის ჩამნაცვლებელი ბორელი ერთ დროს ევროპარლამენტსაც თავმჯდომარეობდა და ევროპულ პოლიტიკაში მას კარგად იცნობენ.

ჟოზეფ ბორელი. ფოტო: EU Council Press

კატალუნიელი ბორელი თავგამოდებული პრო-ევროპელი და დამოუკიდებელი კატალუნიის ასეთივე თავგამოდებული მოწინააღმდეგეა.

72 წლის ბორელი 1947 წელს კატალუნიის პატარა სოფელში ხაბაზი მამის ოჯახში დაიბადა. პატარა ჟოზეფი ბავშვობაში მამამისს ვირზე ამხედრებული დაატარებინებდა გასაყიდ პურებს.

ღარიბმა, მაგრამ ნიჭიერმა ბორელმა ჯერ მადრიდში ისწავლა უნივერსიტეტში, შემდეგ პირველ მაგისტრატურაზე – სტენფორდში, მაგისტრის მეორე ხარისხი კი პარიზში მიიღო. ბოლოს ბორელმა ეკონომიკაში დოქტორის ხარისხსაც გამოჰკრა ხელი.

ბორელს ორი შვილი ჰყავს პირველი ცოლისაგან, რომელიც მან ისრაელში კიბუცში მუშაობისას გაიცნო. ბოლო ოცი წელია კი იგი ესპანეთის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტ კრისტინა ნარბონაზეა გამიჯნურებული.

1982-96 წლებში ბორელი ჯერ ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მინისტრად მუშაობდა სოციალისტი პრემიერის ფილიპე გონსალესის მთავრობაში. მალევე ბორელი პარტიის ლიდერიც გახდა, თუმცა სკანდალების გამო გადადგა.

2004-7 წლებში ევროპარლამენტის თავმჯდომარეობის შემდეგ ავანსცენისაგან გამქრალ ბორელს ესპანური პოლიტიკისაკენ გასულ წელს პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მოაბრუნებინა გული. თუმცა, როგორც ჩანს, ესპანეთისაკენ დროებით – პოლიტიკის შეუცნობელმა გზებმა ბორელი ისევ ბრიუსელში მიაბრუნა.

კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, 63 წლის ფრანგი იურისტი კრისტინ ლაგარდი (Christine Lagarde) ევროპული საბჭოს რჩეულია ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე. თუკი აირჩევენ, ლაგარდი პირველი ქალი იქნება, რომელსაც ოდესმე ეს საპასუხისმგებლო პოზიცია დაუკავებია.

კრისტინ ლაგარდი. ფოტო: EU Council Press

თუმცა ლაგარდს პირველი ქალობა არ უკვირს. იგი პირველი ქალია, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის უხელმძღვანელია, ამასთან, სარკოზის პრეზიდენტობისას მისი ფინანსთა მინისტრობა პირველი შემთხვევა იყო, როცა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ფინანსურ უწყებას ქალი ჩაუდგა სათავეში.

ლაგარდი 1956 წელს პარიზში დაიბადა აკადემიკოსი მამისა და მასწავლებელი დედის ოჯახში. ლაგარდს უმაღლესი განათლება საფრანგეთსა და აშშ-ში აქვს მიღებული. იგი პროფესიით იურისტია. ლაგარდი განქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს.

პოსტის დაკავების შემთხვევაში, იგი ევროპის ცენტრალური ბანკის პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელსაც მანამდე ეროვნული დონის ცენტრალური ბანკის მართვის გამოცდილება არ აქვს. ამის გამო მის კანდიდატურას უკვე გამოუჩდნენ სკეპტიკოსები.

ლაგარდს მნიშვნელოვან და რთულ დროს მოუხდება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტობა. ბანკში, ისევე როგორც მთელ ევროკავშირში “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის გაჩაღებულ ომში ლაგარდს თავისი მოლაპარაკებებისა და ლავირების საქვეყნოდ ცნობილი უნარების გამოყენება არაერთხელ მოუწევს.

ვინ აირჩევს და როგორ საბოლოოდ ევროპის ლიდერებს?

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად უბრალო უმრავლესობით ევროპარლამენტმა უნდა აირჩიოს. ბორელის საგარეო პოლიტიკის შეფად ფორმალურ დანიშვნას კი პარლამენტისაგან უკვე არჩეული ევროკომისიის პრეზიდენტის თანხმობა დასჭირდება.

ეს პროცედურა რომ ჩაივლის, ევროკომისიის არჩეული პრეზიდენტი, ევროკომისრები და საგარეო პოლიტიკის შეფი ბორელი კიდევ ერთხელ წარსდგებიან ევროპარლამენტის სამსჯავროს წინაშე.

რაც შეეხება ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად ლეგარდის დამტკიცებას, ევროპულმა საბჭომ ევროკავშირის საბჭოსთან, ბანკის მმართველთა საბჭოსთან და ევროპარლამენტთან უნდა გაიაროს კონსულტაციები.

ევროპული საბჭო ბჭობდა, ევროპარლამენტი იცინოდა: რას უნდა ველოდოთ?

მართალია ევროპულმა საბჭომ შეთანხმებას მიაღწია და თავისი რჩეულები წარმოადგინა, თუმცა ევროპარლამენტში ბევრს წამოყენებული კანდიდატები გულზე სულაც არ ეხატება.

ევროპული საბჭოს ფიქრებს რომ ხორცი ბოლომდე შეესხას, წარმოდგენილ კანდიდატებს მხარი ევროპარლამენტში კონსერვატორებმა, სოციალისტებმა და ლიბერალებმა უნდა დაუჭირონ.

ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში. ფოტო: www.videoblocks.com

სოციალისტები გაბრაზებას ვერ მალავენ, მათი ლიდერი ფრანს ტიმერმანსი (Frans Timmermans) რომ ვერ დაიკავებს ევროკომისიის თანამდებობას.

უნგრეთსა და პოლონეთში კანონის უზენაესობაზე თავგამოდება ტიმერმანსს ძვირი დაუჯდა. პოლონეთისა და უნგრეთის მემარჯვენე მთავრობებმა მერკელი და სხვა ლიდერები აიძულეს ევროპულ საბჭოს ევროკომისიის პრეზიდენტობაზე არჩევანი ტიმერმანსის კანდიდატურაზე არ შეეჩერებინა.

გაცხარებულნი არიან მწვანეებიც. მწვანეთა ლიდერმა ბას აიქაუმ (Bas Eickhout) თქვა, აღნიშნული კანდიდატები გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ლიდერებს რომ ასიამოვნონ, მაგიტომ წარმოადგინესო და დანანებით დაამატა, ეს არაა ის ცვლილება, რასაც ევროპელ ამომრჩეველს დავპირდითო.

თუკი ევროპარლამენტარები წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ, ევროპულ საბჭოს ახალ რჩეულებზე შეჯერება ერთ თვეში მოუწევს.

სტატია მომზადებულია Politico-ზე, France 24-ზე, EUobserver-ზე, Guardian-სა და BBC-ზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button