skip to content
ევროპამთავარი თემა

ვინ არის დავიდ სასოლი – ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი?

ევროპარლამენტს კვლავაც იტალიელი უხელმძღვანელებს

ოთხშაბათს, 3 ივლისს, ევროპარლამენტმა ახალ თავმჯდომარედ დავიდ სასოლი (David Sassoli), იტალიელი სოციალისტი პოლიტიკოსი აირჩია.

სასოლი ჩაანაცვლებს ანტონიო ტაიანის (Antonio Tajani), ასევე იტალიელს, რომელიც ევროპარლამენტს 2017 წლის იანვრიდან ედგა სათავეში.

ოთხშაბათი დილის კენჭისყრაზე სასოლიმ მხოლოდ 325 ხმა მიიღო და სულ რაღაც 7 კოლეგის მხარდაჭერა დააკლდა პარლამენტის პრეზიდენტობამდე, თუმცა იმავე დღეს, მოგვიანებით გამართულ კენჭისყრაზე მან 345 ხმა გაინაღდა. სასოლის სულ 334 ევროპელი კოლეგის ხმა სჭირდებოდა თანამდებობის დასაკავებლად.

სასოლის კონკურენტები იყვნენ ევროსკეპტიკოსი იან ზაჰრადილი (Jan Zahradil), რომელმაც 160 ხმა მოაგროვა, მწვანეთა პარტიის სკა კელერი (Ska Keller), რომელმაც 119 ხმა გაინაღდა და მემარცხენე სირა რეგო (Sira Rego), რომელსაც მხოლოდ 43 კოლეგამ დაუჭირა მხარი. სულ ხმა 667-მა ევროპარლამენტარმა მისცა – 37 ბიულეტენი ცარიელი აღმოჩნდა.

სასოლი ორნახევარი წლით აირჩიეს ამ პოსტზე. ვადის გასვლის შემდეგ, იგი პარლამენტის თავმჯდომარეობას სავარაუდოდ მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიის რომელიმე პოლიტიკოსს გადაულოცავს. ასეთია ევროპარლამენტის ორ ყველაზე მრავალრიცხოვან საპარლამენტო ჯგუფს შორის ჯენტლ(ვუ)მენური გარიგება.

სასოლის გაპრეზიდენტებას მაინცდამაინც არავინ ელოდებოდა. ჯერ კიდევ სამშაბათს ევროპულ სახელმწიფოთა ლიდერები ბულგარელი სოციალისტის სერგეი სტანიშევის (Sergei Stanishev) სახელს ახსენებდნენ, რომელსაც თითქოსდა უნდა დაეკავებინა ეს თანამდებობა.

ბულგარელი პოლიტიკოსის კანდიდატურა განსაკუთრებით იმის გამოც ჩანდა რეალისტურად, რომ ევროკავშირის ოთხი სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ევროპულმა საბჭომ წინა დღეს დასავლეთ ევროპელები წარადგინა. ელოდებოდნენ, რომ ევროპარლამენტის თანამდებობას მაინც დაიკავებდა ვინმე აღმოსავლეთ ევროპიდან, რაც ევროპის სათავეში მოქცეულ რჩეულთა შორის ცოტათი მაინც წაადგებოდა „გეოგრაფიულ ბალანსს“.

როგორი წარსულისა და აწმყოს კაცია სასოლი?

სასოლი ფლორენციაში, ღვინით, პეიზაჟებით და მდიდარი ისტორიითა და ხელოვნებით განთქმული ტოსკანის რეგიონის დედაქალაქში, 1956 წლის მაისში დაიბადა. მან ფლორენციის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერება შეისწავლა.

2019 წლის მაისის ევროპარლამენტის არჩევნებში, მემარჯვენე ტალღაზე მომართულ იტალიაში, ფლორენცია ერთ-ერთი იმ თითზე ჩამოსათვლელი პროვინციათაგანია, სადაც უპირატესობა მემარცხენე დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა.

სასოლის ხანგრძლივი ჟურნალისტური კარიერა აქვს. წლების განმავლობაში მუშაობდა გაზეთში Il Giorno. მოგვიანებით, 1992 წელს იგი იტალიის საზოგადოებრივ მაუწყებელს – Rai – შეუერთდა. სასოლი ახალი ამბებისა და პოლიტიკის სექციაში მუშაობდა სპეციალურ კორესპონდენტად, მოგვიანებით კი ტელევიზიის  ახალი ამბების პროგრამის – TG1 – წამყვანიც გახდა. 2006 წელს სასოლიმ TG1-ის დირექტორის მოადგილეობასაც გამოჰკრა ხელი.

2009 წლიდან სასოლიმ ჟურნალისტის კარიერა პოლიტიკოსისაზე გაცვალა და მემარცხენე-ცენტრისტული მიმართულების დემოკრატიული პარტიის (PD) სიით ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. სასოლიმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო თავის საარჩევნო ოლქში ცენტრალურ იტალიაში და ევროპარლამენტარის მანდატიც გაინაღდა.

2013 წელს სასოლიმ რომის მერობაც მოინდომა, თუმცა ამაოდ. სასოლი მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციის მერობის პრაიმერიში ინაციო მარინოსთან (Ignazio Marino), ცნობილ იტალიელ ქირურგთან დამარცხდა.

2014 წელს სასოლი ევროპარლამენტში ხელმეორედ აირჩიეს. იმხანად იგი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტადაც აირჩიეს.

63 წლის სასოლის ჰყავს მეუღლე ალესანდრა ვიტორინი (Alessandra Vittorini) და ორი შვილი ჯულიო (Giulio) და ლივია (Livia).

ჟურნალისტიკისა და პოლიტიკის სიყვარულს სასოლი ფეხბურთის მიჯნურობასაც უხამებს. ევროპარლამენტის რჩეული გუნდი მშობლიური ფლორენციის ფიორენტინა გახლავთ.

რას ფიქრობს სასოლი ევროპის პრობლემებზე?

სასოლიმ აღნიშნა, ევროპელებს ახალი იდეები და შემართება გვჭირდება, რათა ჩვენს წინაშე მდგარ გამოწვევებს –  „ახალგაზრდების უმუშევრობას, მიგრაციას, კლიმატის ცვლილებას, ციფრულ რევოლუციასა და ახალ მსოფლიო ბალანსს“ – გავუმკლავდეთო.

სასოლიმ ისიც თქვა, ინტეგრაციის პროცესის განსაახლებლად საჭირო ღონე უნდა მოვიკრიბოთო და დაამატა, ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, რათა ევროპელთა საწუხარს, მათ საჭიროებებსა და უიმედობის ისედაც ფართოდ გავრცელებულ, მზარდ შეგრძნებას უფრო ადეკვატურად ვუპასუხოთო.

უკვე ცნობილია, სავარაუდოდ ვისთან ერთად მოუწევს მუშაობა სასოლის ევროპის პრობლემების გადასაჭრელად. სამშაბათს, 2 ივლისის ღამით ევროპულმა საბჭომ თვენახევრიანი დიპლომატიური დავიდარაბის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე თავისი რჩეულები წარადგინა.

ევროკომისიის პრეზიდენტად გერმანელი კონსერვატორი ურსულა ფონ დერ ლაიენია წარდგენილი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ – ბელგიის ლიბერალი პრემიერი შარლ მიშელი, ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად საერთაშორისო სავალუდო ფონდის აწ უკვე ყოფილი შეფი – ფრანგი კრისტინ ლაგარდი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას კი ესპანელი ჟოზეფ ბორელი უნდა ჩაუდგეს სათავეში.

სასოლის თავსატეხი

სასოლი იმ ევროპარლამენტს უნდა ჩაუდგეს სათავეში, სადაც ბევრი ევროპარლამენტარი ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის ლიდერების შერჩევის არაგამჭვირვალე პროცესით უკმაყოფილების დამალვას არ ერიდება.

ევროპულმა საბჭომ აინუნშიაც არ ჩააგდო ევროპარლამენტი და მისი წამყვანი კანდიდატების სისტემა (გერმანულად Spitzenkandidat – შპიცენკანდიდატ), რომლითაც კომისიის პრეზიდენტი ნორმალურ შემთხვევაში ან ევროპის სახალხო პარტიის მანფრედ ვებერი (Manfred Weber) ან სოციალისტების წამყვანი კანდიდატი ფრანს ტიმერმანსი (Frans Timmermans) უნდა გამხდარიყო.

პოლონეთისა და უნგრეთში კანონის უზენაესობაზე თავგამოდება ფრანს ტიმერმანსს ვარშავასა და ბუდაპეშტში არ აპატიეს და მისი პრეზიდენტობის იმედები უმოწყალოდ დაასამარეს. ეგეც არ იყოს, მემარჯვენე მთავრობებს პოლონეთსა და უნგრეთში სოციალისტი ტიმერმანსი დიდად გულზე ისედაც არც ეხატებათ.

იგივე ბედი ეწია მანფრედ ვებერსაც, რომელსაც ბოლო წლებში უნგრეთის ხელისუფლებასთან გაუფუჭდა საქმე, მას შემდეგ, რაც უნგრეთის მმართველ პარტია ფიდესს (Fidesz) 2019 წლის გაზაფხულზე ევროპის სახალხო პარტიამ ხმის უფლება შეუჩერა, ფიდესის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ იუნკერის, მილიარდერ ჯორჯ სოროსის, ემიგრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წინააღმდეგ წარმართული კამპანიების გამო.

ახლა დიდწილად ჯერი პარლამენტზეა, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენი უნდა აირჩიოს, თუმცა გერმანელ კონსერვატორს ევროპარლამენტში მარტივი დღეები არ ელოდება – პარლამენტის ხალხმრავალ სოციალისტურ ჯგუფში ლაიენის კანდიდატურა გულზე დიდად არ ეხატებათ.

 „ჩვენ გვჯეროდა, რომ წამყვანი კანდიდატების სისტემა ავტომატურად იმუშავებდა და გამარჯვებული ჯგუფების კანდიდატები დაინიშნებოდნენ თანამდებობებზეო“ – განაცხადა თავად სასოლიმ.

სასოლი სიამაყით ამბობს, მე პარლამენტის კაცი ვარ და არა საბჭოსიო, რითაც ევროპულ საბჭოს მიანიშნებს, რომ წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს მომავალში ევროპარლამენტის პოზიციების უფრო მეტად გათვალისწინება მოუწევთ.

სტატია მომზადებულია Politico-ზე, EUobserver-ზე, The Parliament Magazine-სა და The Italian Times-ზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button