Placeholder canvas
ახალი ამბები

არასამთავრობოები: თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ დაწყებულ გამოძიებაზე კითხვებია

17 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ და „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, თიბისი ბანკის დამფუძნებლების მიმართ ბრალის წაყენებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ საქმეზე დაწყებული გამოძიება „არაერთ ლეგიტიმურ“ კითხვას აჩენს. 

არასამთავრობოების მიერ 25 ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება და ბრალის წაყენება, შესაძლოა, „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყოს. მათივე განმარტებით, ამ ვარაუდს ის ფაქტი ამყარებს, რომ მიმდინარე წლის 9 ივლისს ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ კონტექსტში, უფლებადამცველები ხაზარაძის მიერ შს მინისტრის მხრიდან ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეც მიუთითებენ.

„ყოველივე აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიის და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფებების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისათვის“, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ისინი:

  • საქართველოს გენერალურ პროკურატურას ხაზარაძის და ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ „დამაჯერებელი მტკიცებულებების“ წარმოდგენისა და გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, თიბისი ბანკზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე დაწყებული გამოძიების დეტალების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ;
  • საქართველოს ხელისუფლებას საკითხის სერიოზულობის გაცნობიერებისა და იმ ზიანის გააზრებას ურჩევენ, რაც, შესაძლოა, სახელმწიფო ინსტიტუტებს შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ „საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით“ მიადგეს;
  • საერთაშორისო პარტნიორებს კი, ბოლო დროს თიბისი ბანკისა და ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას სთხოვენ, „რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“.

თიბისი ბანკის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე

ასევე ნახეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button