Placeholder canvas
ახალი ამბები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა აღადგინა

ტელეკომპანია „რუთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, 07:30 საათზე, გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოთი“ განაახლა.

ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 8 ივლისს ღამის 02:20 საათზე, გენერლაური დირექტორის ნიკა გვარამიას პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადების შემდეგ შეწყვიტა. გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს რუსთავი 2-ის წინ გამართულ აქციაზე უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება არ ჰქონდათ, რის გამოც მან მაუწყებლობის დროებით შეწყევტის გადაწყვეტილება მიიღო და ხელისუფლებას მოუწოდა კანონით დაკისრებული მოვალეობა შეესრულებინა და უზრუნველეყო „რუსთავი 2“-ის ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების დაცვა.

„რუსთავი 2“-ის შენობის წინ საპროტესტო აქცია, მოწოდებით – „ჩვენ გვინდა სტაბილურობა“ 7 ივლის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადების შემდეგ გაიმართა. აქციის მონაწილეები ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას, შემდეგ კი – მისგან ტელეკომპანიის დატოვებას ითხოვდნენ.

საპროტესტო აქცია დილის 04:20 საათისთვის დაიშალა, თუმცა აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ტელეკომპანიის მიერ მაუწყებლობის განახლების შემთხვევაში, ისინი პროტესტს კვლავ გააგრძელებენ და 8 ივლისს 18:00 საათზე ისევ რუსთავი 2-ის შენობის წინ შეიკრიბებიან.

8 ივლისს დილის 11:00 საათისთვის ქვეყანაში „სტაბილურობის დაცვის მოთხოვნით“, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც ბოლო 18 დღის განმავლობაში ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს, სასულიერო პირები და პრორუსულად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვები მივიდნენ. ისინი რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე „გარყვნილების“ დასრულებას მოითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან ასევე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მომხრეებიც მიემართებიან, რომლებიც დილიდან ვერის ბაღში შეიკრიბნენ. ისინი თავდაპირველად „თბილისის პრაიდის“ მიერ 8 ივლისისთვის დაანონსებული ღირსების მარშის ჩაშლისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მარშის გაუქმების ფონზე მათ რუსთაველზე მისული სასულიერო პირებისთვის სოლიდარობის გამოხატვის გადაწყვეტილება მიიღეს.

პარლამენტის შენობასთან „ქართული მარშის“ წარმომადგენლებიც მიემართებიან.

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, ბოლო 18 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით იკრიბებიან, მათი ნაწილი კი – 10 დღეზე მეტია პარლამენტთან გაშლილ კარვებში შიმშილობს. ისინი აცხადებენ, რომ მათი აქცია დღეს საღამოს დაგეგმილ დროს – 7 საათზე განახლდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button