skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფი საქართველოს შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულმა ორგანომ – „სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ“ (GRECO), 2 ივლისს პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებთან და პროკურორებთან მიმართებით კორუფციის პრევენციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებს აფასებს, რომელთა მიზანიც 2016 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაა.

ანგარიშის თანახმად, 2016 წლიდან საქართველომ „დამაკმაყოფილებლად თექვსმეტიდან მხოლოდ ხუთი რეკომენდაცია შეასრულა, დანარჩენი რეკომენდაციებიდან რვა ნაწილობრივ შესრულდა, სამი კი – საერთოდ არ შესრულებულა“.

„გარკვეულ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი პარლამენტის წევრებთან მიმართებით კორუფციის პრევენციის კუთხით, რა დროსაც სხვადასხვა ზომები იქნა მიღებული საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობის ზრდისა და პარლამენტის წევრთათვის ეთიკის კოდექსის მიღების მიზნით“, – ნათქვამია ანგარიშში.

„თუმცა ჯერ კიდევ შესამუშავებელი რჩება კანონპროექტებზე საჯარო კონსულტაციების პროცედურის მკაფიო წესები, პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის აღსრულების მექანიზმი, ამ კოდექსის განხორციელების პრაქტიკული ზომები, ასევე –  ყოვლისმომცველი წესები პარლამენტის წევრთა ინტერესთა კონფლიქტის გამოსააშკარავებლად” , – ნათქვამია ანგარიშში.

მოსამართლეებთან დაკავშირებით, GRECO აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღას „სასამართლოების შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები მოჰყვა, რამაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადით მოსამართლეების კანდიდატების შესარჩევად მკაფიო კრიტერიუმები განსაზღვრა“.

ანგარიშის თანახმად, შემოღებულია გარანტიები მოსამართლეების სხვა სასამართლოში მათი თანხმობის გარეშე გადაყვანის თავიდან ასაცილებლად. ასევე, დამოუკიდებელი ინსპექტორის მექანიზმი, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის მოსამართლეების წინააღმდეგ არსებულ შესაძლო საჩივრებს.

„მეტის გაკეთებაა საჭირო, კერძოდ, მოსამართლეების დაწინაურებისთვის მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების ჩამოყალიბება, სასამართლო ეთიკის ნორმების განახლება (რასაც თან უნდა ახლდეს პრაქტიკული ზომები მისი განხორციელებისთვის), დისციპლინური პროცედურის ეფექტიანობის ზრდისთვის სათანადო ზომების მიღება (მათ შორის, დისციპლინური დანაშაულების უფრო მკაფიოდ განსაზღვრა) და მოსამართლეთა იმუნიტეტის შეზღუდვა „ფუნქციონალურ იმუნიტეტამდე“, ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება პროკურორებს, GRECO მიესალმება, რომ შემდგომი ზომები იქნა მიღებული მთავარი პროკურორის და საპროკურორო საბჭოს დანიშვნაზე მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენის შესამცირებლად და რომ სათანადო კრიტერიუმებია შემოღებული პროკურორებისთვის საქმეების გადაცემის ან ჩამორთმევისთვის.

საერთო ჯამში, GRECO მიესალმება საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ სამუშაოს. თუმცა, მასში ასახული სხვადასხვა ზომები პარლამენტის წევრთა, მოსამართლეების და პროკურორების ქონებრივი დეკლარაციების უფრო ეფექტიანი მონიტორინგის საშუალებას უნდა იძლეოდეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

GRECO აღნიშნავს, რომ „ყველა საკითხზე ხელშესახები პროგრესია მიღწეული. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის 30 სექტემბრისთვის ამ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე GRECO-ს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button