ახალი ამბები

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია

Tags

10 მაისს მთავრობის სხდომაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მომუშავე ქართული მხარის კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ზალკალიანის თქმით, კომისია სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და პირველი შეხვედრის მომავალ კვირას გამართვის შესახებ აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებაც მიღწეულია.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, სენსიტიური საკითხი, აქედან გამომდინარე, აუცილებელი არის ყოველგვარი ემოციები გვერდზე გადავდოთ და კომისიას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ ვითარებაში, ისე, როგორც ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება, განაგრძოს მუშაობა, რათა მიღწეულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები შედეგები“, – განაცხადა მინისტრმა ზალკალიანმა.

  • საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ რამდენიმე კვირის წინ, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ დადგა. კერძოდ, აზერბაიჯანელმა 21 აპრილს მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა, სამონასტრო კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მეორე დღეს ჩაკეტეს. მონასტრამდე მისასვლელი გზა, ხუთდღიანი შეზღუდვის შემდეგ, 26 აპრილს გაიხსნა.
  • მაშინ საკითხზე განმარტებები ქვეყნის ოფიციალურმა პირებმაც გააკეთეს და განაცხადეს, რომ ქართული მხარე აზერბაიჯანთან „მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია“ და ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიაც მუშაობას უახლოეს პერიოდში განაახლებდა. საკითხის „სენსიტიურობიდან“ და „დელიკატურობიდან“ გამომდინარე, ხელისუფლება მოსახლეობას თემასთან მიმართებით განსაკუთრებული სიფრთხილით მიდგომისკენ მოუწოდებდა.
  • საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის ⅔ შეთანხმებულია, შეუთანხმებელი მხოლოდ ⅓-ია, სადაც დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილია განთავსებული. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები სადელიმიტაციო კომისიის განახლების მოტივით რამდენიმე წელი შეჩერებული იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button