ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართავს, მათგან „სასამართლო რეფორმის შედეგების“ მკაფიო შეფასებას ითხოვს და მოუწოდებს არ დაუშვან მათი სახელით იმ პროცესის ლეგიტიმაცია, რომელიც „ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებს არ ასახავს და არ ეხმიანება“.

21 თებერვალს გავრცელებული ღია წერილის ავტორები განმარტავენ, რომ სხვადასხვა ფაქტორის ხელშეწყობით და არასწორი რეფორმების შედეგად, სასამართლო სისტემის სადავეებში ის ჯგუფი მოექცა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აკონტროლებს და მის ხელთ არსებულ მექანიზმებს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისთვის იყენებს, რის გამოც „სასამართლოს ნდობა დღითიდღე ეცემა, სასამართლო რეფორმა კი, ჩიხშია შესული“.

წერილზე ხელმომწერები აცხადებენ, რომ ილუზიაა იმის ვარაუდი, თითქოს სასამართლოში არსებული კრიზისული მდგომარეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებისა და წესების შემუშავებით გამოსწორდება. ისინი მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი სისტემაში არსებული ე.წ. კლანის წევრებისა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შემავალი მათი მხარდამჭერი 11 წევრის გადადგომა, ამის შემდეგ კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაა.

ხელმომწერები ასევე განმარტავენ, რომ მოსამართლეების არჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესის მიმართ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, არადემოკრატიულობისა და პრობლემური შემადგენლობის გამო, პროცესში ჩართულმა ბევრმა აქტორმა პროტესტი გამოთქვა.

მათივე თქმით, პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე და დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებს შეხვდა და მათთან უკვე მომზადებული კანონპროექტის დეტალების განიხილა. მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე კი, კანონპროექტში შესწორებები შევიდა.

ხელმომწერების განმარტებით, მოსამართლეთა შერჩევის გამართული პროცედურები და კრიტერიუმები თავის მიზანს მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ხელახალი, „პლურალისტური“ წესით განახლების შემთხვევაში მიაღწევს.

ღია წერილს ხელს 35 სუბიექტი აწერს, მათ შორის არიან: „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საქართველოს გაეროს ასოციაცია“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button