Placeholder canvas
ევროპა

ევროპა 2030: რას მოელიან ბრიუსელში

კლიმატის ცვლილება, დემოგრაფია და ურბანიზაცია: სწორედ ეს სამი გლობალური ტენდენცია განსაზღვრავს ევროპელი პოლიტიკოსების საკანონმდებლო დღის წესრიგს უახლოეს მომავალში. ამაზე საუბრობს მოცულობითი ანგარიში “გლობალური ტენდენციები 2030-მდე: გამოწვევები და არჩევანი ევროპისათვის”, რომელიც ევროპარლამენტს ორი დღის წინ გადაეგზავნა. მისი ავტორები ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო სამსახურის სტრატეგიული მიმართულებების ანალიტიკოსები არიან.

“ევროპის ყველა ინსტიტუტი ცდილობს, უკეთ განჭვრიტოს მომავალი, რათა მზად ვიყოთ მომავალი კრიზისებისათვის,” ამბობს ენ მეტლერი (Ann Mettler), ევროკომისიის პოლიტიკის ევროპული სტრატეგიის ცენტრიდან, რომელიც ანგარიშზე სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

ევროპა აშშ-ს გამოცდილებას სესხულობს: აშშ პრეზიდენტები ყოველ ოთხ წელიწადში იღებენ სტრატეგიული ამოცანებისა და გლობალური ტენდენციების მიმოხილვას, რომელსაც ანალიზის ეროვნული საბჭო ამზადებს. კაცმა არ იცის, რა ბედი ეწია პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მომზადებულ 260 გვერდიან მიმოხილვას, მაგრამ ევროპულმა ინსტიტუტები აშშ გამოცდილებას სერიოზულად მოეკიდნენ და მსგავსი დოკუმენტების მომზადებას შემდგომ წლებშიც ვარაუდობენ.

რეალობას თვალი გავუსწოროთ: ევროპული ანგარიში, ამერიკულზე უფრო მოკრძალებული მოცულობისა გამოვიდა და 50 გვერდს მოიცავს. მის ფურცლებზე მომავლის შეულამაზებელი სურათია აღწერილი. “ინდუსტრიალიზაციამდელ პერიოდთან შედარებით გლობალური ტემპერატურა 1.5 გრადუსით გაიზრდება, რაც ეკონომიკურადაც და გარემოს მხრივაც დაგვაზარალებს,” გვაფრთხილებს ანგარიში.

ტექსტში ნახსენებია ევროპის მოსახლეობის დაბერებაც და აფრიკის მოთხოვნილებაც “მართოს ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი მატება”. უახლოეს მომავალში ევროპელების ორი მესამედი მცირე და საშუალო ზომის მეტროპოლისებში იცხოვრებს და თუკი დემოგრაფიული ცვლილებები შესაბამისად არ ვმართეთ, ეს ქალაქები “კრიმინალის, დაბინძურებისა და ძალადობის” კერად იქვევაო, წერენ მკვლევარები. შემაჯამებელ ნაწილში ვკითხულობთ: “ჩინეთი მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკა იქნება, ევროპა კი მეორე ადგილზე – თუმცა ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი მსყიდველობითი ძალა ჩინეთზე თითქმის ოთხჯერ მაღალი იქნებაო”.

ურთიერთკავშირისა და მასშტაბების ზრდა: ანგარიში აღნიშნავს, რომ “ინტერნეტში ჩართული მოწყობილებების რიცხვი 2030 წლამდე ხუთჯერ გაიზრდება და 125 მილიარდს მიაღწევს, საჰაერო მგზავრების რაოდენობა გაორმაგდება. ყველაფერი, რასაც კი ადამიანები აკეთებენ – კარგსა თუ ცუდს – უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს”.

გასაკეთებელი კიდევ ბევრია: ანგარიშ მხოლოდ პრობლემების ჩამოთვლით არ კმაყოფილდება და იმ არჩევანზეც საუბრობს, რაც ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ, იმისთვის, რომ კონტინენტმა კოშმარული სცენარები აირიდოს თავიდან.

  • “თუკი ტემპერატურის ზრდას 1.5 გრადუსის ქვემოთ არ შევაჩერებთ, საუკუნის ბოლოსთვის გადაშენების საფრთხის წინაშე დავდგებით,” ამბობს ანგარიშის შემაჯამებელი გვერდი.
  • ახალი ტექნოლოგიების მართვა საერთო-ევროპულ მიდგომას მოითხოვს, თუარადა “ჩინეთი და აშშ ამას უჩვენოდ გააკეთებენ”.
  • თუკი ევროპას სურს მომავლის მსოფლიოში გავლენიან მოთამაშედ დარჩეს, მან ხელახლა უნდა გაიაზროს საკუთარი როლი თავდაცვისა და დიპლომატიის სფეროებში.
  • კონფლიქტების მართვა გამოწვევად დარჩება. ჩვენი ძალისხმევისა და სურვილებისდა მიუხედავად, ახალი ომები კვლავაც მოხდება – ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მათთვის.
  • ჩვენი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემები მომავლისათვის უკეთ უნდა იყვნენ მზად.
  • ამისათვის თანასწორობა უნდა წავახალისოთ: შემოსავლის დონეებში განსხვავებების და სოციალური გარიყულობის შემცირება შეამცირებს პოპულისტების პოლიტიკურ პოტენციალს და გაზრდის საზოგადოებაში კმაყოფილების დონეს.

ინგლისურ ენაზე სრული ანგარიშის ნახვა ამ ბმულზე შეიძლება, ხოლო შემაჯამებელი სლაიდისა კი – აქ.

მსგავსი/Related

Back to top button