ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა

Tags

მთაწმინდის ერთმანდატიან ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში ქართული ოცნების სახელით მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს ექიმი რადიოლოგი ვლადიმერ კახაძე იყრის.

კახაძის კანდიდატურა 25 მარტს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა.

„თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად გვსურს წარმოგიდგინოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის, ადამიანის მოყვარული და ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება, ლადო კახაძე. ბატონი ლადოსთვის თბილისზე ზრუნვა უცხო არ არის და ის ჩვენს გუნდს ძალიან პოზიტიურ ენერგიას შემატებს და გააძლიერებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტად აირჩიეს.

ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, კახაძემ განაცხადა, რომ ის მთაწმინდის მაცხოვრებლების პრობლემების მოსაგვარებლად ძალღონეს არ დაიშურებს.

„მართლა პატივია იმ განსაკუთრებული ქალაქის, რომელიც ამშვენებს დედამიწას და მისი ასევე ერთ-ერთი ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა და აქ დაგროვილი პრობლემატიკის საკანონმდებლო სივრცეში მიტანა“, – განაცხადა კახაძემ და დასძინა, რომ მისთვის განსაკუთრებული პატივია იმ საქმის გაგრძელება, რომელიც უკვე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო.

1998-2002 წლებში, ვლადიმერ კახაძეს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. ის მაშინდელ მმართველ პარტიას „მოქალაქეთა კავშირს“ წარმოადგენდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კახაძე მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად ოპოზიციური პარტია სახელმწიფო ხალხისთვის სახელით იყრიდა კენჭს, თუმცა მან ხმების მხოლოდ 2.65 % მიიღო და მერვე ადგილზე გავიდა.

ამავე ბრიფინგზე ღარიბაშვილმა ხუთი მერობის კანდიდატიც წარადგინა. ესენია: გიორგი შენგელია (ზუგდიდი), ზაურ დარგალი (მარნეული), გიორგი გოგლიჩიძე (ზესტაფონი), გივი მოდებაძე (ჭიათურა) და ვახტანგ ბერიძე (ხულო).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button