ახალი ამბები

„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა

საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლის გამო, ევროპულმა საქართველომ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, თუ მათი რაოდენობა უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია.

უმრავლესობის მქონე „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავდა. ბოლო ორ კვირაში, მას 7 დეპუტატი გამოაკლდა და მხოლოდ 108 დეპუტატი დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოცნებას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა (მინიმუმ 113 ხმა) აღარ აქვს.

პირველად გუნდიდან წასვლის შესახებ ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ განაცხადეს. მალევე მათ, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე შეუერთდა. 4 მარტს უმრავლესობიდან გასვლის მოთხოვნით ბიუროს ფრაქცია ქართული-ოცნება სოციალ დემოკრატების წევრებმა გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმაც მიმართეს. ისინი საპარლამენტო საქმიანობას პატრიოტთა ალიანსთან ერთად საერთო ფრაქციაში გააგრძელებენ.

ამჟამად, უმრავლესობის მიღმა არსებული დეპუტატების რაოდენობა 42-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი მოცემულობით, საპარლამენტო უმცირესობის შესაქმნელად მინიმუმ 22 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო.

„ევროპულ საქართველო“ კი ამ დროისთვის პარლამენტში 19 დეპუტატით არის წარმოდგენილი. უმცირესობის სტატუსის შესანარჩუნებლად მას მინიმუმ 3 დეპუტატის მიმხრობა სჭირდება. ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში ექვსი დეპუტატი ჰყავს.

თუმცა, როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერები განმარტავენ, ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან უმცირესობის ფორმატში გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ჩვენთვის უმცირესობის სტატუსი ნამდვილად არ არის გადამწყვეტი. ჩვენი ამოცანაა დავამარცხოთ ქართული ოცნება. უმრავლესობის დაშლა არის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ვიდრე უმცირესობის სტატუსის შენარჩუნება“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ პარტია პარლამენტში საქმიანობას ფრაქციების ფორმატში გააგრძელებს.

გაერთიანების შემთხვევაში, საპარლამენტო უმცირესობის შექმნის შესაძლებლობა პატრიოტთა ალიანსს, უმრავლესობიდან წასულ და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებსაც აქვთ. მათ ამისთვის კიდევ 5 პარლამენტარის მიმხრობა დასჭირდებათ.

პარლამენტში ახალი უმცირესობის შექმნის ალბათობა არც ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გამორიცხა. მისი განმარტებით, „პარლამენტში ახალი კონფიგურაცია ლაგდება“ და „[არ] არის გამორიცხული, რომ ახალი უმცირესობა შეიქმნას“.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის წარდგენისა, ასევე სესიის განმავლობაში ორი 30 წუთიანი, პოლიტიკური დებატების დროს კი 45 წუთიანი გამოსვლის შესაძლებლობას იძლევა (ნაცვლად ფრაქციის 15 წუთიანი გამოსვლისა).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button