skip to content
ახალი ამბები

მირზა სუბელიანს ერთი წლითა და ერთი თვით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვაში დამნაშავედ ცნო და მას ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს მიერ 4 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ბრალდებულისთვის 2017 წლის დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი არასრულწლოვანის საქმეში ერთ-ერთი მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი ცნობილი იყო. შესაბამისად, მის მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და მას მსჯავრი დანაშაულის დაფარვისთვის დაედო.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას ბიძიაა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, გასული წლის 9 ივნისს დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, მირზა სუბელიანი ამბობდა, რომ მისი დაპატიმრება მოსახლეობაში არსებული საპროტესტო ტალღის განსამუხტად, მასსა და ხელისუფლებას შორის ერთგვარი გარიგება იყო და ის ციხეში მხოლოდ 13 თვეს გაატარებდა. იმავე ჩანაწერში სუბელიანი განმარტავდა, რომ შეთანხმება უშუალოდ შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან შედგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button