Placeholder canvas
ახალი ამბები

აბაშიძემ და კარასინმა ორმხრივ ურთიერთობებსა და ნატოზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე 27 თებერვალს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივ არაფორმალურ დიალოგს საფუძველი 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა.

შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა განაცხადეს, რომ აბაშიძემ და კარასინმა ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის და კულტურის სფეროებში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, რა დროსაც კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება.

საქართველოს პრემიერ-მინსიტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს უსაფრთხოებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას“, აბაშიძე მაინც გაამახვილა ყურადღება „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე“.

პრემიერის პრესსამსახურისავე ინფორმაციით, აბაშიძემ წუხილი გამოთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში „პროგრესის“ ნაკლებობის გამო.

მხარეებმა საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წელს შვეიცარიის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრეს. ამასთან, აღინიშნა, რომ შეთანხმების სრულფასოვანი ამოქმედების პროცესში პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გრიგორი კარასინმა დაადასტურა მოსკოვის მზადყოფნა, რომ შეთანხმების პირობების უმკაცრესი დაცვით მოხდეს მისი განხორციელება. თუმცა, მოგვიანებით, გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში კარასინმა განაცხადა, რომ სამუშაო ჯგუფის მომავალ შეხვედრაზე გარკვეული „ტექნიკური დეტალები“ უნდა დაზუსტდეს.

„ჩვენ მოგვიწევს საბაჟო ტერმინალების განთავსება, იმის გაგება, თუ როგორ იმუშავებენ ისინი. საქმე არც ისე მარტივადაა. სამიდან ორი სავაჭრო დერეფანი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადის, რაც მათ სტატუსთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორების მხრიდან გარკვეულ პოლიტიკურ ემოციებს იწვევს. მაგრამ, ამ შეთანხმების განხორციელება საჭიროა და ჩვენ წინ ვივლით“, – აღნიშნა კარასინმა.

კითხვაზე, უბიძგებს თუ არა მოსკოვი თბილისს, რომ აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ ცალკე შეთანხმებები გააფორმოს, კარასინმა უპასუხა, რომ „ეს ასე არ არის. ეს გამოგონილია, ჩვენ საკითხს ასე არ ვაყენებთ. სხვა საკითხია, რომ არის რაღაც დეტალები, რომელთა განხილვაც ამ რესპუბლიკებთან მაინც მოგვიწევს“.

კარასინის მუქარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო ნატოსთან ურთიერთობების გამო, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა ალიანსთან და მისი სამხედრო წვრთნები საქართველოში „სერიოზულ გამოწვევად რჩება“ სხვამხრივ დადებითი ორმხრივი ურთიერთობებისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოსკოვის წინააღმდეგ საჯაროდ გაკეთებული არამეგობრული განცხადებების გამო, საქართველოს ხელმძღვანელობაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამგვარ განცხადებებს ურთიერთხელსაყრელი ორმხრივი ურთიერთობებისთვის უარყოფითი შედეგი მოაქვს. „რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ ასეთი განცხადებები ნაკლები იყოს და უფრო თავშეკავებულ ხასიათს ატარებდეს“, – განაცხადა მან.

რუსმა დიპლომატმა გაზეთ „კომერსანტთან“ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის დღის წესრიგი სულ უფრო აქტიური ხდება. „ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნები რეგულარული გახდა და საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნების, მაგალითად სომხეთის, მონაწილეობასაც უწყობს ხელს“, – განაცხადა კარასინმა.

„ქართველი პოლიტიკოსები ხშირად უხეშ განცხადებებს აკეთებენ [რუსეთის წინააღმდეგ], ცოტა ხნის წინ არჩეული სალომე ზურაბიშვილით დაწყებული და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძითა და [საგარეო საქმეთა მინისტრი] დავით ზალკალიანით დამთავრებული“, – აღნიშნა მანვე.

„თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან უნდა აირჩიოს რეგიონული თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნა სამხრეთ კავკასიაში, ან ევრო-ატლანტიკური დღის წესრიგი… ისტორია გვიჩვენებს, რომ ერთდროულად ორი თამაშის თამაში გაურკვევლობას იწვევს და უარყოფითი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა კარასინმა.

„ნათელია, რომ თუ ნატოს სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიაში გაიზრდება, ადრე თუ გვიან, ამას გართულება მოჰყვება“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button