ახალი ამბები

დაპირისპირება ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე

ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ქართველი ემიგრანტებს შორის 10 თებერვალს გამართული შეხვედრა ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა.

შეხვედრა, სახელწოდებით „ერთად სახლში“, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით დააანონსა. სააკაშვლის განმარტებით, შეკრების მთავარი მიზანი საქართველოს „გამოხსნისა და გადარჩენის“ გეგმის შემუშავება იყო.

ემიგრანტებთან შეხვედრა, ლიეჟში კონგრესმენების სასახლეში საღამოს ხუთი საათისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა შეკრებილებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო, ის დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. შეხვედრაზე მისულების ერთი ნაწილი მიხეილ სააკაშვილს საპროტესტო შეძახილებითა და პლაკატებით დახვდა.

საბოლოოდ, ყოფილმა პრეზიდენტმა შეხვედრაზე მისულ მის მხარდამჭერ ემიგრანტებს სიტყვით მაინც მიმართა და მათთან საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება მიმოიხილა და შეკრებილებს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და პრობლემების მოგვარების მისეული ხედვა წარუდგინა.

მანვე განმარტა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების სადავეებიდან „გველეშაპის“ [ბიძინა ივანიშვილის] ჩამოშორების გარეშე ვერ მოხდება და დასძინა, რომ საქართველოში „ოლიგარქატი“ სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავდივართ საქართველოში, დღეს არ არის სიტუაცია მზად, მაგრამ უახლოეს კვირეებში და თვეებში ჩვენ ის უნდა მოვამზადოთ, იმიტომ, რომ არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამბავი მედიის განსხვავებული რაკურსით

სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას საქართველოდან ჩასული რამდენიმე გადამღები ჯგუფი აშუქებდა. პოლიტიკური დღის წესრიგის გათვალისწინებით, განსხვავებული იყო მათი გაშუქების ტონიც და კონტექსტიც.

მაგალითად, „რუსთავი 2“-ის მიერ მოყოლილი ამბიდან, მაყურებელმა გაიგო, რომ ყოფილი პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრის ჩასაშლელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კორცხელის დესანტი გადასხა“ და პროვოკაციის მოწყობას ადგილზე კურირებდა. ამავე არხის ცნობით, ლიეჟში იყვნენ, ქართული ოცნების კოორდინატორებიც, რომლებიც „ტრადიციას არც ევროპაში ღალატობენ და ადგილობრივ სასტუმროებში მისულ ვიზიტორებს აღრიცხავენ“.

სრულიად განსხვავებული სურათი წარმოჩინდა „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ მიერ. აღნიშნული მაუწყებლების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ემიგრანტების ნაწილს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება არ მისცეს და განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანები მასთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. ასევე, ამავე არხებიდან გავიგეთ, რომ მათ წინააღმდეგ, „ცრემლმდენი“ გაზი გამოიყენეს. საპირისპირო ითქვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე: აქ გაზის გაშვება ე.წ. ხელისუფლების მიერ მართულ ე.წ. აგენტ-პროვოკატორებს მიაწერეს.

ემიგრანტებისა და ყოფილი პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა რომშია დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button