Placeholder canvas
ახალი ამბები

ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესის შეჩერებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცელი ნინო ლომჯარია პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ომბუდსმენის მიერ 26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა“.

„უცნობია, თუ რატომ არ მოხდა არცერთი პირის წარდგენა სასამართლოს სისტემის გარედან, ასევე რატომ არ შეიძლებოდა სხვა მოქმედ მოსამართლეთა წარდგენა პარლამენტისთვის. კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იუსტიციის საბჭოს 2 მოქმედი წევრი არის იმ სიაში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცესი უნდა წარიმართოს „გამჭირვალეობისა და ობიექტურობის მაღალი ხარისხით“. მისივე განმარტებით, აუცილებელია, რომ გამჭვირვალობის სტანდარტი მოსამართლეთა წარდგენის ეტაპზევე იყოს დაცული, რათა „არ დარჩეს უპასუხო ლეგიტიმური კითხვები“.

სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს „შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელებაზე დაიწყოს მუშაობა. ომბუდსმენი პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის და თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის გამჭვირვალე პროცედურის შემუშავების რეკომენდაციითაც მიმართავს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. მათ შორის არიან ის მოსამართლეებიც, რომელთა მიმართაც არასამთავრობო სექტორს არაერთი პრეტენზია აქვს. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაციების უარყოფითი შეფასება უკვე მოჰყვა. მათ 25 დეკემბერს ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს და პარლამენტს მოუწოდეს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭიროს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button