სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით მიხეილ ჩინჩალაძე აირჩიეს.

გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 29 მაისის სხდომაზე მიიღო. ჩინჩალაძის კანდიდატურას, რომელსაც ამ თანამდებობაზე კონკურენტი არ ჰყავდა, საბჭოს მხოლოდ ერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი.

მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ასევე ამავე სასამართლოში მოსამართლე იყო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 მაისის სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩია.

მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურის განხილვის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა 34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომლის წარმომადგენლებიც საკითხის განხილვის პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

კოალიციის განცხადებაში ნათქვამია: „ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო… განიხილავს სასამართლოების თავმჯდომარეების გამწესებას 5 წლიანი ვადით, აჩენს ეჭვებს, რომ საბჭო ცდილობს მოქმედი შემადგენლობით მოასწროს მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული პოზიციების სასურველი კადრებით დაკომპლექტება“.

„ასეთ ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს მიმდინარე წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოულოდნელად თანამდებობიდან გადადგომა, რამაც საბჭოს მოქმედ შემადგენლობას შესაძლებლობა მისცა, ამ პოზიციაზეც გაამწესოს სასურველი კანდიდატი. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა 4 თვეში ეწურებოდა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს შესაძლო არაფორმალურ გარიგებებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია 29 მაისის განცხადებაში.

კოალიციას მიაჩნია, რომ სასამართლოს მოსამართლეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ თავმჯდომარეები.

ანალოგიური განცხადება გააკეთა საკითხის კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ 29 მაისს, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო მოსამართლეებს თვითონ აერჩიათ საკუთარი თავმჯდომარეები, რადგან, „ერთი კონკრეტული ორგანოს, იუსტიციის საბჭოს ხელში არ ყოფილიყო მთელი სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლების საშუალება“.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 25 მაისს მოქმედმა თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად ორ კომპანიას შორის iPlus-სა და Itechnic-თან დაკავშირებული დავა დაასახელა, სადაც მისი გვარი არაერთხელ ფიგურირებდა ერთ-ერთი კომპანიის ინტერესების დამცველის სტატუსით. აღნიშნულ კომპანიებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button