არჩევნები 2018ახალი ამბები

ქართული ოცნების ლიდერები არჩევნების შედეგებს აფასებენ

Tags

ქართული ოცნების ლიდერებმა არჩევნების მეორე ტურის დასრულებისა და ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს, პარტიის ცენტრალურ ოფისში პირველი კომენტარები გააკეთეს.

პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს „ასეთი გრძნობადობისთვის“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია გააკეთა აბსოლუტურად ადეკვატური, როგორც პირველ ტურში, ისე მეორე ტურში“.

ივანიშვილმა პირობა დადო, რომ გუნდი ყველაფერს „მაქსიმუმს“ გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ „გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ“. „გუნდთან ერთად შევეცდებით და აუცილებლად ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ და ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში, ჩვენს ევროპაში“, – განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

პრესასთან თბილისის მერმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაც ისაუბრა. მან ამომრჩევლებს „მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის“ მადლობა გადაუხადა. „მინდა, გამოვხატო პატივისცემა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, თუ რა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა მან დღეს“, – განაცხადა კალაძემ.

„დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას და მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც ადამიანი უზენაესი ღირებულება, მისი ღირსების დაცვა კი – უმთავრესი პრიორიტეტია“, – განაცხადა მან.

კალაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო „არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა მანდატი, რათა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“.

„მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, თითოეული დღე დაეთმობა ჩვენი საქმიანობის, მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. ამ პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებს ხალხის მიერ დღეს გამოცხადებული ნდობა“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ზურაბიშვილს „დამაჯერებელი“ გამარჯვება მიულოცა. „დარწმუნებულები ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“, – დასძინა მან.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით კი, მმართველმა პარტიამ მიიღო „გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ჩვენ ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი“.

„დღეს ბუნებრივია არ არის ის დრო, რომ ჩვენ დრო დავკარგოთ ზეიმისთვის. ახლა არის მუშაობის დრო და მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ მზად ვუპასუხოდ ყველა გამოწვევას, რაც გვაქვს ქვეყანაში, ჩვენ ვართ მზად, რომ ჩვენს მოქალაქეებთან და ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის გამარჯვებაა, რამაც აჩვენა, რომ „საქართველო არის შემდგარი დემოკრატია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button