Placeholder canvas
ევროპამთავარი თემა

ავსტრია: პროტესტი და კარჩაკეტილობა

სალომე სალაძე ვენიდან მოგვითხრობს ავსტრიის მოქალაქეთა პროტესტის მიზეზებსა და მთავრობის წინააღმდეგობრივ პოლიტიკაზე.

2018 წლის 4 ოქტომბრიდან, ყოველ ხუთშაბათს, ავსტრიის დედაქალაქში, სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია იმართება. ხუთშაბათის დემონსტრაციის (Donnerstagsdemo) მთავარი ადრესატი ორი მემარჯვენე პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობაა, მიზანი კი არსებული  რასისტული, ქსენოფობიური და ნეონაცისტური იდეებით გაჟღენთილი პოლიტიკის ცვლილება, რომელსაც ერთი წლის წინ ქვეყნის სათავეში არჩევნების გზით მოსული კოალიციური მთავრობა ამ ხნის განმავლობაში ატარებს.

„ჩვენ მეტნი ვართ“, „არა რასიზმს“, „თანაბარი შანსები და განათლება ყველასთვის“, „არ დავუშვათ ნაცისტების დაბრუნება“, „აღარ გავჩუმდებით“ – აღნიშნული პოსტერებით ხელში, 4 ოქტომბერს, მწერლები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, მსახიობები, ქორეოგრაფები, მუსიკოსები, სტუდენტები და ვენის მცხოვრებნი – დაახლოებით 20 000-მდე დემონსტრანტი რამდენიმესაათიანი აქციის განმავლობაში მთავრობისგან მოითხოვდა არსებული პოლიტიკის ცვლილებას.

აღნიშნული  აქციის სახელწოდება 18 წლიან ისტორიას ატარებს: 2000 წელს, როცა მაშინ არსებული, იმავე ორი პარტიის კოალიციური მთავრობისა (FPÖ, ÖVP) და ავსტრიის კანცლერის, ვოლფგანგ შუსსელის (Wolfgang Schüssel) წინააღმდეგ, ორი წლის განმავლობაში, ყოველ ხუთშაბათს დემონსტრაცია იმართებოდა.

უკვე რამდენიმე კვირაა ყოველ ხუთშაბათს იმავე მოწოდებებით აქციები ტარდება ამჯერად ავსტრიის სათავეში ერთი წლის წინ მოსული საპარლამენტო კოალიციის და კანცლერ სებასტიან ქურცის (Sebastian Kurz) წინააღმდეგ.

პროტესტის ადრესატები

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ავსტრიაში 2017 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

არჩევნების შედეგების მიხედვით 31,5%-ით პირველობა და მანდატების უმრავლესობა მოიპოვა სებასტიან ქურცის (Sebastian Kurz) ხელმძღვანელობით „ავსტრიის სახალხო პარტიამ“ (ÖVP), რომელიც კონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩევა და ხშირად ამახვილებს ყურადღებას ქვეყნისა და მოსახლეობის ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე.

მეორე ადგილზე 1888 წელს დაარსებული და ავსტრიის ანშლუსის შემდეგ აკრძალული – ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPÖ) გავიდა, რომელსაც არჩევნების პერიოდში ავსტრიის მოქმედი კანცლერი, კრისტიან კერნი (Christian Kern) ხელმძღვანელობდა. პარტიამ არჩევნებში 26,9% დააგროვა და ხმების 0,9%-ით გაუსწრო მემარჯვენე, პოპულისტურ, „ავსტრიის თავისუფლების“ (FPÖ) პარტიას, ჰაინც-კრისტიან შტრახეს (Heinz-Christian Strache) მეთაურობით.

არჩევნების შემდეგ ბევრს საუბრობდნენ სავარაუდო კოალიციაზე, საბოლოოდ, გადამწყვეტი როლი პარტიების ხელმძღვანელების პირადმა ურთიერთდამოკიდებულებამ ითამაშა და და ყოფილ კანცლერთან და მის პარტიასთან (SPÖ) დაპირისპირებულმა ახალმა კანცლერმა, 31 წლის კონსერვატორმა სებასტიან ქურცმა, მიუხედავად რიგ საკითხებზე განსხვავებული აზრების ქონისა, მემარჯვენე ნაციონალისტურ „თავისუფლების პარტიასთან“ (FPÖ) კოალიცია შეკრა.

ყოველ ხუთშაბათს, ვენაში გამართული საპროტესტო აქციები, სწორედ ამ ორი პარტიის წევრებით დაკომპლექტებული მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული. პროტესტის მიზეზი კი მათ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაჟღერებული ინიციატივები თუ საკანონმდებლო ცვლილებებია.

კონკრეტულად რა სახის რეფორმები გაატარა ან ინიციატივა წამოაყენა მთავრობამ, რომლის წინააღმდეგაც ხალხმა ყოველკვირა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლის მოწყობა გადაწყვიტა, შეგვიძლია რამდენიმე პუნქტად განვიხილოთ.

აგრესიის ტალღა მიგრანტების წინააღმდეგ

ორივე პარტია საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აქტიურად საუბრობდა რეფორმებზე მრავალ სფეროში, უპირველეს ყოვლისა აქცენტს აკეთებდნენ არალეგალური მიგრანტებისგან ავსტრიის მაქსიმალურად განთავისუფლებაზე. ავსტრიის თავისუფლების პარტია (FPÖ) ოდითგანვე რადიკალურ პოზიციას ატარებდა ავსტრიაში მცხოვრები ლტოლვილის სტატუსის მქონე მიგრანტთა მიმართ.

2015 წელს გართულებულმა მიგრაციის კრიზისმა კიდევ უფრო გააძლიერა პარტიის მხარდამჭერთა უარყოფითი დამოკიდებულება ავსტრიაში მცხოვრები დევნილებისადმი. ახალი მთავრობის ქვეყნის სათავეში მოსვლისთანავე, კაცლერმა, სებასტიან ქურცმა, გააჟღერა რამდენიმე იდეა, რომელიც მიზნად ემსახურებოდა დევნილთათვის ვენიდან მოშორებით საერთო საცხოვრებლის შექმნას, სადაც მათ ნაკლებად ექნებოდათ შეხება ადგილობრივ მაცხოვრებლებთან.

ასევე წამოაყენა იდეა ევროკავშირის განაპირა ქვეყნებში ლტოლვილთა თავშესაფრების აგების შესახებ, რომელთა დანიშნულებაც ის გახლდათ, რომ ევროკავშირისკენ მომავალი არალეგალი მიგრანტები შეეჩერებინა და თავშესაფარში დაეტოვებინა, სანამ მათთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ თხოვნის განხილვა არ დასრულდებოდა. თავშესაფრის ცენტრების განსათავსებელ ადგილად განხილულ ქვეყანათა შორის საქართველოც მოიაზრებოდა, რასაც მაშინ საქართველოს დიპლომატიური წრეებიდან და მოსახლეობიდან საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

კოალიციაში მყოფი ორივე პარტია საარჩევნო პერიოდში მეტნაკლებად ცდილობდა მიგრანტთა დისკრიმინაციას. მაგალითად „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ წარმომადგენლები ხშირად საუბრობდნენ 2015 წლის შემდეგ განსაკუთრებით გაზრდილ კრიმინალზე და ამის ერთ-ერთ მიზეზად მიგრანტების მომრავლებას ასახელებდნენ. ლტოლვილის სტატუსის მქონეთა რაოდენობის მომატებას აბრალებნენ ასევე ავსტრიაში არსებულ უმუშევრობას. აღნიშნულმა დამოკიდებულებამ დევნილებისადმი ავსტრიის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიწვია.

უცხოელთათვის არსებული ფინანსური დახმარების შემცირება

2015 წლის მიგრაციის კრიზისის შემდეგ ავსტრიაში თავშესაფრის 150 000-მდე მაძიებელი შემოვიდა სირიიდან, ავღანეთიდან, პაკისტანიდან, ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათგან ნახევარმა ავსტრიაში დარჩენის უფლება მოიპოვა. თითოეული მათგანი სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ფულად დახმარებას იღებს კვებისთვის (მაქს. 200 ევრო თვიურად), ბინის გადასახადისთვის (მაქს. 300 ევრო თვიურად), ტანსაცმლისა (მაქს. 150 ევრო წლიურად) და ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების საყიდლად (მაქს. 200 ევრო წლიურად). იმ შემთხვევაში, თუ დევნილის სტატუსის მქონე ვერ ახერხებს დასაქმებას, სახელმწიფო მას უხდის თანხას, მინიმალური ყოველთვიური შემოსავლის (Mindestsicherung) დონეზეა განსაზღვრული, თითოეულ პიროვნებაზე თვეში 827, ხოლო თითოეულ ბავშვზე 149 ევრომდე.

სწორედ აღნიშნული დახმარების შემცირება იყო ერთ-ერთი მიზანი, რომელიც ახალმა მთავრობამ დაისახა და წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითად ლტოლვილის სტატუსის მქონე უცხოელებს აღნიშნული თანხა უმცირდებათ, მისი მიღება კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ პიროვნება ავსტრიაში უკვე 5 წელია ცხოვრობს, გერმანული ენის B 1 დონეს ფლობს და გავლილი აქვს სპეციალური, ინტეგრაციის კურსები.

სოციალურ საკითხთა მინისტრი, ბეატე ჰართინგერ-ქლაინი (Beate Hartinger-Klein, FPÖ), რომლის ხელფასიც 17.511 ევროს შეადგენს, დარწმუნებით აცხადებს, რომ ამ ადამიანებს საკუთარი რჩენისთვის 150 ევრო უნდა ეყოთ. ხოლო თავისუფლების პარტიის ლიდერი ჰაინც-კრისტიან შტრახე აცხადებს, რომ ლტოლვილის სტატუსის მქონე მიგრანტების ინტეგრაციაზე ზრუნვა საჭირო სულაც არ არის, რადგან რიგ ქვეყნებში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ აღნიშნული მიგრანტები ისევ სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

აღნიშნულ ინიციატივას მწვავე კრიტიკა მოჰყვა კარიტასის და წითელი ჯვრის, ასევე ოპონენტი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან (SPÖ).  ამას ისიც ემატება, რომ ბოლო ხანებში განსაკუთრებით გართულდა ლტოლვილის სტატუსის მიღება და გახშირდა შემთხვევები, რომლის დროსაც არალეგალურ მიგრანტთა უფლებების უხეში დარღვევით ხდება მათი ქვეყნიდან დეპორტაცია ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც ცხოვრება უსაფრთხო არაა.

რამდენიმე დღის წინ, ასევე პროტესტის ტალღა გამოიწვია ავსტრიის გადაწყვეტილებამ – ავსტრია ამერიკის შეერთებული შტატების და უნგრეთის შემდეგ მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც უარი განაცხადა ხელი მოაწეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ მიგრაციის გლობალურ ხელშეკრულებას, იმ მიტივით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებამ ქვეყნის სუვერენიტეტი შეიძლება შელახოს.

ვენა არ უნდა იქცეს სტამბოლად

თავისუფლების პარტიის (FPÖ) და მისი ხელმძღვანელი, ვიცე – კანცლერის, ჰაინც-კრისტიან შტრახეს (Heinz-Christian Strache) დამოკიდებულება მუსლიმი მიგრანტების შემოდინებასთან დაკავშირებით უკვე წლებია საკმაოდ რადიკალურია.  შტრახე არასოდეს ერიდებოდა ხმამაღალ მოწოდებებს, რომ „ქვეყნის ისლამიზაცია უნდა შეწყდეს“, „ვენა არ უნდა იქცეს სტამბოლად“ და ავსტრიისთვის პრიორიტეტი ავსტრიელები უნდა იყვნენ და არა მიგრანტები.

დღევანდელ მთავრობაში მყოფი „თავისუფლების პარტიის“ (FPÖ) წევრები საარჩევნო პერიოდში გამუდმებით ამახვილებენ ყურადღებას ისლამიზაციის საფრთხეებზე და სთხოვდნენ ხალხს მხარდაჭერას, რათა „გადაერჩინათ“ ავსტრია უცხოელთა მიერ იდენტობის „მოპარვისგან“ და იმისგან, რომ ავსტრიელები საკუთარ ქვეყანაში უმცირესობად არ ქცეულიყვნენ.

პარტია და მისი წარმომადგენლები დღესაც ხშირად აკეთებენ რასისტულ, ისლამოფობიურ და ანტისემიტურ განცხადებებს, რაზეც საზოგადოების დიდ ნაწილს პროტესტი უჩნდება.

ჰიჯაბის ადგილი ავსტრიაში არ არის

მთავრობა ამჟამად აქტიურად მუშაობს კანონის მომზადებაზე, რომლის მიხედვითაც სკოლებში როგორც მოსწავლეების, ისე პერსონალის მიერ რელიგიური თავსაბურავის  – ჰიჯაბის ტარება აიკრძალება იმ მოტივით, რომ ავსტრია სეკულარული (საერო) სახელმწიფოა. მეორე, ფართოდ გავრცელებული არგუმენტი ის არის, რომ განსხვავებული შესამოსელის გამო სკოლის მოსწავლეების სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია არ მოხდეს.

ინიციატივის კანონმდებლობად ქცევისთვის მთავრობას პარლამენტის 2/3-ის, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი წევრების და პარტიების თანხმობა სჭირდება. აღსანიშნავია ის, რომ მუსლიმებს საბავშვო ბაღებში ჰიჯაბის ტარების უფლება უკვე რამოდენიმე თვეა აღარ აქვთ.

ამასთანავე, ევროპის რამოდენიმე ქვეყნის მსგავსად, ავსტრიამ, ქვეყანაში მყოფი მუსლიმების უფრო კარგად ინტეგრირების მიზნით,  კანონმდებლობის დონეზე აკრძალა საჯარო თავშეყრის ადგილებში ნიქაბის და  ბურკის  ტარება, რომლებიც, ჰიჯაბისაგან განსხვავებით, სახესაც ფარავს. პირველადი ჯარიმა 150 ევროა, ხოლო განმეორების შემთხვევაში პოლიციას უფლება აქვს პიროვნება დააკავოს.

დღესდღეობით ავსტრიაში 700 000 მუსლიმი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2001 წლის შემდეგ მათი რიცხვი გაორმაგდა. „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ (FPÖ) მიერ გამოქვეყნებული გამოთვლების მიხედვით, თუ ქვეყანამ მუსლიმების შემოდინება არ შეზღუდა, 2046 წელს ქალაქ ვენის მაცხოვრებლებიდან ყოველი მესამე მუსლიმი იქნება და აქედან გამომდინარე, ქვეყანამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები მუსლიმი შემოვიდეს ქვეყანაში და თუ ამას ვერ შეაჩერებენ, მაშინ სავალდებულოა ეს ადამიანები მაქსიმალურად ინტეგრირდნენ ავსტრიულ საზოგადოებაში, რაშიც პარტიის აზრით რელიგიური სიმბოლიკა – ჰიჯაბი მათ ხელს უშლის.

აღნიშნულ კანონს, ასევე ინიციატივას საკმაოდ დიდი განხილვა და ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში.

ავსტრიული გაზეთის, სტანდარტის (Der Standard) მიერ 2017 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის მიხედვით ავსტრიის თავისუფლების პარტიის მიერ გამოთვლების შედეგად მოყვანილი ციფრები რეალობას არ შეესაბამება და დიდწილად განპირობებულია პარტიის სტერეოტიპული დამოკიდებულებით მუსლიმთა მიმართ. ამავე თემას ეხმიანება ვენის უნივერსიტეტის პროფესორი ჰაიც ფასმანი (Dr. Heinz Faßmann), რომლის აზრითაც FPÖ-ს და კრისტიან შტრახეს ეს მოსაზრება დაახლოებით ისევე შეესაბამება სიმართლეს, როგორც ფრაზები იმის შესახებ, რომ „ყველა მიგრანტი კრიმინალია“, „მიგრაციის კრიზისი ხელოვნურადაა გამოწვეული“ და „ყველა მუსლიმი ტერორისტია“.

ისწავლის მხოლოდ ის, ვინც თანხას გადაიხდის

პროტესტის ტალღა მოჰყვა ახალი მთავრობის მიერ დაანონსებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ავსტრიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა, რომელიც აქამდე ავსტრიელთათვის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უფასო იყო, ფასიანი ხდება. ასევე უფასოდ შეეძლოთ ესწავლათ მათ, ვისაც სტუდენტის სტატუსთან ერთად კვირის განმავლობაში 40 საათის მუშაობა უწევდათ. ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წარმომადგენლების თქმით, ავსტრიის ახალი მთავრობა ნაცვლად იმისა, რომ განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომად აქციოს, შერჩევითად უშლის ხელს ახალგაზრდებს სწავლაში.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, 13 იანვარს ერთიანმა სტუდენტურმა კავშირმა ვენის ცენტრალურ ქუჩაზე დემონსტრაცია გამართა და ასევე შეიქმნა პეტიცია, რომლის ხელმომწერთა რაოდენობა 60 000-მდე იყო.

მიუხედავად ამისა, მთავრობამ დასაქმებულთათვის გადასახადები უკვე შემოიღო და მომდევნო წლიდან დანარჩენი ავსტრიელებისთვისაც აპირებს შემოღებას.

12 საათიანი სამუშაო დღე

2018 წლის ივნისში სამთავრობო კოალიციაში მყოფმა სახალხო და თავისუფლების პარტიებმა (ÖVP, FPÖ) ინიციატივა გააჟღერეს, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულებისგან კვირაში 60 საათიანი სამუშაო გრაფიკი მოითხოვოს. ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაო დღე 8 საათიდან 12 საათამდე გაიზრდებოდა.

100 000 -მდე ადამიანი გამოვიდა ინიციატივის გასაპროტესტებლად ვენის ქუჩებში. მიუხედავად დიდი საპროტესტო ტალღისა, დაახლოებით სამ კვირაში საკანონმდებლო დონეზე მიიღეს აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ავსტრიის მასშტაბით დაახლოებით 3,7 მილიონ დასაქმებულს შეეხო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დამსაქმებელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, კვირაში რამდენი საათი უნდა იმუშაოს პერსონალმა, იმ შემხვევაში, თუ გადაწყვეტილება 12 საათია, დასაქმებულს არ აქვს უფლება უარი თქვას აღნიშნულ ცვლილებაზე.

აღნიშნულმა ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ავსტრიის ფედერალური დასაქმების პალატაში (Arbeitskammer)  გახშირდა საჩივრები, რომ დამსაქმებელი აიძულებს დასაქმებულს 12 საათი იმუშაოს და ამის გამო ასევე ბევრმა ადამიანმა უარი თქვა სამსახურზე.

ამას თან დაერთო ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც სამი დღის განმავლობაში 12 საათიანი რეჟიმით მუშაობის შემთხვევაში, აუცილებელია, ადამიანმა ზედიზედ ორი დღე დაისვენოს, რათა ორგანიზმმა მოახერხოს ნორმალურად ფუნქციონირება. მიუხედავად აღნიშნულისა, მთავრობამ არ გაითვალისწინა სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ გაერთიანების რეკომენდაცია და 60 საათიანი სამუშაო კვირა დააკანონა.

რით შეიძლება დასრულდეს საპროტესტო ტალღა?

მთავრობის წინააღმდეგ აქტიურად დაწყებული დემონსტრაციების მიზეზი, ბუნებრივია,  მხოლოდ აქ ჩამოთვლილი გარემოებები არ არის. არის კონკრეტული პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა არსებობამაც ავსტრიელებს დემონსტრაციების მოწყობისკენ უბიძგა.

რთული სათქმელია როგორ დასრულდება ეს საპროტესტო ტალღა. ფაქტია, რომ აქციებში მონაწილეთა რაოდენოდა იმატებს და ვენის გარდა მსგავსი აქციები ავსტრიის კიდევ რამდენიმე ქალაქშია დაგეგმილი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ 17 ნოემბერს, ერთ-ერთი ავსტრიული გამოცემის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კოალიციაში ყველაზე მეტი მანდატით მყოფი სებასტიან ქურცის „სახალხო პარტიას“ (ÖVP), არჩევნების შემთხვევაში გამოკითხულთა უმეტესობა, 35% მისცემდა ხმას. აღნიშნული რიცხვი 3.5%-ით მეტია, ვიდრე მის მიერ 2017 წლის არჩევნებში მიღებული ხმები. მეორე ადგილზე 24% ავსტრიის „სოციალ-დემოკრატიული“ (SPÖ), ხოლო 23% „თავისუფლების პარტია“ (FPÖ) დგას, ხოლო მთავრობაში ყოფნის ერთწლიან პერიოდში ამ ორი პარტიისგან შემდგარი კოალიციის მუშაობას გამოკითხულთა 65% დადებითად აფასებს.

მსგავსი/Related

Back to top button