ახალი ამბები

ISFED ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე, ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ 21 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემო კიდევ უფრო მეტი პოლარიზებით და ნეგატიური კამპანიით ხასიათდება, ასევე „გაზრდილია აგრესიული რიტორიკა“.

ანგარიში 29 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და მასში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამ დროს დაფიქსირებულ ხარვეზებზეა საუბარი.

„პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შემაშფოთებელი განცხადებები და პროგნოზები ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, სამოქალაქო ომისა და შესაძლო დესტაბილიზაციის საფრთხეების შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ISFED-ის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ზეწოლა-მუქარის 40, საპრეზიდენტო კანდიდატისადმი მუქარის 1, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3, ფიზიკური დაპირისპირების 5, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 13, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 14, წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის 2, სააგიტაციო მასალების დაზიანების 6 და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 შემთხვევა.

ანგარიშში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილი „სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველი შეტყობინებების“ შესახებ ინფორმაციაც მოხვდა. სამართლიანი არჩევნები სამართალდამცველ ორგანოებს შემთხვევის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ISFED მედიაგარემოზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პირველ და მეორე ტურებს შორის მედია „მკვეთრად პოლარიზებულია“. „მეორე ტურის დასაწყისში, ტელეკომპანია „იმედმა“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ „საგანგებო რეჟიმში“ გადასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მკვეთრად გამოხატავს ოპოზიციური კანდიდატის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ანგარიშში.

სამართლიანი არჩევნები მუნიციპალიტეტებში ზეწოლა-მუქარის ფაქტებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები საჯარო მოხელეებთან სისტემატურ შეხვედრებს მართავენ და „მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მოითხოვენ“. არასამათავრობო ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ზეწოლა-მუქარის გარდა, „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც“ არის.

ორგანიზაციის განმარტებით, საანგარიშო პერიოდში, ძირითადად რეგიონებში, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც გამოვლინდა, რასაც პირველი ტურის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადგილი არ ჰქონია. ამასთან, გამოვლინდა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებიც, რასაც „ასევე არ ჰქონია ადგილი პირველი ტურის კამპანიისას“.

ანგარიშში ამომრჩევლის „უპრეცედენტო მასშტაბის” მოსყიდვად არის შეფასებული, პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც 600 000 მოქალაქის ე.წ. შავი სიიდან ამოღებას და მათი ვალების განულებას გულისხმობს. გარდა ამისა, ISFED ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სახის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ დაპირებებზეც საუბრობს, რაც ორგანიზაციის შეფასებით, „სალომე ზურაბიშვილისთვის ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვების შთაბეჭდილებას ქმნის“ და „ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ნიშნებს შეიცავს“.

ანგარიშის თანახმად, მეორე ტურის წინ, 5 საზოგადოებრივი მოძრაობა გააქტიურდა, რომელთა მიზანიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის საწინააღმდეგო აგიტაციაა, „რაც აჩენს ეჭვებს, რომ მათ მიერ ხდება შემოწირულების განხორციელება დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ“.

ISFED ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, რომ გაემიჯნონ „პოლიტიკური ნიშნით“ ზეწოლის ფაქტებს და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვას”. ამასთან, სამართალდამცველ ორგანოებს პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო ზეწოლა-მუქარისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ფაქტების გამოძიების რეკომენდაციით მიმართავს, პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს კი, სიძულვილის ენის გამოყენებისგან და აგრესიული რიტორიკისგან თავის შეკავებას ურჩევს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button