skip to content
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი მის მიმართ „სიცოცხლის მოსპობის“ მუქარაზე საუბრობს

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში, მან და მისმა შვილებმა „სიცოცხლის მოსპობის მუქარის“ შემცვლი ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები მიიღეს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად“, მათ მიმართ გაჟღერდა ისეთი ფრაზები, როგორიცა – „შუბლს გაგიხვრეტ“, „თქვენს სისხლს დავლევ“ და ა.შ. მისივე თქმით, „მუქარა რეალურია, რამეთუ ავტორები იდენტიფიცირებული პირები არიან – ყოფილი სამხედროები“. ზურაბიშვილის განმარტებით, მუქარის შემცველი ტექსტების ავტორები „თავისი სტატუსებიდან გამომდინარე, ნაციონალურ მოძრაობასთან და მის მეთაურებთან“ არიან დაკავშირებული.

„ძალიან შეურაცხმყოფელია ქვეყნისთვის, რომ ასეთი ადამიანები, ვინც ემუქრებიან ქალს და მის შვილებს, მანიპულირებენ სამხედრო ძალების სახელით იმ ძალის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში და ჩემთვის პირადად ქართული ვაჟკაცობის, ღირსების და თავდადების სიმბოლოა“, – განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

ზურაბიშვილის განმარტებით, ამ ქმედებებით ქვეყანაში „დაძაბულობის, შუღლის და სიძულვილის გარემოს დაფუძნებისათვის“ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, რაშიც „მონაწილეობენ ერთი პოლიტიკური მოძრაობის შიდა თუ გარე ლიდერები, ტელეწამყვანები და ზოგი მათი მხარდამჭერები“.

„წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყნის სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატზე და მის ოჯახზე სიცოცხლის მოსპობის მუქარის გავრცელება მეტად სერიოზულად უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, „მოცემულ ფაქტებზე“ რეაგირებისთვის მან შსს-ს და შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა, „რათა დროულად იქნას აღკვეთილი ყველა მცდელობა, რომელიც მიმართულია დესტაბილიზაციისკენ და არეულობისკენ“.

საპრეზიდენტო კანდიდატმა ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიმართა და წინასაარჩევნოდ სიმშვიდისა და წონასწორობის დაცვისკენ მოუწოდა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ ორგანიზაციებისადმი მისი წინა მსგავსი მიმართვა, „რეაგირების გარეშე დარჩა“. მანვე მოვლენების სამომავლო განვითარებაზე პასუხისმგებლობა მუქარის ავტორებთან ერთად, არასამთავრობო სექტორსაც დააკისრა.

შსს-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მუქარის შემცველი შეტყობინებების შესახებ უწყებას 10 ნოემბერს მიმართა და გამოძიება „კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე“ სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 151-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარებს.

სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება და „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ქმედებები სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და, საჭიროებისამებრ, პასუხისმგებლობაში მისცეს ყველა პირი“. იმავეს აცხადებენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრტიის საერთაშორისო საზოგადოებაშიც“.

არასამთავრობოები არჩევნებში ჩართულ სუბიექტებს „ოპონენტების მიმართ მუქარისა და არაეთიკური ქცევისგან“, ასევე ისეთი ქმედებისა და განცხადებისაგან, თავის შეკავებას ურჩევენ, რომელმაც „შესაძლოა გამოიწვიოს საარჩევნო გარემოსთვის ძალადობრივი ფონის შექმნა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button