skip to content
ახალი ამბები

რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლის მცდელობას დაპირისპირება მოჰყვა

პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კარვების გაშლის მცდელობას დღეს საღამოს შეკრებილებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ექვსმა არასამთავრობო ორგზანაციამ, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და კონსტიტუციის 42-ე მუხლმა სოლიდარობის აქცია სახელწოდებით “კარვებით ვიცავთ თავისუფლებას” გუშინ დააანონსეს. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება “კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვლს კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევს”. ისინი პარლამენტის წინ სიმბოლურად კარვების გაშლას და მხარდაჭერის გამოხატვას ამ ფორმით გეგმავდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტის წინ კარვების გაშლა საღამოს 8 საათზე დაიწყეს, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და კარვები წაართვეს. ამას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ, შეკრებილებმა რამდენიმე კარვის გაშლა მაინც შეძლეს.

დაპირისპირების დროს ზაზა სარალიძის დედა შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმადების ბრიგადის გამოძახება ზაზა სარალიძისთვისაც გახდა საჭირო. ის ამ დროისთვის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში იმყოფება. 

ამ მომენტისთვის, პარლამენტის წინ სიმშვიდეა. ადგილზე რჩებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც პარლამენტის წინ დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში გეგმავენ. სოლიდარობის აქციას პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეებიც უერთდებიან.

დღეს განვითარებულ მოვლენებს, წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის რამდენიმეკვირიანი აქცია უძღოდა. ისინი საკუთარი შვილების მკვლელებისა და საქმეში ჩართული ყველა პირის დასჯას ითხოვენ. მათ პარლამენტის წინ კარვის გაშლა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ერთ-ერთი ასეთი მცდელობა ზაზა სარალიძესა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებით დასრულდა, რასაც 26 ოქტომებრს ზაზა სარალიძის დაკავება მოჰყვა. თუმცა, სასამართლომ სარალიძეს საპატიმრო ღონისძიება მოუხსნა და გირაო შუფარდა.

სამართალდამცველების მხრიდან სარალიძისა და მაჩალიკაშვილისთვის კარვების გაშლის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა არაერთხელ გააკრტიკა არასამთავრობო სექტორმა და სახალხო დამცველმა, თუმცა პოლიცია სხვადასხვა მოტივით, მათ კარვის გაშლის შესაძლებლობას მაინც არ აძლევდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს გუშინ წერილობით აცნობა, რომ მათ პარლამენტის წინ პროტესტის გამოხატვა 7 დეკემბრამდე შეუძლიათ, ამის შემდეგ მერია დედაქალაქის საახალწლოდ მორთვას და პარლამენტის წინ ნაძვის ხის აწყობას გეგმავს, რის გამოც მათ საპროტესტო ადგილი უნდა შეცვალონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button