skip to content
ახალი ამბები

ბახტაძე ჩინეთში ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც 4-5 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს სტუმრობს, გუშინ Bank of China Group-ის თავმჯდომარეს ჩენ სიქინგს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხი განიხილა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩინური კომპანიების დაინტერესებას მიესალმა. „ჩვენი მიზანია, საქართველოს გლობალურ ეკონომიკაში ეფექტური ინტეგრაცია და რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბება“, – დაწერა ბახტაძემ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

გუშინ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და ჩინეთის ბანკმა საქართველოსა და ჩინეთის მცირე და საშუალო საწარმოებს შორის თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ვიზიტის ფარგლებში, 53 ქართული საექსპორტო კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ჩინეთში ქართულ დელეგაციასთან ერთად იმყოფებიან, ჩინელ იმპორტიორებს შეხვდებიან. პრემიერ-მინისტრი ბახტაძე მიიჩნევს, რომ „ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ექსპორტი“ და რომ ჩინური ბაზარი „უდიდესი პლატფორმაა ჩვენი მეწარმეებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა განავითარონ თავიანთი ბიზნესი და, რაც მთავარია, დაასაქმონ ჩვენი მოქალაქეები“.

შანხაიში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრო. დღესვე ბახტაძე შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნაზეც იმყოფებოდა, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნიდან და რეგიონიდან 3 000-ზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. მოგვიანებით, ის ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ დაგეგმილ საპანელო განხილვებზე – Hongqiao International Economic and Trade Forum – სიტყვით გამოვა.

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 2017 წლის მაისში მოაწერეს. შედეგად, საქართველო პირველი ქვეყანა გახდა კავკასიის რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან და იმავდროულად ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა აქვს. 2018 წლის ივნისში საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი ჰონგ-კონგთანაც მოაწერა.

2017 წელს ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წელს ჩინეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 939.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის მოცულობა 207.2 მილიონი აშშ დოლარი (2016 წელს 167.9 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტის მოცულობა 732.3 მილიონი (2016 წელს 547.8 მლნ აშშ დოლარი) იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button