skip to content
ევროპამთავარი თემა

ბელგიის არჩევნები: მწვანე ტალღა დაყოფილ ქვეყანაში

14 ოქტომბერს ბელგიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, სადაც ბელგიელებს და ბელგიაში მცხოვრებ უცხოელებს საშუალება მიეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაეკომპლექტებინათ.

ბელგია ფედერალური სახელმწიფოა, რომელიც სამი რეგიონისაგან – დედაქალაქ ბრიუსელის რეგიონის, ვალონიის რეგიონისა და ფლანდრიის რეგიონისაგან შედგება. ბელგიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ორგანიზებას სწორედ რეგიონები უწევენ.  დედაქალაქ ბრიუსელის რეგიონი  19 მუნიციპალიტეტისაგან შედგება, ვალონიის რეგიონი – 5 პროვინციისა და 262 მუნიციპალიტეტისაგან, ხოლო ფლანდრია 5 პროვინციასა და 300 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

კვლავაც გაყოფილი ქვეყანა თუ ყოვლისმომცველი “მწვანე ტალღა”?

2018 წლის ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ ენობრივად და კულტურულად დაყოფილ ბელგიაში, პოლიტიკური განსხვავებები სულ უფრო იზრდება ჰოლანდიურენოვან, მდიდარ ფლანდრიასა და სამხრეთით მდებარე ფრანგულენოვან, ნაკლებ შეძლებულ ვალონიას შორის.

ფლანდრიელები სულ უფრო მეტად აძლევენ ხმას მემარჯვენეებს – ლიბერალებს, კონსერვატორ ნაციონალისტებს ან ულტრანაციონალისტებს, ხოლო ვალონიაში ისედაც გავლენიანი მემარცხენე განწყობები კიდევ უფრო მარცხნივ იწევს: შედარებით ზომიერი სოციალისტები ხმებს კარგავე, ხოლო ულტრამემარცხენე მარქსისტები შთამბეჭდავ წარმატებებს აღწევენ.

თუმცა, შეიმჩნევა საერთო ტენდენციებიც. მაგალითად, მწვანეებმა ბევრისათვის მოულოდნელ წარმატებას მიაღწიეს ბრიუსელის რეგიონის უმეტეს მუნიციპალიტეტებში. მათ ყველაზე უფრო მეტი ამომრჩეველი მოიმატეს ფლანდრიაშიც, სადაც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ანტვერპენში ხმების ოდენობა გაიორმაგეს კიდეც. მწვანეებმა პოზიციები გაიუმჯობესეს ფრანგულენოვან ვალონიაშიც, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო ქალაქებში.

ამ წარმატებებმა მიმომხილველები “მწვანე ტალღაზეც” კი აალაპარაკა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელ არჩევნებში მწვანეებმა ბავარიასა და ლუქსემბურგშიც დიდი წარმატება მოიპოვეს.

იმიგრანტები პოლიტიკაში მოდიან

ბელგიაში ბოლო კვირას გამართული არჩევნები იმითაც იყო საინტერესო, რომ მნიშვნელოვან ელექტორალურ წარმატებას მიაღწიეს იმიგრანტებმა.

განსჰორენის მუნიციპალიტეტის მერი ცნობილი ბელგიელი ფეხბურთელის, ვინსენტ კომპანის მამა, პიერ კომპანი გახდა, რომელიც პირველი აფრიკული წარმოშობის, ფერადკანიანი მერია ბელგიის ისტორიაში. 71 წლის კომპანი ბელგიაში მისი ყოფილი კოლონიიდან, კონგოდან ლტოლვილად 1975 წელს ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში 19 მერს შორის არიან ფრანგული, თურქული, ბერძნული და  მაროკოელი წარმოშობის მერებიც.

პირველი იმიგრანტი მერი ეყოლება ფლანდრიასაც. ისტორიაში პირველად, საუნივერსიტეტო ქალაქს ლევენს ეთნიკურად არა-ფლანდრიელი, სოციალისტი მოჰამედ რიდოუანი უთავკაცებს, რომელიც წარმოშობით მაროკოელია.

ქალი პოლიტიკოსების წინსვლა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის თვალსაზრისითაც. მაგალითად, ბრიუსელის რეგიონში არჩეულთა 48,8% ქალები არიან, რაც მნიშვნელოვანი მატებაა 2012 წლის 41,5%-თან შედარებით.

60,000 ბრიუსელელი მოქალაქე, ანუ ამომრჩევლის 10% პირველად აძლევდა ხმას ადგილობრივ არჩევნებში. ბელგიელი დამკვირვებლები ამბობენ, მათი დიდი ნაწილი უკიდურეს მარქსისტულ და მწვანე პარტიას აძლევს ხმასო.

რას ნიშნავს ეს ბელგიისათვის?

ბელგიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხშირად მოიაზრება გენერალურ რეპეტიციად რეგიონული და ფედერალური არჩევნებისათვის, რომელიც 2019 წლის 26 მაისს უნდა გაიმართოს. ამავე დღეს გაიმართება ევროპარლამენტის არჩევნებიც.

ბუნებრივია, არსებობს განსხვავებებიც პოლიტიკურ დინამიკაში, თუნდაც იმიტომ, რომ ფედერალური და რეგიონული არჩევნებში ქვეყანაში მცხოვრებ არა-ბელგიელებს ხმის უფლება არა აქვთ, ადგილობრივი არჩევნებისაგან განსხვავებით.

ბელგიის არჩევნებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ყოფილი მთავარი პარტიების საარჩევენო დაღმასვლას, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში შეიმჩნევა.

დასუსტდა მმართველი ლიბერალური პარტიის პოზიციები. პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელის რეფორმატორულმა მოძრაობამ განსაკუთრებული მარცხი იგემა დედაქალაქ ბრიუსელში.  შესუსტდა ზოგადად სხვა მთავარი პარტიების, მაგალითად, სოციალისტების პოზიციებიც.

სამაგიეროდ ელექტორალური წარმატებები სამივე რეგიონში აქამდე ნაკლებად წარმატებულმა პარტიებმა გაინაღდეს.

სავარაუდოა, რომ ტენდენცია ბელგიაში 2019 წლის ფედერალურ და რეგიონულ არჩევნებშიც შენარჩუნდება.

მსგავსი/Related

Back to top button