ახალი ამბები

პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდება

2019 წლის იანვრიდან საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში დაბრუნდება და საკანონმდებლო საქმიანობას დედაქალაქში განაგრძობს. მმართველი გუნდი რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე უკვე მუშაობს.

ქართულ ოცნებაში პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნების მიზეზად ბოლო წლებში პარლამენტის ორი შენობისთვის დახარჯულ დიდ საბიუჯეტო თანხებს და მთავრობასთან გართულებულ კოორდინაციას ასახელებენ.

პარალმენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, პარლამენტის ორ სხვადასხვა ქალაქში მუშაობა, „პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას აზიანებს, მეორეს მხრივ კი, საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციას ასუსტებს. ჩუგოშვილის თქმით, ქუთაისის პარლამენტის შენობა უფუნქციოდ არ დარჩება და მას „საკმაოდ საინტერესო დანიშნულება მოეძებნება“. „შსს აპირებს, რომ ერთგვარი საპოლიციო ჰაბისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა მან.

  • შსს-ის ინფორმაციით, ქუთაისის პარლამენტის შენობაში „112“, საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო განთავსდება. 

ხარჯების დაზოგვაზე, მთავრობასთან გართულებულ კომუნიკაციასა და საორგანიზაციო კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ პარტიის სხვა წევრებიც. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, პარლამენტის თბილისში დაბრუნება ქუთაისის სტატუსს არ დააკნინებს. მისივე თქმით, უკეთესი იქნება, თუკი ქუთაისის პარლამენტის შენობის შენახვისთვის გამოყოფილი თანხები ადგილობრივ საჭიროებებს მოხმარდება.

  • საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გივი მიქანაძის განმარტებით, ქუთაისში პარლამენტის შენობის „ოპერირება-ფუნქციონირებისთვის“ წელიწადში ჯამში 2.5 მილიონი ლარი იხარჯება.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ ოპოზიციაში. ევროპული საქართველოს წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ქუთაისიდან პარლამენტის გადატანით, ქალაქი არა მხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს დაკარგავს, არამედ ეს ადგილობრივებისთვის ფინანსურ პრობლემებსაც შექმნის.

იგივე პოზიცია აქვთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. პარტიის ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება, პარლამენტის ადგილმდებარეობის ცვლილება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებით ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის.

საკანონმდებლო საქმიანობამ ქუთაისში 2012 წელს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების შედეგად, მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც კონსტიტუციით პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი განისაზღვრა. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის კვლევის მიხედვით, ქუთაისში ახალი პარლამენტის მშენებლობისთვის დაახლოებით 330 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნების შესახებ საუბარი აქტიურად დაიწყო. თუმცა, ინიციატივამ მმართველი გუნდის ოპონენტების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ქართულ ოცნებას კი, შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის ხმების საჭირო რაოდენობა არ ჰქონდა.

2014 წელს საკომიტეტო განხილვებმა ქუთაისიდან თბილსში, რუსთაველის გამზირზე არსებული პარლამენტის შენობაში გადმოინაცვლა, რომლის განახლებასა და მოწყობაზეც, IDFI-ის ინფორმაციით, 22 732 346 ლარი დაიხარჯა.

2018 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, კანონმდებლებმა კონსტიტუციიდან ის ჩანაწერი ამოიღეს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი იყო განსაზღვრული. ახალი კონსტიტუცია ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button