skip to content
ახალი ამბები

ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს


ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს, 24 მარტი, 2018. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 22 თებერვალს უკანონოდ დაკავებული და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
თავდაპირველად, მისი დასაფლავება მუნიციპალურ სასაფლაოზე იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით, სავარაუდოდ, ოჯახის თხოვნის შედეგად, გეგმები შეიცვალა და იგი ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 2007-2011 წლებში შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
ტატუნაშვილი, რომლის ცხედარიც საქართველოს ხელისუფლებას 20 მარტს, ცხინვალის პატიმრობაში გარდაცვალებიდან 26 დღეში გადასცეს, ოჯახს წილკნის დევნილთა დასახლებაში 21 მარტს დაუბრუნდა.
მას შემდეგ, ასობით მოქალაქემ მიაგო პატივი ტატუნაშვილის ხსოვნას, მათ შორის 2016 წლის მაისში აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახმაც.
24 მარტს დილით ტატუნაშვილის ცხედარი წეროვნის წმინდა გიორგის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც ასობით ადამიანმა მიაგო პატივი მის ხსოვნას.
მოგვიანებით კი იგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.
არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც წარმოშობით ახალგორიდან იყო, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდა, თუმცა ადმინისტრაციულ საზღვარს პერიოდულად კვეთდა, სადაც ის, გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნაყიდი ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობდა.     
ტატუნაშვილი 22 თებერვალს ახალგორში დააკავეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას „ოსების წინააღმდეგ გენოციდში“, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან კავშირსა და „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე რესპუბლიკის ტერიტორიაზე დივერსიული აქტების მომზადებაში“ დასდო ბრალი.
მომდევნო დღეს ცხინვალის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკითხვის შემდეგ საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას ტატუნაშვილმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ინფორმაცია ტატუნაშვილის წამებით მოკვლის შესახებ მისი გარდაცვალებიდან მალევე გაჩნდა. საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ იგი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ირაკლი თოიძემ, რომელიც ცხედრის ექსპერტიზას ესწრებოდა, განაცხადა, რომ ტატუნაშვილს „თითქმის მთელ სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ხასიათის დაზიანებები, ნაჭდევების სახით, სისხლნაჟღენთების სახით“, რითიც მიანიშნა, რომ ის აწამეს.

მსგავსი/Related

Back to top button