ინტერვიუმოსაზრება

სტივ ჰედლი 2008 წლის ომზე, რუსეთზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობს

Tags

2008 წელს რუსეთს სტრატეგიულ საფასურს თუ არ გადავახდევინებდით, „შემდეგი ქვეყანა უკრაინა იქნებოდა. უკრაინას ბალტიისპირეთი მოჰყვებოდა. ბალტიისპირეთის ქვეყნები კი, მოგეხსენებათ ნატოს წევრები არიან და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ომი ნატოსა და რუსეთს შორის ომი იქნებოდა. ეს კი არავის უნდა“, –  აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის ეროვნული უშიშროების ყოფილი მრჩეველი. რა ხდებოდა რუსეთის საქართველოში შეჭრამდე და ომის დაწყების შემდეგ თეთრ სახლში და სად ვართ დღეს, აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ? – ამ თემებზე სტივ ჰედლის ია მეურმიშვილი ესაუბრა.

აგვისტოში რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წელი შესრულდება. როგორ იხსენებთ მოვლენებს ეროვნული უშიშროების საბჭოში, რომლებიც წინ უსწრებდა ომს? რა შინაარსის დისკუსიები იმართებოდა თეთრ სახლში მაშინ, როდესაც პრობლემის ნიშნები უფრო და უფრო იკვეთებოდა?

ცხადი იყო, რომ მიმდინარეობდა მზადება და პოზიციების გაძლიერება. რთული სათქმელი იყო, რა ზრახვები ჰქონდა რუსეთს, მაგრამ ეს ნამდვილად გვაწუხებდა. პრეზიდენტმა ბუშმა ორი რამის გაკეთება სცადა – მკაფიოდ გამოეხატა საქართველოსადმი და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის სააკაშვილისადმი პერსონალური მხარდაჭერა და მეორე – ერჩია მისთვის რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა, რადგან საქართველო რუსეთის ინტერვენციას თავს ვერ გაართმევდა. ის კი, ჩვენ შევძლებდით თუ არა ამის შეკავებას ნათელი არ იყო. სამწუხაროდ, ეს კომბინაცია საკმარისი არ გამოდგა.

პრეზიდენტი ბუში 2005 წელს საქართველოში ჩავიდა.

დიახ, მე იქ ვიყავი. დიდებული დღე იყო, შთაგონების მომცემი.

ეს ისტორიული ვიზიტი იყო. ბუშმა მაშინ საქართველოს „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა. ამ განსაკუთრებული მხარდაჭერის ფონზე, გაჩნდა მოსაზრება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მიაჩნდა, რომ ამერიკის უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა. თქვენ რას ფიქრობთ?

მე [მოვლენები] სხვანაირად მახსოვს. მახსოვს, ომამდე სააკაშვილის თეთრ სახლში ვიზიტი და პრეზიდენტ ბუშთან მისი შეხვედრა ოვალურ ოფისში. მედიის თანდასწრებით, პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სააკაშვილის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა. როდესაც მედია ოთახიდან გავიდა და როდესაც შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – „რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ და მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ – გეოგრაფიის გამო“.

სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველოში ომამდე ერთი თვით ადრე იმყოფებოდა. რამდენიმე ოფიციალურმა პირმა დაადასტურა ის, რომ რაისმა სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ის მარტო დარჩებოდა და ეს მისი დასასრული იქნებოდა.

მარტო დარჩებოდა არა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მას მივატოვებდით, არამედ იმ რეალობის გამო, რომელიც ჩვენთვის ძალიან გაართულებდა იმის შეჩერებას, რაც რუსეთმა გააკეთა. ეს თანმიმდევრული მიდგომა იყო პოლიტიკასთან, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილს მანამდე გაუცხადა. კონდოლიზა რაისი თბილისში სწორედ ამ გზავნილის გასამეორებლად ჩავიდა. ეს მართალია.

თქვენი აზრით, რას უკავშირდება ეს ყველაფერი – პრეზიდენტი ბუში, სახელმწიფო მდივანი რაისი, ალბათ, თქვენც, თქვენს საუბრებში საქართველოს ოფიციალურ პირებთან, ყველას ერთი გზავნილი გქონდათ. რატომ იმეორებდით ერთსა და იმავეს, რომ საქართველოს რუსეთის პროვოცირება არ მოეხდინა? რას აკეთებდა სააკაშვილი ისეთს, რაც ამ გზავნილის ასეთ მაღალ დონეზე რამდენჯერმე გამეორებისკენ გიბიძგებდათ?

ლიდერები ამას ხშირად აკეთებენ. ისინი ძლიერი ნებისყოფის ადამიანები არიან. სააკაშვილიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ასეთი იყო – ახალგაზრდა, მოტივირებული, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი. მან ქვეყნისთვის არაჩვეულებრივი საქმეები გააკეთა. როცა ასეთ სიტუაციაში ხარ, გინდა ერთი გზავნილი უწყვეტად იმეორო იმაში დასარწმუნებლად, რომ ის ბოლომდე იქნას გაგებული.

მეორე, იმ პერიოდში რუსები ბევრ ისეთ რამეს აკეთებდნენ, რაც შეიძლებოდა სააკაშვილის პროვოცირების მცდელობად აღქმულიყო. ასე რომ, ამ გზავნილის გამეორების მიზანი მეგობარი ქვეყნის ლიდერისთვის პატივისცემით და სრული სერიოზულობით ჩვენი პოზიციის შეხსენება იყო. რუსეთი სააკაშვილის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დამშვიდება იმისთვის, რომ რამე ისეთი არ გაეკეთებინა, რასაც მოგვიანებით ინანებდა.

თქვენი აზრით, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო?

ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ყველაფერი იცი, წარსულში მომხდარი ომების უმრავლესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აწმყოში შეზღუდული ანალიზიდან გამომდინარე, ომის თავიდან აცილება შესაძლებელია. ომები ხდება და ისინი არავის უნდა, მაგრამ ომები ყოველთვის ხდება.

თქვენი ადმინისტრაციის მიმართ ხშირად ისმოდა კრიტიკა, რომ თქვენ არ გესმოდათ [როგორ მუშაობს] რუსეთი, კრემლი, პრეზიდენტი პუტინი. სახელმწიფო მდივან რაისზე განსაკუთრებით იყო შექმნილი შეხედულება, რომ ის რუსეთს ყველაზე კარგად იცნობდა. თუმცა, ბოლოს აღმოჩნდა, რომ ადმინისტრაციამ რუსეთის ზრახვები, სინამდვილეში, ვერ გათვალა. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? რამდენად კარგად იცნობდა ბუშის ადმინისტრაცია რუსეთს?

ვფიქრობ, ჩვენ რუსეთის ძალიან კარგად გვესმოდა. ვცადეთ რუსეთის ჩართვა, ვცდილობდით პუტინს დაენახა, რომ შეეძლო რუსეთის დასავლეთში სამუდამოდ შემოყვანა, დასავლურ ინსტიტუტებთან დაკავშირება. ჩვენ ვეცადეთ მას ევროკავშირთან და ნატოსთან დადებითი ურთიერთობები ჩამოეყალიბებინა. ამისთვის შევქმენით ნატო-რუსეთის საბჭო. ბევრი რამ გავაკეთეთ, ბალისტიკურ ანტისარაკეტო სისტემის სფეროში თანამშრომლობა შევთავაზეთ და მათ სტრატეგიული პარტნიორებივით ვექცეოდით.

ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ეს ურთიერთობა „ფერადმა რევოლუციებმა“ ამოაგდო რელსებიდან. პუტინმა თავში ჩაიდო, რომ ფერად რევოლუციებს ამერიკა აწყობდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს იარაღი იყო.

ეს, რა თქმა უნდა, სიმართლე არ არის. მიზანი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნების ხელშეწყობა იყო, რადგან მიგვაჩნია, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნები კარგი მეზობლები არიან. მაგრამ პუტინმა ეს ყველაფერი ისე აღიქვა, რომ მის გარშემო რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი მთავრობები იქმნებოდა. ზოგს მიაჩნია, რომ რუსეთის სამეზობლოში ფერადი რევოლუციები რუსეთში მსგავსი რევოლუციის მოწყობის რეპეტიცია იყო.

ეს ამერიკის პოლიტიკა არ იყო. ჩვენ ფერადი რევოლუციების უკან არ ვიდექით. ისინი თვითონ იმ ქვეყნების მოქალაქეებმა მოაწყეს. პუტინი ამას ასე არ ხედავდა და ვფიქრობ, ეს პრობლემაა. მაშინ შეიცვალა რუსეთის და პუტინის პოლიტიკა. ის უფრო მტრულად განეწყო და ეჭვით უყურებდა დასავლეთის საქმიანობას. 2008 წელს საქართველოში შეჭრა, გარკვეულწილად, მისი გარდაქმნის დასასრული იყო.

როდესაც ის საქართველოში შეიჭრა და ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, თუ რა სახის რეაქცია გვქონოდა. ჩვენი მიზანი პუტინისთვის იმის ჩვენება იყო, რომ ის ამ მოქმედებისთვის  სტრატეგიულ ფასს გადაიხდიდა. ტაქტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ამით ვერაფერს მოვიგებდით. თუმცა ვფიქრობდით, რომ თუ საქართველოს შემთხვევაში, 2008 წელს ამას არ გავაკებდით, შემდეგი ქვეყანა უკრაინა იქნებოდა. უკრაინას ბალტიისპირეთი მოჰყვებოდა. ბალტიისპირეთის ქვეყნები კი, მოგეხსენებათ, ნატოს წევრები არიან და ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ომი ნატოსა და რუსეთს შორის ომი იქნებოდა. ეს კი არავის უნდა.

ანუ, ამბობთ, რომ რუსეთს საფასური გადაახდევინეთ?

რამდენიმე რამ გავაკეთეთ. გამანადგურებელი შავ ზღვაში შევიყვანეთ. ერაყში მებრძოლი საქართველოს ჯარისკაცები საქართველოში დავაბრუნეთ. ქვეყანაში დახმარება სამხედრო გემით შევიტანეთ იმის გამო, რომ რუსეთისთვის გვეჩვენებინა, რომ მოვლენები რუსეთს უფრო ფართო კონფრონტაციის საფრთხის წინაშე აყენებდა.

კონდოლიზა რაისმა, ომის განმავლობაში, ლავროვთან  მეორე სატელეფონო ლაპარაკის შემდეგ, საჯაროდ ისაუბრა. ლავროვმა მას უთხრა, რომ სააკაშვილის მოშორება და თბილისის აღება, რუსეთის ერთ-ერთი მიზანი იყო. რაისმა ლავროვის ეს სურვილი გაასაჯაროვა, რითაც ერთგვარი წითელი ხაზი გაავლო. ჩემი აზრით, ამ ნაბიჯმა რუსეთის თბილისისკენ წინსვლა შეაკავა.

ეკონომიკურ სანქციებს რაც შეეხება, პრობლემა იმაში იყო, რომ ომის შემდეგ, მალე გლობალური ფინანსური კრიზისი დაიწყო, რამაც რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება ძალიან გაართულა. ჩვენ, მოკავშირეებთან ერთად რუსეთთან ურთიერთობა შევაჩერეთ, შევწყვიტეთ ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა. ვეცადეთ გაგვეჩინა შეგრძნება, რომ რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობას ტუალეტში ვრეცხავდით. გვინდოდა რუსეთს და პუტინს სცოდნოდა, რომ ეს მიუღებელი საქციელი იყო და ეწინააღმდეგებოდა ყველა იმ პრინციპს, რომელიც ცივი ომის შემდეგ, ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენდა. ამის უმთავრესი ნაწილი კი, ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემა და საზღვრების შეცვლის მიზნით სამხედრო ძალის არგამოყენება იყო. პუტინის საქართველოში შეჭრამ ყველა ეს პრინციპი დაარღვია.

მიუხედავად იმისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი იყო. 2008 წლის  ნოემბერში ამერიკა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. ამასთან, ადმინისტრაციას ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, მოკავშირეებთან პოლიტიკური კაპიტალი თითქმის აღარ ჰქონდა დარჩენილი. არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ზოგადად, დასავლეთის რეაქცია რუსეთის საქართველოში შეჭრაზე საკმაოდ სუსტი იყო. როგორ ფიქრობთ, ამ სუსტმა რეაქციამ წააქეზა თუ არა რუსეთი უკრაინაში ომის დაწყებაში?

ეს არავინ იცის. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. ამ დროს, დიდი დეპრესიის შემდეგ, ამერიკაში უდიდესი ფინანსური კრიზისი მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ობამას ადმინისტრაციას და ევროპელებს ის პროცესები, რაც ჩვენ დავიწყეთ, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის გაყინვა უფრო ხანგრძლივი პერიოდით უნდა გაეგრძელებინათ. ისე, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში გავაკეთეთ. საკუთარი მიზეზებიდან გამომდინარე, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის განხორციელება გადაწყვიტა. ამას კი, შედეგად რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა და ჩვენი გადადგმული ყველა ნაბიჯის უკან წაღება მოჰყვა. არავინ იცის რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა სხვა პოლიტიკას და შეაკავებდა თუ არა ის რუსეთის მოქმედებას უკრაინაში.

საფრანგეთს პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ორგანიზება გასწია. ე.წ. სარკოზის შეთანხმება, რომელსაც 6 პუნქტი აქვს, ამ ეტაპზე არ სრულდება. რას ფიქრობთ ამ შეთანხმებაზე?

მოდით, ნუ უარვყოფთ იმას, თუ რას მიაღწია ამ შეთანხმებამ. თბილისისკენ მიმავალი გზები რუსულ ტანკებისთვის თავისუფალი იყო და რუსეთს მარტივად შეეძლო იქ შესვლა, მთავრობის გადატრიალება და ქვეყანაზე კონტროლის დაწესება. ეს არ მოხდა და დღეს საქართველო დამოუკიდებელი, მოქნილი ეკონომიკის და პოლიტიკური პროცესების მქონე ქვეყანაა. კი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღეს რუსეთის ჯარებია განლაგებული, მაგრამ ისინი ამ ორ რეგიონში ომამდეც იყვნენ. ასე რომ, მოდით, ასე სწრაფად არ გავაქარწყლოთ ის, რასაც ამ შეთანხმებამ მიაღწია.

თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ ეტაპზე? იმ ფონზე, როდესაც პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად მეოთხე ვადით აირჩიეს და როდესაც კრემლი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად სხვა ქვეყნებმაც აღიარონ?

ჩვენს ქართველ მეგობრებს ვეტყოდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი საზოგადოების, საკუთარი ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა და ისეთი დემოკრატიის აშენებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს. ასეთი საქართველო მაგალითი იქნება არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ ხალხისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ვფიქრობ, როდესაც საქართველო ამას გააკეთებს, აფხაზები და ოსები გადაწყვეტენ იმას, რომ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა მათთვის უკეთესია, ვიდრე რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრება.

ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მე მაქვს, დღეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრება ადვილი არ არის. იმედი მაქვს იქ მცხოვრები ადამიანები იფიქრებენ იმას, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეს. მაგრამ საქართველომ თავის მხრივ სწორედ ეს უნდა გააკეთოს, ააშენოს ქვეყანა, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს და მხარს უჭერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button