ახალი ამბები

პარლამენტში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს

პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებმა 19 ივნისს საკომიტეტო, ასევე საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქციების სხდომებზე დეპუტატებს საქმიანობის ანგარიში და სამინისტროებში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები გააცნეს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ წარადგინა. მან ყურადღება მთავარ პრიორიტეტებზე, მათ შორის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მიღწევაზე, ფუნდამენტური და ინოვაციური რეფორმების გატარებაზე და მცირე ზომის მთავრობის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა.

ბახტაძემ არსებულ ეკონომიკურ მოდელში უსამართლობის პრინციპებზე ისაუბრა და ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად „სამართლიანი თამაშის წესებზე“ გადასვლა დაასახელა.

„დიახ, მე ვფიქრობ, რომ არსებულ ეკონომიკურ მოდელში არსებობდა უსამართლო თამაშის წესები, რომელიც ხელს უწყობდა საქართველოში სიღარიბის ვერ დაძლევას, ხელს უწყობდა იმას, რომ ჩვენმა ეკონომიკამ ვერ განავითარა ძლიერი მხარეები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გუშინდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა იმ 32 ინიციატივაზეც ისაუბრა, რასაც უახლოეს მომავალში მთავრობა გეგმავს. მისი თქმით, პირველი ინიციატივა ყველა გადამხდელისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა იქნება, რაც ჯამში იმ 36 ათას გადამხდელს შეეხება, ვისაც დავალიანება 2013 წლის 1 იანვრამდე დაუგროვდა და მას შემდეგ აქტივობა არ უფიქსირდება.

„ჩვენ გვჭირდება ისეთი რეფორმები, რომელიც დაგვეხმარება დავამარცხოთ საქართველოში მთავარი ეკონომიკური გამოწვევა და ეს ეკონომიკური გამოწვევა არის სიღარიბე“, – განაცხადა მან.

ბახტაძემ ყურადღება მცირე მთავრობის კონცეფციაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ საჭიროა სამთავრობო სტრუქტურების შემცირება და ამაზე იგი „პოლიტიკურ პასუხისმგებლობას“ იღებს.

„პროგრამა რომელიც მე წარმოვადგინე მოითხოვს მცირე მთავრობის კონცეფციას… კანონპროექტი გულისხმობს სამინისტროების შემცირებას და მე ნამდვილად ვთვლი, რომ დღეს საქართველოს 11 სამინისტროზე მეტი ეფექტური მმართველობისთვის არ სჭირდება…ეს არის ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ძირითადი კითხვები ეკონომიკურ საკითხებზე, მთავრობის რეორგანიზებაზე და ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დაუსვა. დეპუტატების მხრიდან განსაკუთრებული კრიტიკა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თეა წულუკიანის მიმართ იყო. ისინი მთავრობის ახალ შემადგენლობაში მისი კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ. ხმაური იყო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხდომაზეც, სადაც დეპუტატმა ნიკა მელიამ შინაგან საქმეთა მინისტრს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პროცესების შესახებ პასუხები მოსთხოვა.

პარტია ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიითაც დაინტერესდა, რომელიც მთავრობას პარლამენტისთვის 15 ივნისამდე უნდა წარედგინა. პასუხად, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სიის შედგენის თარიღის გადაწევა მთავრობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა და სიის დამტკიცება მთავრობის პირველივე სხდომაზე მოხდება.

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტი არსებული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, გარდა საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისა. ამ თანამდებობებზე მინისტრების მოადგილეები დავით ზალკალიანი, გიორგი ჩერქეზიშვილი და ნიკოლოზ გაგუა არიან წარდგენილები.

დეპუტატები მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ 20 ივნისს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. მთავრობის დასამტკიცებლად არსებული კანონმდებლობით, არანაკლებ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს.

მთავრობის არსებული შემადგენლობა დროებითია და მას შემდეგ, რაც სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, მამუკა ბახტაძე პარლამენტს განახლებულ მინისტრთა კაბინეტს წარუდგენს.

მთავრობის არსებულ შემადგენლობას უფლებამოსილება 13 ივნისს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ შეუწყდა. მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ფინანასთა მინისტრი მამუკა ბახტაძე 14 ივნისს დაასახელა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button