ახალი ამბები

პარლამენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებზე რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა დღეს 106 ხმით „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ რეზოლუცია ხანგრძლივი კონსულტაციის შედეგად, კონსენსუსით მიიღეს.

რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევები, რასაც რეგულარული ხასიათი აქვს. 

რეზოლუციაში ასევე ასახულია 22 თებერვალს ცხინვალის რეგიონში, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების და 2016 წელს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტები, რაზეც  „პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას“.

არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას საქმეებთან დაკავშირებით ქართული მხარე რეზოლუციის მიხედვით მიმართავს როგორც რუსეთს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა  საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს  საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობა.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულება და  შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია, გააუქმოს გადაწყვეტილება  ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ, ასევე – კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართავს და მოუწოდებს, დააწესოს ყველა შესაძლო შეზღუდვა და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სიის შესაბამისად და გააძლიეროს ძალისხმევა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საერთაშორისო მექანიზმების ასამოქმედებლად.

რეზოლუციის მიხედვით, პარლამენტი საქართველოს მთავრობას 15 ივნისამდე აძლევს ვადას, რათა საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. რეზოლუცია ასევე ავალებს მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ და პარტნიორმა სახელმწიფოებმა სიაში შეყვანილ პირთა მიმართ  სანქციები, მათ შორის, სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დააწესონ და ხელი შეუწყონ სამართლის აღსრულებას.

„პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია არის რუსეთთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა“, – განაცხადა კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ „ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან მიმართებით პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებისას“, რომელიც დაკავშირებულია „ჩვენი ისტორიული რეგიონების დეოკუპაციასთან და საქართველოს მიერ აღებულ დასავლურ კურსთან“.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ ეფექტურობის თაობაზე სკეპტიციზმი გამოთქვა და აღნიშნა, რომ სია „მკვდრადშობილია“ და „მას არანაირი ეფექტი არ ექნება“. მან ასევე გააკრიტიკა რეზოლუცია იმის გამო, რომ მასში არ იქნება ასახული  ნაციონალური მოძრაობის რეკომენდაცია, „საქართველოს მთავრობას დაეწყო მუშაობა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან რუსეთის მიმართ სანქციების გამოყენების თაობაზე 2008 წლის ხელშეკრულების დარღვევის გამო“.

რეზოლუცია გააკრიტიკეს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმაც. დეპუტატ ადა მარშანიას თქმით, რეზოლუციაში არსებობს ჩანაწერები, რომლითაც  შესაძლებელია შეფერხდეს რუსეთთან „პირდაპირი დიალოგის პერსპექტივა“. 

Related Articles

Back to top button