Placeholder canvas
ახალი ამბები

მოგერინი: ევროკავშირი განსაკუთრებულ როლს ასრულებს საქართველოში

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტის წევრებს 12 ივნისს განუცხადა, რომ „საქართველოში 2008 წლის ომიდან 10 წლის შემდეგ, ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა მშვიდობისა და კონფლიქტის ნამდვილი გადაჭრისთვის“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ევროპარლამენტის დებატებზე გამოსვლისას, მოგერინიმ რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში ევროკავშირის ჩართულობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ის „განსაკუთრებულ როლს ასრულებს“ ქვეყანაში.

„ევროკავშირი კონფლიქტის შედეგების მართვის პროცესში მთავარ როლს თამაშობს, რეგიონში ყველა ადამიანის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და გრძელვადიანი გადაწყვეტილების მოსაძიებლად“, – განაცხადა მოგერინიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში, რომელიც „ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობაა ადგილზე“, „სტაბილიზაციის შეუცვლელი ფუნქცია შეასრულა, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველა საზოგადოების სასარგებლოდ“.

მოგერინი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსაც შეეხო, რომელსაც ევროკავშირი თანათავმჯდომარეობს, და განაცხადა, რომ „წინსვლა უმნიშვნელოა“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „დისკუსიებმა ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შედარებით მართვადობას ხელი შეუწყო“.

შემდეგ მან ზოგადად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არის ნამდვილი პარტნიორობა, ძლიერი მეგობრობა, რომელიც პოლიტიკურ ასოცირებას, განვითარების სფეროში თანამშრომლობას, ეკონომიკურ გაცვლებს და ასევე ჩვენს ხალხებს შორის ძლიერ მეგობრობას ეფუძნება“.

მოგერინიმ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მიდგომა „მოიცავს თვითგამოცხადებული რეგიონების ჩართვას ჩვენს მიერ საქართველოში მიმდინარე პროგრამებში, როდესაც ეს შესაძლებელია. ამას ჩვენ, მაგალითად, სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და პროფესიული მომზადების პროგრამებში ვაკეთებთ“.

„ჩვენი პოლიტიკა არის არაღიარება და ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩართულობა, რაც საქართველოს მთავრობის მიდგომას ზუსტად შეესაბამება“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button