skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობო სექტორი სოფო კილაძეს 17 მაისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის მიერ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებენ და საქართველოს პარლამენტს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობოების უკმაყოფილება სოფო კილაძის 30 აპრილის კომენტარს მოჰყვა, რომლის თანახმად, საპარლამენტო კომიტეტი მიმდინარე წელს 17 მაისის აღნიშვნას არ აპირებს. ლიბერალის ჟურნალისტთან საუბრისას, კილაძემ გადაწყვეტილების განმარტებისგან თავი შეიკავა და განაცხადა: „ჩვენი ნება არის, გვინდა აღვნიშნავთ, გვინდა არ აღვნიშნავთ”.

კოალიციამ თანასწორობისთვის, რომელშიც 8 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიანდება, კილაძის საპასუხო განცხადება 3 მაისს გაავრცელა. მათი თქმით, „აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ ადამიანების უფლებების არაღიარების და იგნორირების პრაქტიკის გაგრძელებაა”.

„ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პოლიტიკაში საქართველოს პარლამენტის კრიტიკული როლის მიუხედავად, ხშირად სწორედ პარლამენტი ხდება ის სივრცე, სადაც მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულებები და წინასწარგანწყობები ყველაზე მწვავედ მჟღავნდება”, ნათქვამია განცხადებაში.

კილაძის განცხადებას ლგბტ პირთა უფლებადამცველმა ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობის წევრებმაც გააკრიტიკეს. ორგანიზაციამ პირველ მაისს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გამართა.

სოფო კილაძის მხარდამჭერი კონტრაქცია გამართა ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ. კონტრაქციის აქციის მონაწილეებმა საპირისპირო აქციის წარმომადგენლებს კვერცხები დაუშინეს.

კილაძის გადადგომა მოითხოვა 30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც. მათ მიერ პირველ მაისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სოფო კილაძის დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ „შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button