skip to content
ახალი ამბები

საარჩევნო დავა მერობის ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ დასრულდა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 27 ოქტომბერს, ძალაში დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საოლქო საარჩევნო კომისიის ორი განკარგულება გაუქმდა და თიანეთის მერის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა, თამაზ მეჭიაურმა, გაიმარჯვა.
თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ორი სადავო განკარგულება 22 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს გამოსცა. პირველი განკარგულებით, კომისიამ ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მმართველი პარტია, ქართული ოცნება, მოითხოვდა; მეორე განკარგულებით კი, ხელახალი გადათვლისას აღმოჩენილი რამდენიმე ნამდვილი ბიულეტენი ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა ოთხხმიანი უპირატესობა მოიპოვა და ხმათა 50.03% მიიღო. 
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 25 ოქტომბერს დააკმაყოფილა მერობის ოპოზიციური კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის, საჩივარი და თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის 22 ოქტომბრის განკარგულებები ბათილად სცნო. ამ გადაწყვეტილებით, აღდგა არჩევნების პირვანდელი შედეგები, რომელთა მიხედვითაც თამაზ მეჭიაურმა ლელა ქიტესაშვილს ერთი ხმით მოუგო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, თიანეთის მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური სცნო.
თამაზ მეჭიაური, რომელიც ქართული ოცნების წევრი იყო, მმართველი პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა და საკუთარი პოლიტიკური პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ დააფუძნა.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მეჭიაურმა პარტიული სია მხოლოდ თიანეთის მუნიციპალიტეტში წარადგინა. წინასწარი მონაცემებით, მისი პარტია პროპორციულ არჩევნებში, ქართული ოცნების შემდეგ, მეორე ადგილზე გავიდა და ხმათა 31.22% მიიღო. მეჭიაურის პარტიას ადგილობრივ არჩევნებში 10 მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავდა. თიანეთში წარდგენილი 9 კანდიდატიდან გამარჯვება მხოლოდ ორმა შეძლო. კიდევ ერთი მაჟორიტარი კანდიდატი დუშეთის საარჩევნო ოლქში დამარცხდა. 

მსგავსი/Related

Back to top button