skip to content
ახალი ამბები

ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინა

ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა – რესპუბლიკელმა ტედ პომ და დემოკრატმა ჯინ გრინმა – 23 ოქტომბერს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს შესახებ ორპარტიული რეზოლუცია წარადგინა.

რეზოლუციაში, რომლის სახელწოდებაცაა „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთხელ დადასტურება“, ნათქვამია, რომ აშშ-ს და საქართველოს მეგობრობა და თავისუფლების მიზნისადმი  ერთგულება აკავშირებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ „საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ერთი მეხუთედი,  კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული“.

რეზოლუცია მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ნატოში მისწრაფების მიმართ და ყურადღებას ამახვილებს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ასპექტზე, ასევე საქართველოს წარმატებულ რეფორმებზე, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, რასაც „ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მზარდი უცხოური ინვესტიციები მოყვა, მათ შორის ამერიკული ბიზნეს კომპანიებიდან“.

იმავდროულად, რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ „აშშ-ის კონგრესის წევრებმა წუხილები გამოთქვეს იმ პირებთან დაკავშირებით საქართველოში, რომლებიც ცდილობენ, ხელი შეუშალონ ამერიკული კომპანიებისთვის მიცემული პირობების შესრულებას“.

ამ თვალსაზრისით, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს კანონის უზენაესობა იმისათვის, რომ დაცული იყოს საკონტრაქტო ვალდებულებები და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. 

თავის განცხადებაში რეზოლუციის წარდგენის თაობაზე, კონგრესმენმა ტედ პომ საქართველოს „დემოკრატიის და თავისუფლების რეგიონული მოდელი“ და „ამერიკის შეერთებული შტატების ერთგული და მხარდამჭერი მოკავშირე“ უწოდა. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ბოლო წლებში „ამერიკული კომპანიები სულ უფრო მეტ წუხილს გამოთქვავენ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით და ბიუროკრატიულ სირთულეებსა და სავარაუდო კორუფციაზე მიუთითებენ“. 

კონგრესმენმა პომ განაცხადა, რომ „მეტი მუშაობაა საჭირო, რათა საქართველომ თავისი დემოკრატიული კურსიდან არ გადაუხვიოს“ და დასძინა, რომ იმ ფონზე, როდესაც წარდგენილი რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსთან ძლიერ კავშირებს, ის ასევე მოუწოდებს „ქვეყანაში მოქმედი ამერიკული კომპანიებისთვის თანაბარი პირობების შექმნისკენ“.

კონგრესმენმა გრინმა განაცხადა, რომ „საქართველომ ბოლო წლებში შთამბეჭდავ ზრდას მიაღწია, რაც ნაწილობრივ უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნითაა განპირობებული“, თუმცა „ამერიკული კომპანიებისთვის მიცემული პირობების დარღვევა ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, რისი განვითარებისთვისაც ორივე მხარემ იმუშავა“.

მსგავსი/Related

Back to top button