skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ მერობის ოპოზიციური კანდიდატის საჩივარი დააკმაყოფილა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის მერობის ოპოზიციური კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის, საჩივარი დააკმაყოფილა და გააუქმა საოლქო საარჩევნო კომისიის ორი გადაწყვეტილება, რომლითაც თიანეთის მერის არჩევნების შედეგები მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ იცვლებოდა.

თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ 22 ოქტომბერს, ქართული ოცნების მოთხოვნით, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხელახლა გადაითვალა ბათილად ცნობილი ბიულეტენები, რომელთა შორისაც რამდენიმე ნამდვილი ბიულეტენიც აღმოაჩინა. კომისიამ ახლად აღმოჩენილი ბიულეტენები ქართული ოცნების მერობის კანდიდატს, ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა, რის შედეგადაც ქიტესაშვილმა, 4-ხმიანი უპირატესობით, ხმათა 50.03%-ის მიღება შეძლო. 

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თიანეთის მერის არჩევნების შედეგები კვლავ თამაზ მეჭიაურის სასარგებლოდ შეიცვლება, რომელიც არჩევნებს ერთი ხმის უპირატესობით იგებდა. 

თიანეთის მერის არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. 

საარჩევნო კოდექსის თანახმად, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ერთი დღის ვადაში შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის გამო, თიანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სამართლიანმა არჩევნებმა, გამოთქვა. ორგანიზაციამ სადავო საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის გამართვა მოითხოვა.

მსგავსი/Related

Back to top button