skip to content
ახალი ამბები

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, პარტიის შექმნაზე საუბრობს

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, რომელიც  თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა, 24 ოქტომბერს პრესკონფერეციაზე განაცხადა, რომ საკუთარი პარტიის შექმნას აპირებს.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკურ მომავალზე ვფიქრობ… საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად  – წესიერ, კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ, პროფესიონალებთან ერთად – ვფიქრობ პარტიის შექმნაზე, მაგრამ ეს ცოტა ადრეა“, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ, პარტიის შექმნამდე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია – „ტფილისის ჰამქარი“ იქნება ის „ასპარეზი, რომლის მეშვეობით ჩვენ ქალაქისთვის ბრძოლას განვაგრძობთ“.

„მე ვაპირებ ამ ქალაქისთვის ბრძოლას და მხარდამჭერების რაოდენობის გაზრდას და ამ ქალაქზე, ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანების კიდევ უფრო დამუხტვას და მოტივირებას“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ „ამ ეტაპზე სხვა პარტიებთან არანაირ ურთიერთობას“ არ გეგმავს. მან ასევე ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც უარყო. 

„ქართულ ოცნებაში არანაირ თანამდებობაზე ყოფნას არ ვაპირებ, არც შემოუთავაზებიათ და ნურც შეწუხდებიან, ნუ შემომთავაზებენ. ქართულ ოცნებაში თანამდებობა რომ მდომოდა, აქამდეც ვიქნებოდი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილმა არჩევნების შედეგებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების კიდევ ოთხი წლით მმართველობა „ამ ქალაქისთვის უზარმაზარი პრობლემა იქნება“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში ალეკო ელისაშვილმა ხმების 17.48% მიიღო. მან პირველმა მიულოცა გამარჯვება ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს, რომელმაც ხმათა 51.09% ერგო.

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობამდე, 2014-2017 წლებში ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი იყო. მანამდე კი თბილისზე მზრუნველთა გაერთიანებას – „ტფილისის ჰამქარს“ ხელმძღვანელობდა.

მსგავსი/Related

Back to top button