skip to content
ახალი ამბები

წინასწარი შედეგები: ქართული ოცნება თბილისის საკრებულოში ადგილების ოთხ მეხუთედს იგებს


მანდატების განაწილება თბილისის საკრებულოში (21 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით). ფოტო: Civil.ge

21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, მმართველი პარტია თბილისის 50-წევრიან საკრებულოში ადგილების ოთხ მეხუთედს იგებს.

წინასწარი შედეგების დადასტურების შემთხვევაში, მმართველი პარტია თბილისის საკრებულოში 40 ადგილს დაიკავებს.

ქვეყნის მასშტაბით არსებული საკრებულოები, მათ შორის თბილისის საკრებულოც, შერეული სისტემით აირჩევიან: წევრების ნაწილი მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქებში აირჩევიან, ხოლო მეორე ნაწილი პარტიული სიით შედის საკრებულოში. ამასთან, მაჟორიტარულ არჩევნებზე ბარიერი დადგენილი არ არის და საკრებულოს მანდატს იკავებს ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.

თბილისის 50-წევრიან საკრებულოში, ადგილების ნახევარი პარტიული სიების წარმომადგებლებით ივსება, ხოლო დანარჩენ 25 ადგილს დედაქალაქის 25 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ.   

დედაქალაქის 723 უბნიდან (სულ 737) მიღებული შედეგები ცხადყოფს, რომ ოთხმა პარტიამ გადალახა საკრებულოში პროპორციული სისტემით შესასვლელად საჭირო 4%-იანი ბარიერი. 

ამ შედეგების თანახმად, ქართულ ოცნებას ხმების 53.03% აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ პარტია პროპორციული სისტემით 25 ადგილიდან 15-ს დაიკავებს. ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ხმების 17.65% აქვს, 5 ადგილს მიიღებს საკრებულოში; შემდეგ მოდის ევროპული საქართველო – 3 ადგილით (9.2%) და პატრიოტთა ალიანსი – 2 ადგილი (5.63%).

დედაქალაქში არსებული 25 ერთმანდატიანი ოლქიდან ქართული ოცნება 25-შივე ლიდერობს.

თბილისის საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად სულ ცოტა სამი წევრია საჭირო.   

მსგავსი/Related

Back to top button