ახალი ამბები

ოპოზიციური კანდიდატების რეაგირება ეგზით პოლის შედეგებზე

თბილისის მერობის სამმა ოპოზიციურმა კანდიდატმა კომენტარი გააკეთა   „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზით პოლის შედეგებზე, რომლის თანახმადაც ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს.

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა  დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება და არჩევნების პროცესს „ქართველი ხალხის წინააღმდეგ სპეცოპერაცია უწოდა“.

„ეგზით პოლს თავისი ცდომილებაც გააჩნია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ვერავინ ვერ დამაჯერებს მე, რომ ყოველმა მეორე არჩევნებზე მისულმა თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა“, – განაცხადა უდუმაშვილმა და საარჩევნო კომისიებში ოპოზიციურ წევრებს მოუწოდა, რომ „დავიცვათ ყველამ ჩვენი ხმები, დავიცვათ ჩვენი ხმები ბოლომდე, რათა არ მივცეთ ასე ტოტალური გაყალბების საშუალება ქართულ ოცნებას“.

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც უდუმაშვილთან ერთად მეორე ადგილისთვის იბრძვის, განაცხადა, რომ „ეგზითპოლები ჩვენთან ტრადიციულად ძალიან აცდენილია რეალობას“.

„პრემიერ-მინისტრისგან და სხვა მჩატე პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ოფიციალურ შედეგებს ველოდები. ცესკოს პირველად შედეგებს და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა მან.

ევროპული საქართველოს კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ „სამწუხაროა, რომ ქართული ოცნება მოვიდა ქალაქის მმართველობაში. არა ჩვენთვის პიროვნულად ან პარტიულად, არამედ მთლიანად ქალაქისთვის, იმიტომ, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი“. მისი თქმით, ევროპული საქართველოსთვის, როგორც ახლად შექმნილი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ამდენმა ადამიანმა გამოგვიცხადა ნდობა“.

 

მსგავსი/Related

Back to top button