ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს

საპარლამენტო კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დაასრულეს. შემაჯამებელი განხილვა 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. 

დეპუტატებს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, გააცნო. მისი თქმით, 2018 წლის ბიუჯეტი, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გაზრდილ დაფინანსებას ითვალისწინებს, გათვლილია ეკონომიკურ ზრდაზე.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, შემოსავლები – 10.120 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 9.504 მლრდ ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსავლები 9.489 მლრდ ლარზე და ხარჯები 9.121 მლრდ ლარზეა გათვლილი.

მომავალ წელს მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 9.47 მლრდ ლარის მობილიზებას გეგმავს, რაც 650 მლნ ლარით აღემატება 2017 წელს არსებულ გეგმას. გრანტების სახით მისაღები თანხების მოცულობა 19 მლნ ლარით მცირდება და 265 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო „სხვა შემოსავლები“ უცვლელი რჩება და 385 მლნ ლარით განისაზღვრება.

ბიუჯეტის პროექტით, მთავრობა მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5%-ით ზრდას პროგნოზირებს, ინფლაციის მაჩვენებელი კი 3.5%-ის ფარგლებში განისაზღვრება.

ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, სამინისტროებზე მომავალ წელს თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 111.2 მლნ ლარით და 3 527 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.5%-ს) შეადგენს, საიდანაც 2 463.2 მლნ ლარი – სოციალური დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფას,  982.8 მლნ ლარამდე – ჯანდაცვის პროგრამებს, 25 მლნ ლარი კი – სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციასა და აღჭურვას მოხმარდება.
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 830 მლნ ლარზე მეტი, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 572 მლნ ლარით აღემატება. სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების 70% საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 62.6 მლნ ლარით იზრდება და 1 178.8 მლნ ლარამდე განისაზღვრება. დაფინანსების თითქმის 60% ზოგადი განათლების სისტემას მოხმარდება.
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 266 მლნ ლარი (2017 წელთან შედარებით, 8 მლნ ლარით მეტი), მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტებისათვის გათვალისწინებულია 45 მლნ ლარი.
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 116 მლნ ლარით მცირდება და 253.8 მლნ ლარს შეადგენს;
  • თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 46 მლნ ლარით მცირდება და 702 მლნ ლარით განისაზღვრება;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 605 მლნ ლარი. სამინისტრო წინა წელთან შედარებით 20 მლნ ლარით მეტს მიიღებს, რაც სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვას მოხმარდება;
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტი 5.9 მლნ ლარით იზრდება და 145 მლნ ლარს მიაღწევს;
  • ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება 1.3 მლნ ლარით მცირდება და განისაზღვრება 131 მლნ ლარით (მათ შორის, გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 30 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 114 მლნ ლარი (4 მლნ ლარით მეტი, 2017 წელთან შედარებით);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო თითქმის 17 მლნ ლარით მეტს მიიღებს და მისი ბიუჯეტი 2018 წელს 116.5 მლნ ლარი იქნება (გაზრდილი დაფინანსება ფრანქფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარდგენის ღონისძიების დაფინანსებას მოხმარდება);
  • იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება პრაქტიკულად უცვლელი რჩება და 2018 წელს სამინისტროს 62 მლნ ლარი გამოეყოფა;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 96 მლნ ლარამდე (11 მლნ ლარით მეტი, 2017 წელთან შედარებით);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 28.8 მლნ ლარით მეტი და ბიუჯეტი 165.7 მლნ ლარს შეადგენს;
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 43 მლნ ლარამდე (7 მლნ ლარით მეტი, 2017 წელთან შედარებით);
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება არ იცვლება და 82.3 მლნ ლარს შეადგენს; 
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება უმნიშვნელოდ იზრდება და 2.95 მლნ ლარს შეადგენს;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის 2018 წელს გათვალისწინებულია 1.25 მლნ ლარი (40 ათასი ლარით მეტი, 2017 წელთან შედარებით);
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 5 მლნ ლარით იზრდება და 2018 წლისათვის 123 მლნ ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით უცვლელი რჩება პარლამენტის (52 მლნ ლარი), მთავრობის ადმინისტრაციის (16.5 მლნ ლარი), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის (9.8 მლნ ლარი) და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის (5 მლნ ლარი), ასევე – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (14.5 მლნ ლარი) დაფინანსება. ამასთან, მთავრობის სარეზერვო ფონდი 10 მლნ ლარით იზრდება და 50 მლნ ლარს აღწევს. 

2018 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება 7 მლნ ლარით იზრდება და 67 მლნ ლარს აჭარბებს. აქედან 40 მლნ ლარზე მეტი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებას მოხმარდება. 

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, უმნიშვნელოდ იზრდება სასამართლო სისტემის დაფინანსება: საერთო სასამართლოები მიიღებენ 71.4 მლნ ლარს (2.4 მლნ ლარით მეტს); უზენაესი სასამართლო – 8 მლნ ლარს (300 ათასი ლარით მეტს), ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო  – 4.15 მლნ ლარს (40 ათასი ლარით მეტს).

2018 წელს 700 ათასი ლარით მეტს მიიღებს სახალხო დამცველის აპარატიც და მისი დაფინანსება 5.5 მლნ ლარს მიაღწევს. 

ბიუჯეტის პროექტით თითქმის 5.7 მლნ ლარით იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება და 2018 წლისათვის 52.1 მლნ ლარს შეადგენს. 

საქართველოს საპატრიარქო კი, 2018 წელს კვლავაც 25 მლნ ლარის ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სამხარეო ადმინისტრაციების დაფინანსება  მომავალ წელს პრაქტიკულად უცვლელი დარჩება (6.12 მლნ ლარი), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა თითქმის 45 მლნ ლარით იზრდება და 720 მლნ ლარს შეადგენს. 

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საგარეო ვალების და მათი მომსახურების პროცენტის დაფარვისთვის 1 მილიარდ ლარზე მეტს, ხოლო საშინაო ვალებზე  – 295 მლნ ლარს ითვალისწინებს. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2.5 ნიშნულზეა გაანგარიშებული.

საქართველოს მთავრობამ 2018 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი პარლამენტს 29 სექტემბერს წარუდგინა. პარლამენტის კომიტეტებმა ბიუჯეტის პროექტის განხილვა 9 ოქტომბრიდან დაიწყეს. 12 ოქტომბერს კი პროექტი ფრაქციებმა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო უმცირესობამ განიხილეს. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, სოციალური დახმარებისა და საპენსიო უზრუნველყოფის უცვლელ დონეზე შენარჩუნების გამო, ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკეს. 

საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, პარლამენტმა 23 ოქტომბრამდე მთავრობას ბიუჯეტთან დაკავშირებული შენიშვნები უნდა წარუდგინოს. მთავრობამ კი საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი ხელახალი განხილვისათვის არაუგვიანეს 5 ნოემბრისა უნდა დაუბრუნოს.

მსგავსი/Related

Back to top button