ახალი ამბები

გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სტუმრობს


გერმანიის და საქართველოს თავდაცვის მინისტრები, 5 ოქტომბერი, 2017. ფოტო: mod.gov.ge

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც 5 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, თავის ქართველ კოლეგას, ლევან იზორიას, შეხვდა და თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის, მათ შორის, ავღანეთის მისიაში საქართველოს და გერმანიის შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხები განიხილა.

5 ოქტომბერს ერთობლივ ბრიფინგზე საუბრისას, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქართველოს ბერლინთან „ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამშრომლობა“ აქვს და ხაზი გაუსვა, რომ  „ბოლო 25 წლის განმავლობაში გერმანიამ ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“.

იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა გერმანელ სამხედროებთან ერთად მაზარ-ი-შარიფის ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის შესახებ, რომლის განხორციელებაც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით 2018 წელს დაიწყება.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი ესტუმრა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა, ხოლო მოგვიანებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა

მსგავსი/Related

Back to top button